ათი ნაბიჯი კარიერისაკენ

ათი ნაბიჯი კარიერისაკენ

გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, კარიერის კიბეზე წინ ადვილად წაიწიოთ.

1. გააკეთეთ უფრო მეტი, ვიდრე თქვენგან ელიან

მთავარია, ყოველთვის შეძლოთ გარშემომყოფების გაკვირვება, რომ თქვენ კვლავ ბრწყინვალე სამუშაო ფორმაში ხართ. ეცადეთ, რთულ სამუშაო დავალებებს სხვათა მითითების გარეშე შეეჭიდოთ. გახსოვდეთ, რომ დავალებებს მხოლოდ ახალ კადრებს აძლევენ, გამოცდილი მუშაკები კი ამას საკუთარი სურვილით ასრულებენ.

2. გამოიჩინეთ ინიციატივა

რა ჯობია იმას, როცა სანამ შეფი რაღაცას დაგავალებთ, თქვენ უკვე შესრულებული გაქვთ და შედეგებს აცნობთ! იყავით მუდამ მოწოდების სიმაღლეზე და ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

3. იმუშავეთ საკუთარ თავზე

კარიერის კიბეზე წინსვლა პიროვნულ წინსვლაზეა დამოკიდებული. მუდმივად იმუშავეთ საკუთარ თავზე. არ გამოტოვოთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. აითვისეთ ყველა ის ინფორმაცია, რაც არაპირდაპირი გზით უკავშირდება თქვენს სამუშაოს.

4. იყავით ერთგული

იყავით ხელმძღვანელობის, კოლექტივისა და კოლეგების ერთგული. აიღეთ მაგალითი იაპონელებისაგან, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე ერთგულ თანამშრომლებად ითვლებიან.

5. იყავით მომთმენი

მუდმივად ნუ იფიქრებთ სწრაფ დაწინაურებაზე. ჯერ უნდა მიეჩვიონ თქვენს აქტიურობას, თავდადებას, ერთგულებას. დრო მიეცით, რათა დარწმუნდნენ თქვენს განსაკუთრებულობაში. შედეგად წინსვლაც გარდაუვალი იქნება.

6. ეცადეთ, გაიგოთ კომპანიის კურსი

აუცილებლად გაერკვიეთ თქვენი კომპანიის კურსში. როცა ზუსტად იცით ამოცანა და კონცეფცია, უფრო ადვილია, წარმატებულად იმოქმედოთ.

7. იმუშავეთ კომპანიის გამდიდრებისათვის

როცა შეფი ხედავს, რომ თქვენ არამარტო პირნათლად ასრულებთ სამუშაოს, არამედ მუდმივად ფიქრობთ, როგორ წასწიოთ ფინანსურად წინ კომპანია, მაშინ თქვენი დაფასების შანსები გაორმაგდება. თამამად წარმოთქვით თუნდაც, ერთი შეხედვით, არარეალური იდეები, რომლებიც კომპანიის ფინანსურ წინსვლას უზრუნველყოფს. ეს შეფისათვის ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იქნება.

8. შეთავაზებები

შესთავაზეთ პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზა. რაც უფრო ბევრ ვარიანტს წამოაყენებთ, მით მეტი ალბათობაა, პრობლემა გადაწყდეს. რაც უფრო წარმატებულად გადაწყდება სამსახურებრივი პრობლემები, მით უფრო წინ წაიწევთ კარიერის კიბეზე. მთავარია, შეთავაზებები არ დაიშუროთ.

9. პატივი ეცით კოლეგებს

პატივი ეცით თანამშრომლებს, მათ შორის თქვენს ხელქვეითებსაც. ეს კარგად აისახება თქვენს იმიჯზე. თანაც გუნდის მხარდაჭერა დაწინაურებაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

10. ნუ შეგეშინდებათ ფრაზის „არ ვიცი"

თუ რაღაც არ იცით, ჯობია, ამის შესახებ თავიდანვე თქვათ. პრობლემის შენიღბვამ შესაძლოა კატასტროფულ შედეგებამდე მიგიყვანოთ.