გაიცინეთ!

გაიცინეთ!

თუ მძიმე დღე გქონდათ - ძალიან დაიღალეთ და, თან, უსიამოვნებებიც შეგემთხვათ, ცხადია, საღამო მოშხამული გექნებათ და, შესაბამისად, არც მეორე დღეს იგრძნობთ თავს მხნედ და მხიარულად. მაგრამ, არც კი იფიქროთ წამლების დალევა. გაცილებით ეფექტურია, სიმხნევესა და ხალისის დასაბრუნებლად ყველაზე მარტივი და, ამავე დროს, სასიამოვნო ხერხი გამოიყენოთ - გაიცინეთ.

დიახ, გაიცინეთ და რაც შეიძლება ხმამაღლა. შეიძლება, სულაც არ გეცინებათ, მაგრამ, თავს ძალა დაატანეთ: ჩაიხედეთ სარკეში, „აღმოაჩინეთ“, რომ იქიდან მშვენიერი ქალი გიყურებთ, გაეკეკლუცეთ საკუთარ თავს და გაიღიმეთ მაინც. ღიმილს კი სიცილიც მიაყოლეთ.

დაიწყეთ თავის მოწესრიგება: გაიკეთეთ ცოტა თამამი მაკიაჟი, ჩაიცვით ის ტანსაცმელი, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად გიხდებათ.

გაიხსენეთ რომელიმე მხიარული მელოდია და წაიღიღინეთ - ასე ნამდვილად დაეხმარებით საკუთარ თავს, შეძლებთ დაივიწყოთ დაღლილობა და უსიამოვნება და მხიარულებისთვის განეწყოთ.

ჩაის ან ყავის დალევისას გაიხსენეთ ყველაზე სასიამოვნო და სასაცილო ეპიზოდები თუნდაც თქვენი შორეული წარსულიდან და საკუთარ ღირსებებში დარწმუნებული გაემართეთ სამსახურში.

თუ დღის განმავლობაში ბოლომდე მაინც არ გამოგისწორდათ განწყობა, გადადეთ ყველა საქმე და წადით იმ მეგობართან (ან მეგობრებთან), რომლის საზოგადოებაშიც ყველაზე მშვიდად და ლაღად გრძნობთ თავს.

თქვენი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაზღვრეთ, რა გაუთვალისწინებელ ხარჯს გაუძლებს თქვენი ჯიბე და გაიკეთეთ პატარა საჩუქარი - იყიდეთ, ვთქვათ, ლამაზი ბიჟუტერიის სამკაული, ან, სულაც, ის სუნამო, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ.

საღამოს, ძილის წინ, უყურეთ რამე კარგ კინოკომედიას და იცინეთ მთელი ძალით, თუნდაც თქვენი ოჯახის წევრებს უკვე ეძინოთ, ან მოძებნეთ ინტერნეტში ანეკდოტების გვერდი და თქვენი მოსაწონი ყველა ანეკდოტი ხმამაღლა წაიკითხეთ.