ნაცმოძრაობის მიერ გატყავებულ-დაყაჩაღებულ ბიზნესმენთა გაერთიანება „დააბრუნე“-ს ლიდერს, მამია სანადირაძეს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა „კავკასუს ონლაინი“ წაართვა, როგორც გაირკვა, თურმე, ფარულად უსმენენ! ბიზნესმენი, რომელიც სამართლიანობის აღდგენის დროშით მოსული ხელისუფლების პირობებში წართმეულ ქონებას ვერ იბრუნებს, „ასავალ-დასავალთან“ საუბარში აცხადებს რომ საქართველოს მოსახლეობას უახლოეს მომავალში სიურპრიზს უმზადებს!
-ბატონო მამია, მე ვარ „კავკასუს ონლაინის“ მომხმარებელი და მაინტერესებს, ყოველთვიურად ჩემს მიერ ინტერნეტმომსახურებისთვის გადახდილი ფული ვის ჯიბეში მიდის მაშინ, როცა კომპანია წართმეულია და თქვენი აღარ არის?
-პირდაპირ ვაცხადებ, რომ თქვენს მიერ გადახდილი ფული მიდის მიხეილ სააკაშვილის ჯიბეში, რადგან „კავკასუს ონლაინი“ თავისი ხელისბიჭების - ლევან ყარამანაშვილის, „ზარალას“, ხვიჩა მაქაცარიასა და შარანგიების მეშვეობით 2010 წლის გაზაფხულზე საბოლოოდ წამართვა მიხეილ სააკაშვილმა! არადა, მთელმა საქართველომ იცის, რომ „კავკასუს ონლაინი“ შვილივით გამოვზარდე, მე შევქმენი, 1200 კილომეტრის სიგრძეზე შავი ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გავიყვანე და საქართველოში ევროპული ინტერნეტი შემოვიყვანე. სომხეთში კაბელი ვიყიდეთ ირანის საზღვრამდე, მოკლედ, მთელ ამიერკავკასიას რუსეთისა და თურქეთისგან დამოუკიდებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა შევუქმენით. რომ შეხედა ამ ბანდიტმა სააკაშვილმა ჩემს წარმატებულ პროექტს და იყნოსა, რო ამ საქმეში აბსოლუტურად კანონიერად დიდი ფულის შოვნა შეიძლებოდა, მომიგზავნა თავისი ხალხი!
-მაინც ვინ მოგიგზავნათ?
-2009 წლის გაზაფხულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიყურადების დეპარტამენტის უფროსმა, ბორია მიტიჩაშვილმა მომთხოვა, რომ მთელი ჩვენი ქსელი და აბონენტები შსს-ს მოსმენაზე და მიყურადებაზე ჩაერთო. ინტერნეტს სპეციალურად გათიშავდნენ, მერე ჩვენი კომპანიის ფორმებში გადაცმული ვანო მერაბიშვილის ხელქვეითები მათთვის საინტერესო ოჯახებში შევიდოდნენ, ვითომდა ინტერნეტის გასამართავად, და დააყენებდნენ ფარულ კამერებს საძინებელ ოთახებში და რა ვიცი, ყველგან... ეგენი ხომ მანიაკები იყვნენ.
-ეს ბორია მიტიჩაშვილი დღეს სად არის?
-ბორია ისევ იქ არის და ისევ აყურადებს! ეს უკვე არის მარაზმი და საშინელება... ბორიას, რა თქმა უნდა, იმ ბინძურ წინადადებაზე უარი ვუთხარი. მაშინ მომიგზავნეს ვანო მერაბიშვილის კომპანიის „დელტაკომის“ წარმომადგენელი დათო ხუბულური, რომელმაც მითხრა - შენ, ბიჭო, ძალიან „აპასნი“ თამაშს თამაშობ, შსს-ს როგორ არ აძლევ მოსმენის უფლებას, ვანოს უნდა ეს კომპანია, მოგვეცი და ფულზე პრობლემა არ გვექნებაო! როგორც ნიჭიერი ბავშვი ან დააქცევს ან ააშენებს ოჯახს, ისე იქნება შენი საქმეცო!.. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, რადგან უკვე ძალიან დიდ შემოსავლებს ველოდებოდი და კომპანიის გაყიდვას არ ვაპირებდი. შავი ზღვის ფსკერზე, 2 კილომეტრის სიღრმეში, 1200 კილომეტრის მანძილზე, კაბელები იმისთვის ჩავმარხე, რომ „კავკასუს ონლაინი“ ვანო მერაბიშვილისთვის მიმეცა? კომპანია რომ არ დავთმე და არ გავყიდე, გაგიჟდნენ და 2009 წლის აგვისტოში უკვე დაიწყეს „კავკასუს ონლაინის“ კაბელების ჩაჭრა. ამ ბინძურ საქმეში მონაწილეობდა მერიის ზედამხედველობის სამსახური, „ზარალას“ კრიმინალური დაჯგუფების წევრები და ა.შ. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის ბიჭებმა რამდენჯერაც დაიჭირეს კაბელის ჩამჭრელები, ყოველთვის პირობით გათავისუფლებული კრიმინალები შეგვრჩა ხელში. ბოლოს და ბოლოს, მომადგნენ მიშას ჯიბის ბიზნესმენები - ლევან ყარამანაშვილი - „რუსთავი 2“-ის ოფიციალური მეპატრონე, ხვიჩა მაქაცარია და შარანგიების „GMS” ჯგუფის წარმომადგენელი. სწორედ მაგათ გამომძალეს ეს ფირმა, მაგათ შემომისიეს საგადასახადო და იძულებული გამხადეს „კავკასუს ონლაინი“ დამეთმო!
-ბატონო მამია, მაინც როგორ დაგათმობინეს, რა გითხრეს ასეთი?
-იყო გინება, იყო გარჩევები... ბოლოს მითხრეს - შენ ინტერნეტს იაფად ყიდდი და ძვირად რომ გაგეყიდა, სახელმწიფო 11 მილიონი ლარით მეტს მიიღებდა დღგ-ს სახით და ამიტომ ეს 11 მილიონი ახლავე გადაიხადე! 11 მილიონი არ მქონდა და ვუთხარი - არ მაქვს და არ გადავიხდი-მეთქი! - თუ არ გადაიხდი, 45 დღეში წახვალ ციხეში და იქ ამტკიცე, რომ ინტერნეტს იაფად არ ყიდდიო! მივხვდი, რომ ეს იყო ჩიხი. ლევან ყარამანაშვილმა და ხვიჩა მაქაცარიამ, რომელიც დღეს კახი კალაძის ბიზნესპარტნიორია შარანგიებთან ერთად, პირდაპირ გამომიცხადეს - თუ კომპანიის საკონტროლო პაკეტს მოგვცემ, ეს ჯარიმები შეწყდებაო!
-სად იმართებოდა ეს შეხვედრები?
-ეს შეხვედრები იმართებოდა ჩვენს ოფისში, ვაჟა-ფშაველას №71-ში და ამ საუბრებს ესწრებოდა ძალიან ბევრი ადამიანი. სიკვდილითაც მემუქრებოდნენ... 2010 წლის მარტში კომპანია გავასხვისე, მაიძულეს გამესხვისებინა. ამის შესახებ პროკურატურას ჩვენებაც მივეცი, ჩანაწერებიც მივუტანე, სადც მემუქრებიან, მაგრამ არავითარი ყურადღება, არავითარი გამოძიება!
-თქვენი სატელეფონო საუბარი მოგვასმენინეს დეპუტატ გელა სამხარაულთან...
-გელა სამხარაული არის ჩემი მეჯვარის ძმა. პარლამენტში ხიდაშელის ინიციატივით კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომისიის სხდომა იმართებოდა და გელას ვთხოვე, ზუსტად გაერკვია, თუ როდის იმართებოდა სხდომა, რათა ჩავსულიყავი და ჩვენება მიმეცა. აი, ეს საუბარი ჩაიწერეს.
-ბატონო მამია, ვინ მოგისმინათ, ნაციონალებმა თუ ხელისუფლებამ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ესენი ერთმანეთს აბრალებენ ამ მოსმენებს...
-ვანო მერაბიშვილის „დელტაკომმა“ შსს-ს მოდულის შენობაში დააინსტალირა ყველა ის სერვერი, რომელიც ყველა ოპერატორისგან იწერს ყველა ინფორმაციას. ვანო მერაბიშვილს ჰყავდა ზურა კოტარია და მისი ტექნიკური ჯგუფი, რომელიც თვალთვალისა და კავშირგაბმულობის დეპარტამენტის უფროსი იყო შსს-ში. თუ მაგრები არიან, უთვალთვალონ და მოიძიონ ზურა კოტარია. ზურა კოტარია და მისი ტექნიკური ჯგუფი დღესაც ვანო მერაბიშვილის დაქვემდებარებაში არიან და თუ ამის გამოვლენა ხელისუფლებას არ შეუძლია, დაიხურონ ქუდი და საერთოდ წავიდნენ!
-თქვენ არ გამორიცხავთ, რომ შეიძლება, 2013 წელსაც ყოფილი ხელისუფლება გისმენდათ?
- არა, არ გამოვრიცხავ! ჩემი მოსმენა ყველაზე მეტად აინტერესებს სწორედ სააკაშვილის ბიზნესჯგუფს - ხვიჩა მაქაცარიას და ლევან ყარამანაშვილს! მათ იციან, რომ მათ წინააღმდეგ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და აინტერესებთ, მე რას ვმოქმედებ.
-ბატონო მამია, რას აპირებთ?
-ჯერ ვაპირებ იმის გარკვევას, სასამართლოს თუ ჰქონდა გაცემული თანხმობა ჩემს ფარულ მოსმენაზე. იქნებ კანონიერად მისმენდნენ და უნდა გავარკვიო ეს ამბავი. დაახლოებით ერთ კვირაში დავიწყებ აქტიურ კამპანიას და მთელი საქართველოს მასშტაბით ყველას შეეძლება, ტელეფონსა და კომპიუტერში გადმოიწეროს და დააინსტალიროს პროგრამა, რომელიც გიცავს და ვერავინ მოგისმენს! დამტავრდა,საქართველოში მალე ვეღარავის მოუსმენენ!
-ეს პროგრამა ფასიანი იქნება?
-საბაზისო, სტანდარტული პაკეტი უფასო იქნება, მაგრამ სრული პაკეტის დაყენების შემთხვევაში, ვნახოთ!..