„აწარმოე საქართველოში“- სამთავრობო პროგრამა ბიზნესის წასახალისებლად

„აწარმოე საქართველოში“- სამთავრობო პროგრამა ბიზნესის წასახალისებლად

სახელმწიფო ბიზნესს შეღავათიან პირობებს უწესებს და ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით მეწარმეებს საინტერესო პირობებს სთავაზობს. „აწარმოე საქართველოში“,- ასე ჰქვია მთავრობის ახალ პროგრამას, რომლის მიზანი კონკურენტუნარიანი წარმოების სტიმულია.

ინიციატივის ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია და მის განხორციელებას მთავრობა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით გეგმავს.

სამთავრობო პროგრამა კონკრეტულ კომპონენტებს მოიცავს: ფინანსებსა და ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობას და საკონსულტაციო მომსახურებას.

მთავრობის მეთაური და ეკონომიკური გუნდის მინისტრები მიიჩნევენ, რომ პროგრამის ფარგლებში საქართველოში შესაძლებელი გახდება ქაღალდისა და მუყაოს, სახვადასხვა სახის სამშენებლო მასალების, ასევე საფეიქრო და ქიმიური წარმოების განვითარება. პერსპექტიულ დარგებად სახელდება ხის გადამუშავება, ელექტრომოწყობილობების, რეზინისა და პლასტმასის წარმოება. გათვლები კეთდება ფარმაცევტული წარმოებისა და მანქანათმშენებლობის განვითარებაზეც.

პრიორიტეტულ დარგად კვლავ მიჩნეულია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულება. სწორედ, ამ მიზნით დაიხარჯება პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხის უმეტესი ნაწილი - 30 მილიონი ლარი, 16 მილიონი ლარი კი ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებას მოხმარდება.

„საქართველოში არის იმის რესურსი, რომ ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ პროდუქცია და არ გვიწევდეს აბსოლუტურად ყველა პროდუქტის შემოტანა უცხო ქვეყნებიდან. არ არის დასამალი, რომ ხშირად შემოდის დაბალხარისხიანი, ან მეტიც, უხარისხო პროდუქტი. და ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელიც ყოველთვის განთქმული იყო, სხვაზე რომ არაფერი ვთქვა, თუნდაც მაღალხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით. ჩვენი პროდუქციის წარმოებას უნდა შევუწყოთ ხელი, აი, ეს უნდა წავახალისოთ“,- განაცხადა პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი იმპორტით დაკავებულ ბიზნესმენებს მოუწოდებს, ადგილობრივი წარმოებით დაინტერესდნენ და პროდუქციის ექსპორტზე იფიქრონ.

„პროგრამის ფარგლებში ჩვენ ხელს შევუწყობთ ყველა მეწარმეს, რომელიც გადაწყვეტს ახალი საწარმოს შექმნას. პირველ რიგში დავეხმარებით და თითქმის უსასყიდლოდ - სიმბოლურ ფასად გადავცემთ ამორტიზებულ შენობა-ნაგებობებს, მივცემთ შეღავათიან გრძელვადიან სესხებს ძალიან დაბალი პროცენტით, მათ ჩვენ დავეხმარებით შესაბამისი ტექნიკური საშუალებების მოძიებაში, შესყიდვაში, საწარმოების გამართვაში. პროგრამა გათვლილია მხოლოდ ახალი საწარმოების შექმნაზე“, - განმარტრავს პრემიერი და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული შეღავათები იმოქმედებს საქართველოს რეგიონებში.

პროგრამის წარმატების ერთ-ერთ სტიმულად მთავრობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასაც ასახელებს, რომელსაც საქართველო ხელს 27 ივნისს მოაწერს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ქართული კონკურენტუნარიანი პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობა იქმნება.

„დღეს საქართველო ბიზნესის წამოწყების სიმარტივის კუთხით მსოფლიო ათეულშია, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ახალი ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობა დაბალია. საწარმოთა ნახევარი გაყიდვების ზრდას დაარსებიდან 5 წლის შემდეგაც ვერ ახერხებს“, - აცხადებს ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის თანამშრომლობით კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების შექმნა შესაძლებელი გახდება.

ეკონომიკური განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ინდუსტრიული მიმართულების განსავითარებლად სახელმწიფო მეწარმეებს 150 ათასიდან 2 მილიონამდე ლარის ფარგლებში დაეხმარება, რაც ძირითადადი საშუალებების შესაძენად საჭირო თანხისთვის ბანკიდან აღებული სესხის 10%-ით თანადაფინანსებას გულისხმობს. ანუ, მეწარმეს 13%-იანი სესხის შემთხვევაში, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, მხოლოდ 3%-ის გადახდა მოუწევს, 11%-იანი სესხის შემთვევაში კი მხოლოდ 1%-ს გადაიხდის. თანადაფინანსების იგივე მექანიზმი იქნება სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების კუთხით წარმოებულ პროექტებზეც.

„საკმაოდ დახვეწილი პროგრამაა. დიდი ხანია, ამას ელოდა ქართული ეკონომიკა“, - ასე აფასებს For.ge-სთან საუბარში მთავრობის ინიციატივას ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი ემზარ ჯგერენაია და ყურადღებას ბიზნესში სახელმწიფოს ჩაურევლობის კომპონენტზე ამახვილებს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხაზია გავლებული სახელმწიფო დახმარებასა და თავისუფალ კონკურენციას შორის. უნდა გადავეჩვიოთ ტერმინებს - „ჩვენ შვქმნით“, „ჩვენ გავაკეთებთ“. აქ საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო სთავაზობს ბიზნესს და ბიზნესი თავად გადაწყვეტს ეს გააკეთოს, თუ ის, აქ გააკეთოს, თუ იქ. ანუ ეკონომიკის სამინისტრო არავის უგეგმავს, რა უნდა გააკეთოს“, - აცხადებს ემზარ ჯგერენაია.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავრობის ინიციატივა, პრაქტიკულად, თავისუფალ ბაზარზე მყოფი მოთამაშეების გვერდით სახელმწიფოს დგომაა, რაც ყველა საწარმოს სჭირდება და მით უფრო ისეთ გარდამავალ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

„ბიზნესასოციაციის“ პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე კი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ პროგრამა საკმაოდ კარგად არის მომზადებული, რაც ეკონომიკის სამინისტროს კარგ მუშაობაზე მიანიშნებს.

„ინიციატივა ძალიან საინტერესოა. გამიკვირდა კიდეც, პროგრამა იმდენად კარგად არის ჩამოყალიბებული. ეტყობა, ეკონომიკის სამინისტრომ კარგად იმუშავა. მისასალმებელია დაბალპროცენტიანი კრედიტს გამოყოფა მეწარმეებისთვის. ახლა მთავარია, სწორად შეირჩეს კომპანიები, რაც ეკონომიკის სამინისტროს გასაკეთებელი იქნება. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ პროგრამა კიდევ დაიხვეწება. ბიზნესასოციაცია მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ ინიციატივას. ყველაზე მთავარი ისაა, რომ კარგად არის ჩამოყალიბებული ინიციატივა. დანარჩენს დრო გვიჩვენებს“, - განუცხადა For.ge-ს გიორგი ჭირაქაძემ.

„ბანკებისთვის საინტერესო წინადადება“, - ეს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ზურაბ გვასალიას შეფასებაა. იგი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამა საბანკო სექტორისთვის სტიმულის მიმცემია.

„დაფინანსება რომელიც ბიუჯეტის მხრიდან იქნება საბანკო სექტორისთვის, ეს ჩვეულებრივი საპროცენტო განაკვეთია. მთავარია, საბანკო სექტორმა სწორად შეარჩიოს და სწორად აწარმოოს მონიტორინგი, რათა სესხი აუცილებლად დაბრუნდეს. ამგვარი ხელის შეწყობა სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული სტიმულია საბანკო სექტორისთვის, რადგან რისკების მინიმიზაციას გულისხმობს - სახელმწიფოს მხრიდან 10%-იანი განაკვეთის სუბსიდირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივია, ამით სრულად არის დაინტერესებული საბანკო სექტორი“, - აცხადებს ზურაბ გვასალია.

ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი გვანცა მელაძე კი ფიქრობს, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პოპულარული გახდება, თუ მის ფარგლებში ისეთი დონის საწარმოები მოეწყობა, რომლებში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზეც იქნება.

„ვფიქრობ, საჭიროა კარგი საინფორმაციო კამპანია, რომ მეწარმეები თავად დაინტერესდნენ ისეთი პროდუქციის წარმოებით, რომელსაც ექნება შეღავათები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში. კომპანიები აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ, რათა კონკურენცია გაუწიონ ევროკავშირიდან შემოტანილ პროდუქციას და გახდნენ იმდენად კონკურენტუნარიანები, რომ თავადაც გაიტანონ საქონელი ექსპორტზე“, - აცხადებს გვანცა მელაძე.

მთავრობის ეკონომიკური ინიციატივა - „აწარმოე საქართველოში“ - 1 ივნისიდან ამოქმედდება, თუმცა მასში კორექტივების შეტანა ივნისის შემდეგაც შესაძლებელი იქნება.