სანამ საქართველოში ვინმე რაიმეს აწარმოებდეს, მანამდე ახალ სამთავრობო პროგრამასთან დაკავშირებით, კამათი და მსჯელობა არ შენელდება. ურთიერთსაპირისპირო აზრების ფრქვევა არც მერე შეწყდება, მაგრამ ამჯერად ყველა პირველი ტალღის ეფექტის ქვეშაა.
ახალი პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ - მონაწილე მეწარმეებს, რომლებსაც სურთ შექმნან ახალი საწარმოები, 2 მილიონ დოლარამდე სესხის მიღების საშუალება ექნებათ. ბიზნესსესხის დამტკიცების დროს პრიორიტეტი მიენიჭემა მას, ვინც ერთსა და იმავე პროექტზე პირველი წარადგენს განაცხადს და შესაბამის გეგმას. მეწარმეებს სახელმწიფო სხვადასხვა კუთხით დახმარებას გაუწევს, როგორც ფინანსურს, ისე კონსულტაციების მხრივ.
ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით კი მეწარმეს შეეძლება, ახალი საწარმოსთვის წლიური ერთიდან სამ პროცენტამდე სესხი აიღოს. რაც შეეხება უძრავი ქონების კუთხით მხარდაჭერას, მინისტრის განმარტებით, გამზადებულია დაახლოებით ასამდე უძრავი ქონება თბილისსა და რეგიონებში, რომელიც სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემა იმ მეწარმეებს, რომლებიც ახალ საწარმოს შექმნიან როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
სხვათა შორის, სესხებისა და ქონების გადაცემის საკითხი არის ის, რომელიც ექსპერტებში ყველაზე მეტ გაუგებრობას იწვევს. მათი აზრით, პროექტი დეტალურადაა განსახილველი, რათა კორუფციული რისკი გამოირიცხოს.
ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ პროგრამა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ბიზნესს. „აღნიშნული პროგრამა შეიცავს ბევრ სადავო საკითხს. პირველ რიგში, საეჭვოა ანტიმონოპოლიური თვალსაზრისით, როცა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ბიზნესს, შეიცავს კორუფციულ რისკსაც.
მაგალითად, ვის აჩუქებენ უფასოდ უძრავ ქონებას, შენობებს, მიწებს? სწორედ ასეთ საქციელს უწუნებდნენ წინა ხელისუფლებას, როცა აჭარაში და სხვაგანაც ერთ ლარად იქნა გადაცემული მიწები და სისხლის სამართლის საქმეებიც კი არის აღძრული. ხომ არ მიიღებს ასეთი გადაცემა ქონების „შერჩევით“ ხასიათს? მაგალითად, უამრავმა ადამიანმა კომერციულ საწყისებზე შექმნა თხილის მოშენება - გადამუშავების ბიზნესი. ახლა კი ვიღაც მიიღებს უპროცენტო კრედიტს და მიწას უფასოდ. ეს უსამართლობა კონკურენციისა და მორალური თვალსაზრისითაც.
მთლიანობაში, არა მარტო ეს, არამედ იაფ კრედიტებზე დამყარებული ეს პროგრამები გაუმართავია. არა და მთლიანობაში ბიუჯეტიდან გასაცემი თანხები 300 მილიონს აღწევს“, - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას გოცირიძე და აღნიშნავს, რომ აუცილებელია, მიუკერძოებელი კომისიის არსებობა, რომ სამართლიანად მოხდეს თუნდაც იგივე უძრავი ქონების გადაცემა და რომ შერჩევა არ იყოს ნაცნობობითი, პარტიული ან სხვა ნიშნით.
ექსპეტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყველა რესურსი ჯანსაღი საბაზრო კონკურენციით უნდა იყოს განაწილებული და არა ჩინოვნიკის მიერ.
„მერე იწყება ძიება, რატომ არ გაამართლა, ვის რატომ ერგო ესა თუ ის სიკეთე, მერე დევნა, დაჭერები და პოლიტიკური ინტერპრეტაცია ბიზნესინიციატივების. ასე ხდება ყოველთვის, როცა სხვისი, არავისი, ანუ სახელმწიფო ქონებით და სახსრებით ხდება მანიპულირება“, - აცხადებს გოცირიძე.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ გვასალია კი, პირიქით, სწორედ რისკებს გამორიცხავს. მისი აზრით, პროექტში ბანკების ჩართვა განპირობებულია საკრედიტო რისკების მინიმალიზაციით.
როგორც გვასალია აცხადებს, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეწარმეებს ჰქონდეთ ხელშეწყობა და 4 წლის განმავლობაში შეღავათიანი კრედიტით ისარგებლონ, მიზანი კი ის არის, რომ საბოლოოდ, როცა სახელმწიფო გავა პროექტიდან, ქვეყანამ ახალი მოქმედი საწარმოები მიიღოს.
„2 წლის თავზე ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს სიცოცხლიუნარიანი ახალი საწარმო, რომელიც მეწარმეს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა საკუთრებაში და მას ექნება საშუალება, ეს ქონება უზრუნველყოფის სახით ბანკში ჩადოს“, – ამბობს გვასალია.
ბიზნესსესხის დამტკიცების დროს პრიორიტეტი მიენიჭემა მას, ვინც ერთსა და იმავე პროექტზე პირველი წარადგენს განაცხადს და შესაბამის გეგმას.