გულმავიწყთა გულუხვი დაპირებები

გულმავიწყთა გულუხვი დაპირებები

ოპოზიციაში გადასულმა „ნაცმოძრაობამ“ საწვავის გაიაფების გზას მიაგნო. ისინი მოსახლეობას საწვავსა და გაზზე აქციზის გადასახადის გაუქმებას ჰპირდებიან, რაც მათი მტკიცებით, 25 თეთრით გააიაფებს საწვავს, ხოლო გაზს - 8 თეთრით. დაპირება მოიცავს, ასევე, საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტით შემცირებას, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმით, ბიზნესის გაფართოებისა და მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას მისცემს ბიზნესმენებს. გულუხვი დაპირებები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეღავათებსაც ითვალისწინებს. ყველა მოქალაქე, ვინც თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებს, 50-ის ნაცვლად, 20 თეთრს გადაიხდის. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება ყველა სტუდენტისათვის, სკოლის მოსწავლისთვის, პენსიონერისა და სოციალურად დაუცველისთვის.

ეს დაპირებები მით უფრო გასაოცარია, რომ ნაციონალების მთელი ცხრაწლიანი მმართველობა სწორედ ტარიფების მატებას უკავშირდებოდა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც პერმანენტული ფასის ზრდა სწორედ სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეების ჯიბეს აწვებოდა.

„ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ოპონენტებს ურჩევს, საკუთარ დაპირებებს გადახედონ, რადგან ვერც მერია და ვერც საკრებულო გადასახადებს და ტარიფებს ვერ შეამცირებს. სამაგიეროდ, ნარმანიას დაპირებებიც შთამბეჭდავია -  800 მილიონი ლარი სოციალური სფეროსთვის და საზოგადოების განსჯად ქცეული - 1 მილიონი ხე...

დავით ნარმანიას პრიორიტეტები თბილისის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, მიუსაფარი ადამიანების დახმარება, დევნილთა პრობლემები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, უმუშევრობა და ქალაქის გამწვანებაა. მისი პროგრამით, სოციალურად დაუცველი ოჯახი ახალდაბადებულ ბავშვზე 500-ლარიან დახმარებას მიიღებს, განახლდება თბილისის საბინაო ფონდიც. პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაა. სწორედ ეს სექტორი უნდა გახდეს ახალი სამუშაო ადგილების შემქმნელი. ნარმანიას დაპირებები, ასევე, მოიცავს ეფექტური სატრანსპორტო სისტემის შექმნას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების პირებისა და ნაკლებ მობილური ადამიანების სამგზავრო მომსახურეობის სრულყოფაზე იქნება მიმართული. გასუფთავდება მდინარე მტკვარი და იგი სარეკრეაციო ზონად გამოცხადდება.

რამდენად ადეკვატურ დაპირებებს გასცემენ ჩვენი მერობის კანდიდატები და როგორ შეძლებენ ისინი თბილისის „ამუშავებას“?! რა უშლიდათ ხელს ხელისუფლებაში თავის დროზე მოკალათებულ ნაციონალებს, ტარიფების ზრდით კი არ ყოფილიყვნენ გატაცებულნი, არამედ მათ შემცირებაზე ეზრუნათ?

ექსპერტი გია ხუხაშვილი წარმოუდგენელ ცინიზმად აფასებს ნაციონალების მიერ საწვავისა და გაზის გაიაფებაზე საუბარს. მისი აზრით, სამწუხაროდ, ამორალური პრინციპები დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკაში. ჯერ კიდევ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გვპირდებოდა 5 თეთრს ელექტროენერგიაზე, 10 თეთრს გაზზე. რაც შეეხებათ ნაციონალებს, ისინი ამომრჩევლებს ისევე ექცევიან, როგორც ბრბოს დამატებითი ხმის მისაღებად.

„არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ მაქვს აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაცია, ნაციონალების შავ სალაროში ზუსტად ამ ბიზნესებიდან, ყოველი ლიტრიდან რა თანხა მიედინებოდა, როგორ ყალიბდებოდა ამ ბიზნესებიდან მათი პარტიული სალარო. დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც კარტელები აღარ არსებობს, ნაციონალები ასე ცინიკურად გვესაუბრებიან. რაც შეეხება საწვავის გაიაფებას, ეს ბაზარი ლიბერალიზებულია. მაინტერესებს, ეს ცნობილი ლიბერალები რომ არიან, როგორ აპირებენ ადმინისტრაციული ჩარევით ამის გაკეთებას?! გაზთან დაკავშირებით კიდევ შეიძლება, რაიმე შეღავათზე თეორიულად ვილაპარაკოთ, რადგან არსებობს მარეგულირებელი კომისია, მაგრამ საწვავთან დაკავშირებით ამას ვერ ვიტყვით“, -  აცხადებს გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში.

იგი საშემოსავლო გადასახადის 5%-ით შემცირებასაც ეხმაურება და განმარტავს, რომ ნებისმიერი ტიპის გადასახადის შემცირება ეკონომიკურ სისტემებს გარკვეულ სტიმულს აძლევს, მაგრამ საინტერესოა, რა უშლიდათ ნაციონალებს ხელს ამის გაკეთებაში? არათუ ამას აკეთებდნენ, ცხრაპირ ტყავს აძრობდნენ ბიზნესმენებს, არსებულ გადასახადებს არ აკმარებდნენ და სახლიდან ატანინებდნენ ფულს.

„ყველა პოლიტიკური ძალა მეტ-ნაკლებად პრიორიტეტების მიხედვით ალაგებს თავის დაპირებებს. რამდენად რეალურია მათი დაპირება, ვერ გეტყვით. ამ ქვეყანაში კი არა, არცერთ ქვეყანაში არ მინახავს ასი პროცენტით შესრულებული დაპირებები. სამწუხაროდ, პოლიტიკოსები ასეთი ადამიანები არიან. თუმცა დავით ნარმანია წესიერი ადამიანია, ციფრებში შეიძლება რაღაც აერია, რაც მას არ ეკადრება. რა თქმა უნდა, მილიონი ხე არარეალურია. როგორც ჩანს, მან ფიგურალურად ახსენა ციფრი მილიონი და სინამდვილეში, გამწვანებას გულისხმობდა. შეუძლებელია თბილისში მილიონი ხის დარგვა ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და მეტ-ნაკლებად ამ დაპირებების შესრულებაც შესაძლებელია. 800 მილიონი ლარის დაპირება კი სერიოზულია და იმედი მაქვს, შესრულდება“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ნაციონალების დაპირებებზე საუბრისას, ექსპერტი ენერგეტიკისა და რეგიონულ საკითხებში ლიანა ჯერვალიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გაზის ტარიფის შემცირება სისტემაზე დარტყმის გარეშე ვერ არ მოხდება.

„ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, ყოველთვის წინააღმდეგი ვარ დაპირებების, რაც წინასარჩევნოდ მექანიკურ ჩარევებს გულისხმობს. ასეთი დაპირებები ჰქონდა „ქართულ ოცნებასაც“, ქდმ-საც, ნაციონალებსაც. გაზის ფასმა ისედაც ხუთი თეთრით დაიწია და არა მგონია, შესაძლებელი იყოს კიდევ 8 თეთრით მისი გაიაფება სისტემაზე ზეწოლის გარეშე“, - აცხადებს ლიანა ჯერვალიძე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა“ რასაც დაჰპირებია ამომრჩეველს, შეუსრულებია კიდეც. საუბარია იმ თემებზე, რაც ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს უკავშირდებოდა.

როცა შევახსენეთ მილიონი სამუშაო ადგილის დაპირება, გიორგი თევდორაძემ აღნიშნა, რომ ეს მათი ოპონენტებისგან გამოსროლილი ფრთიანი ლოზუნგია. თუმცა თევდორაძე იხსენებს, რომ მათ დროს ეკონომიკური მდგომარეობა და დასაქმების სისტემები სწრაფი ტემპით იზრდებოდა, ახლა კი მცირდება.

„ეს ყველაფერი ობიექტური დასკვნის გაკეთების წინაპირობაა-  დაპირებების შესრულება შეუძლია „ნაცმოძრაობას“, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით. „ნაცმოძრაობის“ გუნდმა მნიშვნელოვანი განახლება, ტრანსფორმაცია განიცადა, ჩვენ განვაახლეთ ბორდი და სტაფი. არიან ახალი ადამიანები, ახლებური ხედვით. მათი ახლებული გაანალიზების შედეგია ეს ტარიფები. სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი სიძლიერე და ეს არის მმართველობაში ჩვენი მობრუნების მთავარი საფუძველი. არა მგონია, იმის გამო ვინმემ პასუხი მოგთხოვოს, რატომ ხელისუფლებაში ყოფნისას არ გავაიაფეთ ტარიფები? - ეს იმიტომ, რომ მაშინ ვერ მივაგენით ამ გზას. ასეთი მარტივი პასუხი მექნება. დაპირებებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებას კითხვები უნდა გაუჩნდეს „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით“, - გვითხრა გიორგი თევდორაძემ და დავით ნარმანიას მუშაობაც უარყოფითად შეაფასა:

„ყველამ ვნახეთ, ამ წელიწადისა და რვა თვის განმავლობაში რა გააკეთა, როდესაც „ჰაივეის“ ჩქაროსნულ ტრასას მხოლოდ კილომეტრი და 600 მეტრი მიემატა, პრაქტიკულად გაჩერდა მთელი ინფრასტრუქტურა ნარმანიას ინფრასტრუქტურის მინისტრობის დროს. ასეთი „წარმატების“ მქონე მინისტრს რამდენად აქვს უფლება, გააკეთოს სერიოზულ წინსვლებზე განცხადებები?!“

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებები დაფუძნებულია ბაზრის თავისუფლების ხარისხის გაზრდისა და ლიბერალიზაციის პრინციპებზე. ამის ერთ-ერთი თავი სწორედ საშემოსავლო გადასახადის შემცირებაა. გარდა ამისა, ისინი დიდი ხანია, ითხოვენ ფინანსური ამნისტიის კანონს, რათა ბიზნესს მაქსიმალური სტიმული მიეცეს ახალი ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების გასაჩენად.

„კომუნალური გადასახადების შესაძლო შემცირებისას მთავარი პრინციპია თბოეკოლოგიური გათბობის სისტემების დამონტაჟება. სწორედ ამან უნდა შეამციროს გაზის ხარჯი. მზის ენერგიის ნაწილობრივი გამოყენებით და ასეთი ჰიბრიდული სისტემების გავრცელებით შეიძლება შემცირდეს ტარიფი. თორემ ისე არ მოხდება, რომ უცებ გაზის ფასმა დაიკლოს. ეს მსოფლიო საბაზრო კონიუნქტურასა და საერთაშორისო ხელშეკრულებაზეა დამოკიდებული“,  - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.

მან ისიც გაიხსენა, რომ „ოცნება“ ხალხს 250- ლარიან პენსიებს ჰპირდებოდა, თუმცა 150 ლარზე მეტად ვერ გაზარდეს პენსიები, რაც რეალურად ნაციონალების დაპირება იყო და ბიუჯეტშიც სწორედ ამისთვის სამყოფი თანხები არსებობდა.

„დავით ნარმანიას დაპირება სოციალური სფეროსთვის 800 მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე არა მგონია, ეკონომიკურ-მეცნიერულ გათვლებზე იყოს დაფუძნებული. ამ დაპირებას ან შეასრულებენ, ან არა. თუმცა პარალელურად ძველებური ტემპებით ეკონომიკა თუ არ ამოქმედდა, მეორედ ამ დანაპირებს ვერ შეასულებენ“.