დაწყებით კლასებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა

დაწყებით კლასებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა

საქართველოს მასშტაბით, 26 მაისის ჩათვლით, დაწყებით კლასებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა. მიზეზი კი ენტეროვირუსული მენინგიტით დაავადების შემთხვევებია, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ტიპის დაავადების გამომწვევს არ სჭირდება რაიმე სპეციალური სახის დეზინფექცია და არ სჭირდება მკაცრი კარანტინის შემოღება, თუმცა, მიმდინარე სიტუაციის ანალიზით და სამი მთავარი ფაქტორის გათვალისწინებით, ჯადაცვის სამინისტრომ რეკომედაცია შეიმუშავა. ეს სამი ფაქტორია - ზრდის რაოდენობის დინამიკა, დაავადების ასიმპტომური მიმდინარეობა და პატარა ბავშვის განუვითარებელი უნარ-ჩვევები პირადი ჰიგიენის დაცვის კუთხით.

„ჯანდაცვის სამინისტრო კონსულტაციების შედეგად გამოდის რეკომედაციით, რომ ხვალიდან 26 მაისის ჩათვლით საწყის კლასებში, მეექვსე კლასის ჩათვლით და საბავშო ბაღებში შეწყდეს სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესები. ეს დღეები გამოყენებული იქნება ამ დაწესებულებებში გაძლიერებული სანიტარული დამუშავებისთვის. ჯგუფები გააგრძელებენ ადგილებზე მდგომარეობის შესწავლას“, - აღნიშნა დავით სერიენკომ.

26 მაისს ჯანდაცვის სამინისტროში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და არსებული მდგომარეობა შეფასდება. ამის შემდეგ გადაწყდება განახლდება სრულად საწავლო პროცესი თუ გაგრძელდება წყვეტა. თუ პროცესის წყვეტა გაგრძელდება, განათლების სამინისტრო იზრუნებს, რომ ეს დღეები შემდგომ დაკომპენსირდეს. 

21 მაისის დილის მონაცემებით, ვირუსული მენინგიტის 142 შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა შემთხვევა საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის არის. 87 პაციენტი მკურნალობის კურსს იაშვილის კლინიკაში გადის, 15 შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისში, 4 ბათუმში და 2 სამტრედიაში. რაც შეეხება ასაკობრივ განაწილებას, ვირუსული მენინგიტის გამოვლენა დაუდგინდა მინიმალური ასაკის მქონე ორი წლის, ხოლო მაქსიმალური ასაკის მქონე 34 წლის პაციენტს. 

რაც შეეხება სამკურნალო პრეპარატების საკითხს, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამ დაავადებას სპეციფიური ანტივირუსული სამკურნალო პრეპარატი არ აქვს. მკურნალობა ისეთი სიმპტომების მართვაში გამოიხატება, როგორიც არის თავის ტკივილი, გაუწყლოება და ტემპერატურის მართვა. ამ მხრივ, სამკურნალო პრეპარატებში არანაირი შეზღუდვა და საფრთხეები არ არსებობს. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ამ ტიპის დაავადებას, სპეციფიკური ვაქცინა არ აქვს, მასობრივი დეზინფექცია არ აჩერებს და ერთადერთი ეფექტური საშუალება პირადი ჰიგიენის წესების დაცვაა. რაც შეეხება მკურნალობის ტაქტიკას, მინისტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საავადმყოფოებში განსაკუთრებული ავარიული მდგომარეობა არ არის. 
სამინისტროს განსაკუთრებულ შემთხვევებში აქვს შვიდი ძირითადი სამოქმედო ბრძანება და სარეზერვო ვარიანტები.

ვირუსული მენინგიტის შემთხვევები თბილისის 12 საბავშვო ბაგა-ბაღში დადასტურდა, ესენია: 46-ე,119-ე, 54-ე, მე-40-ე, მე-2, 24-ე, 117-ე, 97-ე, 1-ლი, 210-ე, 192-ე და მე-3 ბაღში. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა რამაზ სულამანიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ მენინგიტის გამოვლენის შემთხვევისთანავე, საბავშვო ბაღში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების კურატორობის ქვეშ დეზინფექცია ხორციელდება და დაწესებულება მუშაობას ერთი დღით წყვეტს. მისივე ინფორმაციით, დეზინფექციის შემდეგ საბავშვო ბაღი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. მისივე ინფორმაციით, 46-ე საბავშო ბაღში ექვსი ბავშვი დაინფიცირდა, სადაც სასწავლო პროცესი ორი დღით შეჩერდება.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჩვეულებრივ წელიწადში აღნიშნული დაავადების 150 შემთხვევა ფიქსირდება. მისივე თქმით, ამ ტიპის მენინგიტი, როგორც წესი, მიმდინარეობს, საშუალო და მსუბუქი ფორმით და ახასიათებს ოთხწლიანი ციკლურობა, მწვავდება ყოველ 4 წელიწადში, ასეთი შემთხვევა იყო 2006 და 2010 წლებში. მინისტრის თქმით, სავარაუდოდ, იგივე სურათთან გვაქვს საქმე.

ვირუსული მენინგიტის შემთხვევებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო სკოლებს მითითებებს აძლევს, იმ სკოლებმა, სადაც მოსწავლის ვირუსული მენინგიტით დაავადება დაფიქსირდა, დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ სკოლის რიგგარეშე დეზინფექცია. სამინისტრო მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს მიმართავს და სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაფიქსირდა ვირუსული მენინგიტის არაერთი შემთხვევა. მოზარდების, მასწავლებლებისა და მშობლების ინფორმირებულობის, უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ მკაცრად დაიცვათ სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები.

სკოლები ვალდებულნი არიან განახორციელონ შემდეგი პრევენციული ღონისძიებები. იმ სკოლებმა, სადაც დაფიქსირდა მოსწავლის დაავადება ვირუსული მენინგიტით, დაუყოვნებლივ მოახდინონ სკოლის რიგგარეშე დეზინფექცია. მშობლებმა უზრუნველყონ შვილების მიერ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი ოჯახის პირობებში“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ლაბორატორიულად დადასტურდა ენტეროვირუსი, თუმცა რომელი სახეობის, ამაზე კვლევა მიმდინარეობს. „საბედინიეროდ ეს მენინგიტები მძიმე მიმდინარეობით არ გამოირჩევა, წითელას მინიგიტისგან განსხვავებით, რომელიც ძალიან მძიმე დაავადებაა. ეს მინინგიტი არაა ასეთი მძიმე დაავადება. დაავადების მახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება ან პირღებინება და ამ დროს პაციენტმა აუცლებლად უნდა მიმართოს ექიმს. მკურნალობა არის სიმპტომური, შეიძლება გადასხმა დასჭირდეს იმისათვის, რომ მოხდეს ორგანიზმის დეზინტოკსიკაცია.

გამოვლენილი არცერთი შემთხვევა არ ყოფილმა მძიმე. იყო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა. ნორმალური იმუნიტეტის შემთხვევაში, ენტეოვირუსულ მენინიგიტებს ფატალუტი შედეგი არ ახასიათებს. შეიძლება სიტუაცა გართულდეს იმუნოდეფიციტიან ადამიანებში“, - აცხადებს პაატა იმნაძე.