„გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების შესახებ კანონი“, შესაძლოა, აგვისტოდან ამოქმედდეს. მანამდე კი მოსახლეობის უმრავლესობამ ისიც კი არ იცის რა საკვებს იყენებს. რადგანაც ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმეა, ხალხი იაფ პროდუქტს ეტანება. მათი უმრავლესობა იმპორტირებული გმო პროდუქტია. მომხმარებელი ფასს აქცევს ყურადღებას და საკვებს ბრმად ყიდულობს.
გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, პარლამენტმა პირველი მოსმენით პროექტის პრინციპები მიიღო, რომელიც გარემოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენებას კრძალავს. რაც შეეხება პროდუქციის სავალდებულო მარკირებას, გია გაჩეჩილაძის თქმით, კანონის ამოქმედების შემთხვევაში საქართველოში 2 სახელმწიფო ლაბორატორია უკვე არსებობს, თუმცა აკრედიტაციას კერძო ლაბორატორიებიც მიიღებენ.
სახელმწიფო ლაბორატორიებს მაკონტროლებელი ფუნქცია ექნება, რომელიც სავაჭრო ქსელში შემთხვევით ან მიზანმიმართულად არამარკირებული გენმოდიფიცირებული პროდუქციის მოხვედრას გააკონტროლებს.
მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესობას საკვების ხარისხი ძალიან აწუხებს და აპროტესტებენ კიდეც, საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თითქმის არაფერს აკეთებენ. უნდა ითქვას, რომ დახლებიდან გენმოდიფიცირებული პროდუქცია უფრო კარგად იყიდება, ვიდრე ჯანსაღი საკვები პროდუქტი.
„საკვები პროდუქტის შეძენისას მარკირებას ყურადღებას არ ვაქცევ. ასე „ბრმად ვყიდულობ“ და რას ვჭამ, ღმერთმა იცის. ეს, გარკვეულწილად, ჩემი დაუდევრობის ბრალიც არის, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, არა მგონია ყურადღების გამოჩენა ამ მხრივ, რამე შედეგს იძლეოდეს. ვფიქრობ, არაფერს შეცვლის ჩემი დამოკიდებულება, რადგან მარკირება ხშირ შემთხვევაში არასწორია ხოლმე.
მაგალითად, რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინეს, რომ რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმი იყო გამოყენებული, რძის ცხიმის შემადგენლობა კი 1%-ს შეადგენდა. საჭიროა, ბაზარი, მაღაზიები სისტემატურად კონტროლდებოდეს“, - ამბობს თბილისელი ოთარ ფრიდონაშვილი.
ასე ფიქრობს მომხმარებელთა უმეტესობა და ამიტომაც დიდი ინტერესით ელოდება კანონის ამოქმედებას. მათი სურვილია, რომ იგი ძალაში მალე შევიდეს, რათა მომხმარებელმა თავი შედარებით დაცულად იგრძნოს.
კანონპროექტი ძირითად ამოცანებს განსაზღვრავს და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირების ძირითად პრინციპებს ადგენს. კანონპროექტის მოქმედების სფერო ვრცელდება მხოლოდ ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე და ის არ მოიცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს და იმ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც შეიძლება თავად წარმოადგენდნენ ან შეიცავდნენ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებსა და პროდუქტებს. კანონპროექტი მიჯნავს გენმოდიფიცირებული პროდუქტის ცნებას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ცნებისგან.
იქმნება ბიოუსაფრთხოების ერთიანი სახელმწიფო სისტემა. კანონპროექტი ძირითადად აწესრიგებს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებს: ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებას, გარემოში ინტროდუქციას, საბაზრო ქსელში განთავსებას და ტრანსპორტირებას და ტრანსსასაზღვრო გადაზიდვას. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საფრთხის შეფასების პრინციპის საფუძველზე დაადგენს იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეესტრს, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, მათი საბაზრო ქსელში განთავსების ან გადამუშავების მიზნით, უნდა იქნას დაშვებული.
კანონპროექტი ასევე, არეგულირებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან და ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს.