საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბრიტანელმა ექსპერტმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ჯეიმს მერდოკმა, დროებითი მოთავსების იზოლატორებისთვის სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავების მიზნით, შსს-ს ე.წ. „მოდულის“ შენობაში დროებითი მოთავსების იზოლატორი მოინახულა. მან არსებული ვითარება ადგილზე შეისწავლა და განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დროებითი მოთავსების სხვა იზოლატორების დათვალიერებაც. ვითარების დეტალურად გაცნობის შემდეგ ჯეიმს მერდოკი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ბრიტანელი ექსპერტი პროცედურების დოკუმენტს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად შეადგენს. შემუშავებული სტანდარტული ოპერატიული პროცედურების საფუძველზე, შსს-ს აკადემიაში დაინერგება ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მომზადებისა და გადამზადების სასწავლო პროგრამები.