ქურდების „საყვარელი პროდუქტი“ ყველი ყოფილა

ქურდების „საყვარელი პროდუქტი“ ყველი ყოფილა

მაღაზიების ქურდების საყვარელ პროდუქტს ყველი წარმოადგენს. იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე ხშირად მაღაზიებიდან თანხის გადაუხდელად სწორედ რძის ეს ნაწარმი გააქვთ, მივიდნენ საცალო ვაჭრობის ბრიტანეთის ცენტრის სპეციალისტები, რომელთაც თითქმის ორი ათასი სავაჭრო ქსელის მუშაობის ანალიზი გააკეთეს მსოფლიოს 43 ქვეყანაში.

გამოკვლევებით მიღებული მონაცემების თანახმად, დახლებზე მოხვედრილი მთელი ყველის სამ პროცენტს იპარავენ. კვლევითი ცენტრის დირექტორმა ჯოშუა ბემფილდმა განაცხადა, რომ ყველის მიმართ ქურდების ასეთი გაზრდილი ინტერესი განპირობებულია ამ პროდუქტზე ფასების ზრდით.

ბემფილდის თქმით, ყველის ქურდობა უფრო მეტად არა სპონტანურად ხდება და წინასწარაა დაგეგმილი. როგორც წესი, მოპარულ ყველს სხვა სავაჭრო ცენტრებს ან რესტორნებს აბარებენ.

ყველის გარდა იმ პროდუქტების სიაში, რომელთა მოპარვის რისკი მაღალია, ასევე შევიდა ხორცი, შოკოლადი, ალკოჰოლური სასმელები, ზღვის პროდუქტები და ბავშვის კვება.

ყველის ქურდობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი რამდენიმე თვის წინ აშშ-ში მოხდა. მაშინ ორმა ქალბატონმა ორეგონის შტატის ერთ-ერთი მაღაზიიდან 570 დოლარის "გაუდა" და ცისფერი ყველი მოიპარეს.