ივნისიდან მსხვილ იმპორტიორებს სათბურიდან გამოიყვანენ

ივნისიდან მსხვილ იმპორტიორებს სათბურიდან გამოიყვანენ

მსხვილი იმპორტიორები რამდნიმე დღის შემდეგ აღმოჩნდებიან იმ რეჟიმში, რომელშიც წესით და რიგით აქამდეც უნდა ყოფილიყვნენ. ისინი პირველ ივნისიდან იმპორტის დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბეგვრის სპეციალური რეჟიმით ვეღარ ისარგებლებენ. ამ საკიხთზე ბიზნესმენებისა და ხელისუფლების შეთანხმება ვერა და ვერ შედგა.

საქართველოს პარლამენტის მიერ „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები, რომელიც 200 000 ლარზე მეტი ბრუნვის მქონე იმპორტიორებისთვის შეღავათების გაუქმებას გულისხმობს, 2 კვირის შემდეგ ამოქმედდება.

ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორი დეპუტატი გოგი თოფაძემ აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები იმპორტიორსა და ადგილობრივ მეწარმეს, რომელსაც ამ ოდენობის ბრუნვა არ აქვს, თანაბარ პირობებში ჩააყენებს, რადგან კანონი აღარ არის ისეთი დისკრიმინაციული, როგორიც ცვლილებების მიღებამდე იყო.

„ბიზნესს დღგ-ს გადახდა მყისიერად უწევს. რეალურად, სახელმწიფო იმპორტიორს მოკლევადიან უპროცენტო სესხს აძლევდა“, - აცხადებს თოფაძე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეთანხმება მრეწველთა ინიციატივას, რომ გარკვეული კატეგორიის იმპორტიორები საგადასახადო შეღავათებით არ უნდა სარგებლობდნენ.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ბაზარზე იყოს კონკურენტული გარემო და ყველა მეწარმე იყოს თანაბარ პირობებში. როგორც აღმოჩნდა, მეწარმეთა ნაწილი გარკვეული პერიოდის შემდეგ იხდის დამატებული ღირებულების გადასახადს, რაც მათ არათანაბარ პირობებში აყენებს მცირე და საშუალო საწარმოებთან შედარებით“, - აცხადებს ნოდარ ხადური.

ამ დროს უმსხვილესი იმპორტიორები სხვა აზრზე დგანან. დაწესებული შეღავათების გაუქმებით, ისინი საინვესტიციო გარემოს გაუარესების საფრთხეს ხედავენ. ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორის „ალიანს ჯგუფის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსხვილი კომპანიები ყოველთვიურად ბიუჯეტში ასიათასობით ლარს იხდიან. მამუკა ცაგარელი განმარტავს, რომ დღგ-სთან დაკავშირებული შეღავათი კომპანიებისთვის ძალიან მოსახერხებელია, რადგან აქვთ საშუალება გადასახადი არა საზღვარზე განბაჟებისას, არამედ ოდნავ მოგვიანებით, დეკლარაციის წარდგენისას გადაიხადონ.

ცაგარელი ამბობს, რომ ამ საკითხს კონკურენციასთან კავშირი არა აქვს და შესაძლოა, მან უარყოფითად ინვესტორებზე იმოქმედოს, რადგან ასეთი შეღავათი ინვესტორისთვის სტიმულია. შეღავათის გაუქმებით კი, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არაფერი შეიცვლება.

კომპანია „ჯიდი ჰოლდინგშიც“ აცხადებენ, რომ ეს ცვლილება უარყოფითად შეიძლება შეფასდეს და ყველა ასეთი ცვლილება კოდექსში საინვესტიციო გარემოზე უარყოფითად მოქმედებს.

აღნიშნულ ცვლილებებს მსხვილი იმპორტიორების გარდა, ექსპერტების ნაწილიც ეწინააღმდეგება.

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტის პაატა შეშელიძის განცხადებით, შეღავათები არამცთუ უნდა გაუქმებულიყო, არამედ დღგ ყველა იმპორტიორს უნდა მოხსნოდა და მსგავსი კანონპროექტის ავტორები პარლამენტში არ უნდა ისხდნენ.

„მათ სურთ, თავიანთი უვარგისი პროდუქცია გაგვასაღებინონ. სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ კანონპროექტის ლიკივიდაცია“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.