ბათუმის მეჩეთები - წარსული და თანამედროვეობა

ბათუმის მეჩეთები - წარსული და თანამედროვეობა

ბათუმის მეჩეთების ისტორია ოსმალთა ბატონობის დროიდან იწყება. თავდაპირველად, ვიდრე ბათუმი პატარა დასახლებული პუნქტი იყო, რომელიც ძირითადად წარმოადგენდა ერთგვარ სამხედრო და ნაკლებად სავაჭრო ადგილს, მეჩეთები ქალაქში არ ფუნქციონირებდა. ამგვარი ვითარება იმდროინდელი ბათუმის მცირე მნიშვნელობით უნდა ყოფილიყო განპირობებული. მოგვიანებით, ქალაქის სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების ზრდასთან ერთად, გაიზარდა ყურადღება მისი განაშენიანების მიმართ, რამაც მეჩეთების მშენებლობაც განაპირობა. ბათუმის როლის ზრდა მოსახლეობის რაოდენობაზეც აისახა. სტატისტიკური ცნობების მიხედვით უკვე 1871-1873 წლებისათვის ქალაქსა და მის შემოგარენში 8324 მოსახლე ცხოვრობდა, რომელთა უმრავლესობა მუსლიმი იყო. ამას მეჩეთების მშენებლობაც მოჰყვა. ა. ავალიანის აზრით, პირველი, ე.წ. აზიზიეს მეჩეთი ბათუმში 1863 წელს უნდა აგებულიყო ქალაქის განაშენიანების გეგმის ფარგლებში. ის სულთან აზიზის დედის, ვალიდე ხანუმის ინიციატივით გაკეთდა ოსმალო სამხედროებიასთვის ნავსადგურის მიდამოებში. დაახლოებით ამ პერიოდიდან იწყება მეჩეთების ფართო მშენებლობა აჭარაში, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს პროცესი მცირე მასშტაბით გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო. 

მეორე მეჩეთი ახმედ-ფაშა ხიმშიაშვილს აუგია ბათუმის ყურეს სიახლოვეს თავის რეზიდენციასთან, რომელიც ახმედიეს მეჩეთის სახელით გახდა ცნობილი. ეს მეჩეთი ხის იყო და მალე დაიწვა. მის ადგილზე მალე, 1866 წელს, ორთა-ახმედ ჯამე აშენდა, რომელიც ლაზ ოსტატს მოუხატავს. ეს მეჩეთი ძირითადად ქართველ მუსლიმებზე იყო გათვლილი. მესამე მეჩეთი 1870-1973 წლებში ყოფილა აგებული ვიღაც მუფთის მიერ და მუფთიეს სახელით იყო ცნობილი. აღნიშნული სახელები, მეჩეთების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაშინდელი ბათუმის სამი დასახლებული უბნის სახელწოდების წარმოქმნას დაედო საფუძვლად. შესაბამისად, ეს უბნები იყო აზიზიე, ახმედიე და მუფთიე. ეს თავის მხრივ ოსმალეთის პერიოდში მეჩეთის განსაკუთრებული ფუნქციითაც იყო განპირობებული - ის აჭარული სოფლის (დასახლების) მაცხოვრებელთა დამაკავშირებელ რელიგიურ და სოციალურ ცენტრს წარმოადგენა. თუმცა, ზოგიერთი ავტორის ცნობით, იმდროინდელი მეჩეთებიდან მხოლოდ აზიზიეს მეჩეთი იყო ნორმალურ მდგომარეობაში, დანარჩენი კი მხოლოდ მიშენებული მინარეთებით თუ განსხვავდებოდა სხვა შენობებიდან.

დამოუკიდებელი ფუნქციონირებისათვის მეჩეთებს საკუთარი შემოსავალი სჭირდებოდა. მეჩეთების შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად სახეს ვაყუფები წარმოადგენდნენ, თუმცა ისინი მხოლოდ აზიზიეს მეჩეთს გააჩნდა. ასევე სხვადასხვა საჭიროებისათვის მოსახლეობა ყოველწლიურად იხდიდა გადასახადს _ ვეზიფეს, რასაც მარხვასა და სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა შესაწირი ემატებოდა.

მეჩეთებთან სასულიერო საგანმანათლებლო ქსელიც მუშაობდა. ბათუმის ოლქში 3 მედრესე და 28 მექთებე მოქმედებდა. ბათუმის მედრესეს უმაღლესი სტატუსი ჰქონდა, სადაც რეგიონის წარჩინებული მოსწავლეები გადიოდნენ სწავლებას, ხოლო საუკეთესოებს აქედან სტამბულში აგზავნიდნენ, შეიხ-ულ-ისლამის სკოლაში. ბათუმში მოქმედებდა ასევე რუშტიეს ტიპის (საერო ხასიათის ოსმალური სკოლა) სასწავლებელიც. ახალგაზრდებს სამსახურისგან მოუწყვეტლივ დილის დერსებშიც ასწავლიდნენ.

1878 წლიდან, როცა ბათუმი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადავიდა, ქალაქის მოსახლეობა თანდათან იზრდება, ამასთანავე, იცვლება მისი ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობა. ამის გამო, აზიზიეს მეჩეთი, რომელიც ძირითადად თურქებისათვის იყო განკუთვნილი, ჩქარა კარგავს ფუნქციას და თავის საკუთრებასაც. დანარჩენი ორიდან, რომლებიც ქართველ მუსლიმებს ემსახურებოდა, მუფთიეს მეჩეთმა, ამ კატეგორიის მოსახლეობის შემცირების გამო, თანდათან დაკარგა ფუნქცია და ქალაქში მხოლოდ ერთი მოქმედი მეჩეთი - ახმედიე შემორჩა.

რუსეთის იმპერია კავკასიის მაჰმადიანური საზოგადოების ორგანიზაციულ საკითხებს 1872 წლის დებულებით აწესრიგებდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ აჭარაშიც ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ხდებოდა მუსლიმთა სასულიერო მართვა და შესაბამისი საქმისწარმოება.

აჭარაში რუსულ მმართველობას ვაყუფების შემცირება ან გაუქმება მოჰყვა, მათ შორის ბათუმის აზიზიეს მეჩეთის ვაყუფებისაც. ამ საკითხის მოწესრიგების თხოვნით გარკვეული შუამდგომლობა პეტერბურგში ოსმალეთის ელჩსაც ჰქონდა. საყურადღებოა, რომ მეჩეთისათვის ჩამორთმეულ ტერიტორიაზე შემდეგ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივით ბათუმის პირველი ქართული სკოლა აშენდა, სადაც ერთხანს მუსლიმური რელიგიური საგნებიც ისწავლებოდა.

რუსეთის იმპერიის პერიოდში მოქმედებდა რელიგიური სასწავლებლების ფართო ქსელი, რომელშიც თბილისში მოქმედი, როგორც სუნიტებისათვის, ისე შიიტებისათვის განკუთვნილი სპეციალური სასულიერო სასწავლებელიც შედიოდა.

XX საუკუნეში დაწყებულ რთულ პოლიტიკურ პროცესებში, ბათუმის მეჩეთს, როგორც სოციალურ ორგანოს, განსაკუთრებული ადგილი ეკავა. 1917 წელს ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლობითი კრების მიერ დაფუძნებული „ქართველ მუსლიმანთა კომიტეტი”-ს სხდომები ერთხანს სწორედ აქ იმართებოდა. მეჩეთს, როგორც ტრიბუნას, ანტიქართული ძალებიც იყენებდნენ.

საქართველოს დამოუკიდებელობის მოკლე პერიოდში იყო „სამუსლიმანო საქართველოს” რელიგიურ-კულტურული უფლებების გათვალისწინების ცდა, რაც 1921 წლის 21 თებერვლის საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა, თუმცა, მეჩეთების ფუნქციონირებაზე ამას დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია.

1921 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობას მეჩეთების ისტორიაში ახალი ეტაპი მოჰყვა. საბჭოთა კავშირი 1917 წლიდან მუსლიმი მოსახლეობისა და სასულიერო პირების კონტროლის მიზნით ქმნის მუსლიმების საქმეთა კომისარიატს, ეროვნული უმცირესობების კომისარიატის ფარგლებში. 1921 წლიდან მსგავსი სტრუქტურა შეიქმნა აჭარაშიც, ეროვნულ უმცირესობათა სახალხო კომისარიატის ფარგლებში. მუსლიმთა სექციას ქართველ (მათ შორის ლაზი), თურქ და ქურთ მუსლიმებთან მუშაობა ევალებოდა, რომლებიც ქალაქის მოსახლეობის 50% შეადგენდნენ. სექცია ძირითადად აწარმოებდა ადმინისტრაციულ, ორგანიზაციულ, ინფორმაციულ, სააგიტაციო-პროპაგანდისტულ და რეპრესიულ საქმიანობას. ამ მიზნით ტარდებოდა შეხვედრები, მიტინგები, ლექციები და წარმოებდა მუსლიმების კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანება. მისი ბეჭდვითი ორგანო თურქულენოვანი გაზეთი `იშთირაქი~ იყო. სექციისა და სხვა სტრუქტურების საქმიანობა გვიჩვენებს, რომ გასაბჭოების პირველ პერიოდში რელიგიური პოლიტიკის კუთხით აჭარაში აქცენტი რელიგიური სისტემების განადგურებაზე იყო აღებული.

ახალი ხელისუფლება რელიგიის მიმართ დათმობებს და მუსლიმთა მხარდაჭერას მხოლოდ საწყის ეტაპზე ახდენდა. მთავარი აქცენტი მუსლიმთა ლიდერებისა და რელიგიური ცენტრების განადგურებაზე იყო აღებული. ამ მიზნით უშიშროების სამსახურის მიერ ჩატარებული საანგარიშო კვლევები იძლეოდა არსებული სიტუაციის ამომწურავ ანალიზს, რის შედეგადაც რელიგიურ ლიდერთა აღრიცხვა და მათი კონტროლი ადმინისტრაციულ-ძალადობრივი მეთოდებით შედარებით ადვილად ხორციელდებოდა. ამას თანდათან პარტმუშაკების თვითნებობა და ადმინისტრაციული მეთოდების აქტიური გამოყენება მოჰყვა.

საყურადღებოა, რომ ამავე პერიოდში მეჩეთებს და იქ შეკრებილ მრევლს ანტისაბჭოური და პროთურქული პროპაგანდისთვისაც იყენებდნენ. ამ პროცესების შედეგად XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს და 30-იან წლების დასაწყისში გაუქმდა სამუფთო, დაიხურა მეჩეთები და მედრესეები, მცირე ხნით დაიხურა ბათუმის მეჩეთიც. ათეისტურ-პროპაგანდისტული კუთხით წარმართული ძირითადი სამუშაოები 1930 წლისათვის დასრულდა. ამის შემდეგ ხელისუფლება, ფაქტობრივად, მიღწეულის შენარჩუნება-დამკვიდრებაზე ზრუნავს. მიუხედავად იმისა, რომ ანტირელიგიური და კონტრრევოლუციური ბრძოლა პრაქტიკულად დასრულებული იყო, საბჭოთა ხელისუფლება მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში მუსლიმი მოსახლეობის რეპრესიებსაც არ ერიდება. ამის შემდეგ საბჭოური სისტემა შემოიფარგლებოდა მიღწეული წარმატების კონტროლით, რაც შესაბამის ინსტრუქციებსა და რეკომენდაციებს ეყრდნობოდა, ინერგებოდა ახალი საბჭოური რიტუალებიც.

რელიგიურ სფეროში 1940-იანი წლებიდან დაწყებულმა ერთგვარმა დემოკრატიულობამ ბათუმში, როგორც საპორტო და საკურორტო ქალაქში, მეჩეთის მოქმედების აღდგენა განაპირობა. იგი ამ პერიოდიდან უწყვეტად ფუნქციონირებს. ამავე დროიდან საქართველოს სსრ-ში მინისტრთა საბჭოებთან იქმნება რელიგიურ საქმეთა საბჭოები, რომლებიც რელიგიური ჯგუფების კონტროლისა და მართვის მიზნით აწარმოებენ საქმიანობას არსებული კანონმდებლობისა და შესაბამისი დირექტივების ფარგლებში.

საბჭოთა პერიოდიდან ბათუმში მოქმედებს ორთაჯამის მეჩეთი, რომელიც 1990-იანი წლების შემდეგ ფუნქციურად წარმოადგენს როგორც საკრებულო მეჩეთს, ისე (1995 წლიდან) სამუფთოს ცენტრალურ მეჩეთსაც (თუმცა მას არ აქვს ოფიციალური სტატუსი). მასთან მოქმედებს რელიგიური სასწავლებელი. მეჩეთს ასევე გააჩნია ფართი, რომელსაც აქირავებს.

სამუფთოში დაცული დოკუმენტებით ორთაჯამის მეჩეთი 1866-1935 წლებში უწყვეტად მოქმედებდა. 1935 წლიდან ის დაიკეტა და ძირითადად სამხედრო საწყობად გამოიყენებოდა. 1946 წლიდან ის აღადგინეს. 1995 წლის შემდეგ გაუკეთდა მინარეთი, ხოლო 2007 წელს ბოლო ძირითადი რემონტი ჩაუტარდა, რომლის დროს მოწესრიგდა მეორე სალოცავი დარბაზი, შესასვლელები, გამოიყო გასაქირავებელი ფართი, სამუფთო ადმინისტრაციის ფართი, სასწავლებლის კლასები, საცხოვრებელი და სამეურნეო ოთახები. ბათუმის მეჩეთის პერსონალს წარმოადგენენ მუფტი, სამუფთო აპარატი, მეჯლისი და იმამები. რელიგიური სასწავლებელი მოქმედებს პანსიონატის ფორმით, სადაც ბათუმის სხვადასხვა სასწავლებლის მოსწავლეები და სტუდენტები ცხოვრობენ და სწავლობენ.

მეჩეთში იმართება როგორც ყოველდღიური, ისე სადღესასწაულო ლოცვები, ქადაგებები, ვედრებები. სადღესასწაულო ლოცვებისათვის მორწმუნეებს მუეძინი მოუხმობს. თავისი სტატუსისა და მნიშვნელობის გამო მეჩეთს ხშირად სტუმრობენ სახელმწიფო მოხელეები, სხვადასხვა ორგანიზაცებისა და კონფესიების წარმომადგენლები, ტურისტები.

ამრიგად, ბათუმში მეჩეთების არსებობასა და ფუნქციონირებაზე ძირითად გავლენას ქალაქის განაშენიანების თავისებურებანი ახდენდა. ოსმალეთის პერიოდში, ქალაქის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, შენდება მეჩეთები ოსმალო სამხედროებისათვის და ქართველი მუსლიმებისათვის. რუსეთის იმპერიის პერიოდში, ქალაქგანვითარებისა და მოსახლეობის შემადგენლობის ცვალებადობასთან ერთად, ოსმალო სამხედროებისათვის განკუთვნილი მეჩეთი ფუნქციას კარგავს, ხოლო ქართველი მუსლიმების მეჩეთებიდან მხოლოდ ერთი რჩება. საბჭოთა პერიოდში ორთაჯამის მეჩეთი, საბჭოთა პოლიტიკის გავლენით, მცირე ხნით იკეტება, თუმცა, ქალაქის დანიშნულებიდან გამომდინარე, მოგვიანებით ისევ იღება. დამოუკიდებლობის პერიოდიდან ბათუმის მეჩეთი აჭარის სამუფთოს ცენტრი ხდება და მას შესაბამისი ადმინისტრაციული, საფინანსო და საგანმანათლებლო ფუნქციებიც ემატება.

P.S. მოხსენება წაკითხული იყო 2009 წელს ბათუმში, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტში, საერთაშორისო კონფერენციაზე, “ბათუმი - წარსული და თანამედროვეობა“ და დაიბეჭდა კრებულში – ბათუმი – წარსული და თანამედროვეობა I, 2009, ბათუმი. გამომცემლობა "შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი", გვ. 201–207