შსს-მ ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

შსს-მ ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: ჯემალ გ, გაბრიელ მ, გიორგი ხ. და მინდია ბ. ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დაკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები წინასწარ შეთანხმებით ორგანიზებას უწევდნენ თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ყალბი ვალუტის – აშშ-ს დოლარის კუპიურების შემოტანას, შემდგომი რეალიზების მიზნით.
 
სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მფლობელობაში არსებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ყალბი აშშ-ს დოლარის 49 ერთეული კუპიურა – 4900 აშშ დოლარის ოდენობით – ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
გამოძიება ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).