საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები პროკურატურას მიმართავენ და მოითხოვენ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას იმ პირთა მიმართ, რომლებმაც საყდრისის უძველეს ოქროს საბადოს სტატუსი უკანონოდ მოუხსნეს და ძეგლის დაზიანებას ხელი შეუწყვეს. საქმე ისაა, რომ საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრთა მტკიცებით, თავად „არ-ემ-ჯი გოლდის“ მიერ მოწვეულმა ბულგარელმა და გერმანელმა ექსპერტებმა დადეს დასკვნა და დაადასტურეს საყდრისის ტერიტორიაზე არტეფაქტებისა და პრეისტორიული მაღაროს არსებობა.
როგორც საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი ანა მიქაუტაძე აცხადებს, ოდიშარიამ ძეგლის სტატუსი უნდა აღუდგინოს საყდრისის მაღაროს. მით უმეტეს, ამას ადასტურებენ უცხოელი ექსპეტებიც.
საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე კი მიიჩნევს, რომ საყდრისში ხელოვნური ჩარევის შედეგად მძიმე დანაშაული მოხდა, წაიშალა კულტურული ფენა, რის გამოც საია-მ სარჩელი შეიტანა პროკურატურაში. ამიტომ ახლა აუცილებელია, მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანოს საყდრისის საქმე და დასაჯოს ყველა, ვინც დააზიანა ქართველი ხალხის უძველესი ძეგლი.
გარდა ამისა, საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრთა განცხადებით, აუცილებელია საქმეში ჩაერთოს გერმანიის საელჩოს მიერ შემოთავაზებული ხუთი ნეიტრალური ექსპერტი.
ძეგლთა დაცვის ეროვნული საგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძისთვის გაუგებარია ის მოთხოვნები, რომელსაც საყდრისთან დაკავშირებით საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები გამოთქვამენ.
„ერთ ადგილას ისინი ამბობენ, სტატუსი აღუდგესო საყდრისს, მეორე ადგილზე სხვა ექსპერტების ჩამოყვანას ითხოვენ. თავიდან არ ენდობოდნენ ექსპერტებს და ახლა უცებ რატომღაც ენდობიან. ამიტომ მე ამ საკითხის კომენტირება ცოტა გამიჭირდება“, - განაცხადა ნიკა ანთიძემ და განმარტა, რომ საყდრისთან დაკავშირებით უცხოელი ექსპერტების მიერ დაწერილმა დასკვნებმა საკმაოდ პოზიტიური ძვრები განახორციელა.
For.ge-სთან საუბრისას არქეოლოგი გიორგი მინდიაშვილი აცხადებს, რომ საყდრისის ძეგლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაზიანებულია, თუმცა სამეცნიერო და მსოფლიო მნიშვნელობას ეს არქეოლოგიური ობიექტი მაინც ინარჩუნებს და საყდრისის საბადოს არაფერი მოკლებია იმით, რომ იგი დააზიანეს.
„არაკვალიფიციური კომისიისა და არაკეთილსინდისიერი მეცნიერების ნაწილი ამ ძეგლის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ და სპეკულირებდნენ, თითქოს საყდრისის საბადოზე 3 ათასი კაცი უნდა დასაქმებულიყო. ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა დადგეს სასამართლოს წინაშე, ასევე, პროკურატურამაც უნდა გამოიძიოს, რა დარღვევებით მოხდა ძეგლის სტატუსის გაუქმება. კომისიის 11 წევრთან ერთად, ვახტანგ ლიჩელმა და დავით ლომიტაშვილმა მოაწერეს ხელი ამ უკანონო დოკუმენტს. ამის მიზეზი ის იყო, რომ „არ-ემ-ჯი გოლდს“ გავლენა ჰქონდა ამ ადამიანებზე, დაკვეთა ჰქონდა მიცემული, ფულს უხდიდა, მათი კონტრაქტორი იყო ვახტანგ ლიჩელი და შემდგომში უკვე კონსტანტინე ფიცხელაური, რომელმაც მათი დაკვეთით თითქოსდა, გათხრები ჩაატარა და საყდრისში ვერაფერი „აღმოაჩინა“. ამჯერად ამ ორი უცხოელი მეცნიერის დასკვნა არ მინახავს, თუმცა არ ვიცი, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია რამდენად სანდოა და მით უმეტეს, არ ვიცი, რას ნიშნავს ნიკოლოზ ანთიძის მიერ გაკეთებული კომენტარი, რადგან ცალსდახად ისინი მხარს უჭერდნენ „არ-ემ-ჯი გოლდს“, - აღნიშნა გიორგი მინდიაშვილმა.
ჩვენ დავუკავშირდით საყდრისის საბადოს ერთ-ერთ აღმომჩენს, არქეოლოგს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს ირინე ღამბაშიძეს, რომელიც თავის დროზე აცხადებდა, რომ საქართველოში ოქროს მოპოვება ეგვიპტეზე ადრე დაიწყეს.
მან აღნიშნა, რომ ბულგარელი და გერმანელი მეცნიერების ახლანდელი დასკვნა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი პროფესიონალები არიან და ზუსტად სამთო ოქროს წარმოებაზე მუშაობენ. ირინე ღამბაშიძის თქმით, ბულგარეთშიც ანალოგიური პრობლემა იყო და იქაც გადარჩა ძეგლი.
რაც შეეხება ქართველ მეცნიერებს, რომლებმაც საყდრისის შესახებ მცდარი დასკვნა დადეს, ირინე ღამბაშიძე აცხადებს, რომ ისინი „არ-ემ-ჯი გოლდის“ კონტრაქტორები არიან და სწორედ ეს კომპანია უხდიდა მათ ფულს. სინამდვილეში, დავით ლომიტაშვილსა და ვახტანგ ლიჩელს სულაც არ ევალებოდათ ამ ძეგლის შეფასება, რადგან ისინი ამ პერიოდის მკვლევარი არქეოლოგები არ არიან.
„ეს არის უძველესი ძეგლი. უცხოელი მეცნიერების დასკვნის შემდეგ გადარჩება თუ არა საყდრისის ძეგლი, ეს უკვე სახელმწიფოს გადასაწყვეტია. მთავარია უცხოელების დასკვნა, სადაც წერია, რომ საყდრისის საბადოს თავიდან უნდა მიენიჭოს ძეგლის სტატუსი. სამწუხაროდ, ეროვნული სააგენტო რატომღაც იძახდა, საყდრისი ძეგლი არ არისო. ამ საბადოსთან დაკავშირებით იმდენი ტყუილი თქვეს, რომ თვითონვე გაიხლართნენ ამ ტყუილებში. იმ 11-კაციანმა კომისიამ დაგვადანაშაულა, თქვენ დაინტერესებული პირები ხართო. არადა, რატომ ვიყავით დაინტერესებულნი, როგორ, პირადად ჩვენი კუთვნილი ძეგლია საყდრისი? რას ნიშნავს დაინტერესება? უსაფუძვლოდ მოუხსნეს ამ კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლს სტატუსი. ამ პროცესში მონაწილეობდნენ ლომიტაშილი, ქუცნაშვილი, სანდრო თვალჭრელიძე. ამ ადამიანებმა შეცდომაში შეიყვანეს მთავრობა, მცდარი დასკვნა მიაწოდეს, თორემ რა იცოდა პრემიერმა, ძეგლია თუ არა საყდრისი?!“ - გვითხრა ირინე ღამბაშიძემ.
ჩვენ ვესაუბრეთ კონსტანტინე ფიცხელაურს, რომელსაც საყდრისის გადარჩენის წევრები ადანაშულებენ, რომ მან 11-კაციან კომისიასთან ერთად საყდრისის საწინააღმდეგო დასკვნა გასცა. კონსტანტინე ფიცხელაურმა გვითხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებდა, რადგან საავადმყოფოში იმყოფებოდა.
For.ge არქეოლოგ ვახტანგ ლიჩელსაც დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ საყდრისის თემას დიდი ხანია, აღარ იცნობდა და არ იყო საქმის კურსში, თუ რა ხდებოდა ამ ობიექტის გარშემო. თუმცა განმარტა, რომ პირადად მას საყდრისთან დაკავშირებით არ გაუცია დასკვნა, თითქოს საყდრისი ძეგლი არ იყო.
„როგორ გეკადრებათ, კულტურის სამინისტროში დევს ჩემი განმარტებითი ბარათი, სადაც წერია, რომ საყდრისი არის არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც აუცილებლად უნდა შეისწავლონ. ამ საკითხთან დაკავშირებით მე არასდროს შემიცვლია ჩემი აზრი. თუმცა არასწორი ინფორმაცია იყო ჩემს შესახებ გავრცელებული. ამიტომ ჩემს მიერ გაცემული დოკუმენტი უნდა ამოიღონ და დარწმუნდნენ ჩემს სიმართლეში“, - აღნიშნა ვახტანგ ლიჩელმა .
ამ განმარტების შემდეგ ჩვენ დავინტერესდით, ეწინააღმდეგებოდა თუ არა ვახტანგ ლიჩელი „არ-ემ-ჯი გოლდის“ მიერ უკანონოდ ჩატარებულ სამუშაოებს, თუმცა მეცნიერმა დაკონკრეტება არ ისურვა და განმარტა, „მე რაც გითხარით, ეს არის დოკუმენტი. ბოდიშს გიხდით, არ ვარ ჩართული ამ მოვლენებში და არ ვიცი, რა და როგორ ვითარდება“.