უკრაინელი ტურისტების მოზიდვასთან დაკავშირებით მსჯელობა და კამათი არ წყდება. ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციაც. თუკი საქართველოს შავიზღვისპირეთში მდებარე სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, რომ უკრაინიდან ტურისტების ნაკადმა უკვე მოიმატა, თავად უკრაინელი ტუროპერატორები სულაც ფიქრობენ ასე. სანამ ზაფხულის ტურისტული სეზონი არ დასრულდება და კონკრეტული შედეგები არ გაცხადდება, ეს საკითხი მუდმივად განხილვის საგანი იქნება.
ამჯერად კი უკრაინელი ტუროპერატორების ინფორმაცია გავრცელდა და ისინი თანამემამულეების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის მკვეთრ მატებაზე ვერ საუბრობენ და საქართველოში უკრაინელი დამსვენებლების გაორმაგებას არ პროგნოზირებენ.
„კალიფსო–უკრაინის“ მენეჯერის ირინა გურიენკოს განცხადებით, საქართველოსადმი უკრაინელ ტურისტებს ინტერესი ყოველთვის ჰქონდათ, თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოში უკრაინელი ტურისტების განსაკუთრებული ნაკადი მას არ შეუმჩნევია, მით უფრო იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც ახლა უკრაინაშია შექმნილი.
„უკეთესის იმედი გვაქვს. საქართველო ყირიმისთვის მშვენიერი ალტერნატივაა, ჩვენ სხვადასხვა კატეგორიის ტურისტები გვყავს“, - განაცხადა გურიენკომ და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუკი საქართველოში ტურისტული სერვისის ფასი დაიკლებს.
უკრაინულ ტურისტულ კომპანია „გრუფ თრეველში“ კი „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ დანამდვილებით იმის თქმა, რომ ყირიმზე ორიენტირებული ტურისტების ნაწილი საქართველოზე გააკეთებს არჩევანს, შეუძლებელია, რადგან საქართველოს გაუჭირდება კონკურენციის გაწევა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა თურქეთი და ეგვიპტე.
ტურიზმის ექსპერტი მაია სიდამონიძე მიიჩნევს, რომ ყირიმიდან ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა არის, მაგრამ კვლევაა ჩასატარებელი, რა სეგმენტი დადიოდა ყირიმში, რა მოთხოვნები გააჩნიათ მათ, დააკმაყოფილებს თუ არა საქართველოს ზღვისპირა ზოლი მათ მოთხოვნებს და ა.შ.
საქართველოს ტურისტული ბიზნესის მთავარ სამიზნედ ჯერჯერობით, უკრაინასთან ერთად, რუსეთი და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები რჩება. ამიტომ, სიდამონიძე თვლის, რომ საქართველომ უნდა იზრუნოს ბაზრების დივერსიფიკაციაზე:
უკრაინიდან ტურისტების ნაკადის გაზრდაზე დიდ იმედებს ამყარებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა: „ჩვენ გვაქვს გეგმა და სტრატეგია... საუბარია, უკრაინიდან ტურისტების რაოდენობის გაორმაგებაზე. შარშან გვყავდა 125 ათასი ტურისტი და ამ რაოდენობის 100%-ით გაზრდა გვინდა წლევანდელი ზაფხულის ხარჯზე“.
ამიტომაც საქართველოში გაიმართება „კრიმფესტისა” და „კაზანტიპის” ანალოგი ფესტივალი, რომლებიც ყირიმში ტარდებოდა. „უკრაინულ პრომოუტერულ კომპანიებთან შეთანხმება მიღწეულია, რომ „კაზანტიპის“ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდება ანაკლიაში, ხოლო „კრიმფესტის“ ორდღიანი ანალოგი ფესტივალი ჩატარდება ბათუმში, სადაც წარმოდგენილი იქნება 10 ევროპელი მომღერალი ვარსკვლავი“, - განაცხადა სიგუამ.
წლების განმავლობაში ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდებოდა ამ ბიზნესიდან მიღებული მოგება და, 2012 წლის მონაცემების თანახმად, შემოსავალმა ერთ მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ჯერჯერობით უცნობი რჩება 2013 წლის ოფიციალური მონაცემები. ცნობილია მხოლოდ 10 თვის სტატისტიკა, რომელიც, ტურისტული ნაკადის ზრდის მიუხედავად, შემოსავლების შემცირებაზე მიუთითებს.