„საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ფინანსურად მეტი მხარდაჭერა სჭირდება“

„საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ფინანსურად მეტი მხარდაჭერა სჭირდება“

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ქვედა ზღვარი კანონით იქნება დადგენილი. ამას „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ სრულიად ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც განსახილველად პარლამენტში უკვე შესულია. პროექტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს ყოველწლიური ბიუჯეტი შესაბამისი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტზე ნაკლები არ უნდა იყოს. 

აღნიშნული კანონპროექტით თავდაცვის სფეროში სხვადასხვა საკითხებთან ერთად, რეგულირდება პარლამენტის, პრეზიდენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებები. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ქვედა ზღვარს, რომელიც კანონით იქნება დადგენილი, თავდაცვის მინისტრი აფასებს. ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი ოკუპირებულია მტრის შეიარაღებული ძალების მიერ და, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ჩვენ გვქონდეს თავდაცვის გაზრდილი ბიუჯეტი და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ეკონომიკით შესაძლებელი იქნება, თავდაცვის ბიუჯეტი გაიზარდოს. 

„დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ეკონომიკა მოგვცემს საშუალებას, მშპ-ს 2 პროცენტი და 2 პროცენტზე ზევით გვქონდეს ჩვენი თავდაცვისთვის გამოყოფილი სახსრები. საქართვეელო არის განსხვავებულ პოზიციაზე ნებისმიერი სხვა ქვეყნისგან - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი არის ოკუპირებული მტრის შეიარაღებული ძალების მიერ.

აქედან გამომდინარე, აბსოლიტურად ლოგიკურია, რომ ჩვენ გვქონდეს გაზრდილი თავდაცვის ბიუჯეტი, ასევე ეს არის სტანდარტი, რომელიც ჩვენს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს მიერ გაკეთებული“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ალასანიამ.

გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის დირექტორი თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ საქართველო სერიოზული საფრთხეების წინაშე დგას და აქედან გამომდინარე თავდაცვის სისტემების გაძლიერებაზე ზრუნვა ერთ-ერთი ნომერ პირველი ამოცანაა ქვეყნისათვის.

„შარშან იყო საკამოდ ცუდი პრეცედენტი იმისა, როდესაც თავდაცვის ბიუჯეტი შემცირდა. როდესაც ვლაპარაკობთ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაზე, პროფესიონალიზმის განვითარებასა და ლოჯისტიკის სისტემის აწყობაზე, იქ არის ძალიან კონკრეტული ამოცანები და არანიარად ბიუჯეტის პარამეტრები არ არის გაბერილი. ვფიქრობ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ფინანსურად მეტი მხარდაჭერა სჭირდება და ძალიან კარგი იქნება თუ ამას კანონმდებლები გაითვალისწინებენ“, - აცხადებს „გეოპოლიტიკური კვვლევის ცენტრის“ დირექტორი თენგიზ ფხალაძე.

რაც შეეხება პროექტს, რომლის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს ყოველწლიური ბიუჯეტი შესაბამისი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტზე ნაკლები არ უნდა იყოს, ფხალაძე აცხადებს, რომ ქვეყანა რომელიც ისწარფვის ნატოსკენ, 2 პროცენტს უნდა მიეჩვიოს.

„იმიტომ, რომ ეს არის ნატოს სტანდარტი. ნატოს სტანდარტების შესაბამისად პარამეტრები სწორედ ასე განისაზღვრება. ის პარამეტრეები რითაც დგება ბიუჯეტი სრულ თავსებადობაშია იმასთან, რა მოთხოვნებიც აქვს ალიანსს ჩვენს მიმართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს ამ საკითხში თავდაცვის სამინისტროს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, ახალი კანონპროექტის თანახმად ერთიანდება თავდაცვის შესახებ კანონი და თავდაცვის დაგეგმვის შესახებ კანონი. მისი თქმით, აუცლებელია, რომ მინიმალური ზღვარი თავდაცვის ბიუჯეტის კანონით იყოს განსაზღვრული.

„მივესალმები იმას, რომ თავდაცვის ბიუჯეტი იყოს შესაბამისი იმ საქმიანობის, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს და მინიმალური სტანდარტი უნდა იყოს დაჭერილი, სწორედ ამას ემსახურება ის ჩანაწერი, რომელიც არის ახალ კანონპროექტში. რა მდგომარეობაც არ უნდა იყოს ეკონომიკურად ქვეყანაში და რა შემოსავალიც არ უნდა ჰქონდეს, მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტზე ნაკლები არ უნდა იყოს თავდაცვის ბიუჯეტი, რათა ქვეყანამ განახორციელოს ის პრიორიტებები რომელიც არის დაგეგმილი, რათა მოხდეს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და რაც მთავარია, მოხდეს შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატოსთან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თეონა აქუბარდიამ.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 2 პროცენტის თავდაცვის ხარჯებზე გაღება ნატოს არაოფიციალური სტანდარია.

„მართალია, ყველა მისი წევრი არ მისდევს ამ სტანდარტს, მაგრამ იგი მიღებულია როგორც არაოფიციალური სტანდარტი. ჩვენი ქვეყანა რომელიც თავდაცვის რეფორმირების და ტრასფორმაციის პროცესში იმყოფებოდა, თანაც აქვს ძალიან კონკრეტული მომავალი საფრთხეები, მათ შორის სამხედრო საფრთხეები, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მყარი გადაწყვეტილებაა.

ვფიქრობ, როგორც მინიმუმ, 2 პროცენტი უნდა იყოს, თუ არა მეტი, გამომდინარე იმ სიტუაციიდან რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, ვგულისხმობ ოკუპირებეულ ტერიტორიებს და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას ჩვენს სამეზობლოში, იქნება ეს უკრაინა, კავკასიის რეგიონი თუ პოსტსაბჭოთა სივრცე“, - ამბობს გიორგი მუჩაიძე.