„მოგზაურობა“

„მოგზაურობა“

ღვინო და ქართველი მსახიობები ერთგული მეგობრები არიან. ამ სიყვარულმა და ურთიერთგაგებამ დროის მკაცრ გამოცდას თავი ჩინებულად გაართვა. ისინი ძმაკაცობენ, ერთმანეთს არ ღალატობენ და ჭირსა თუ ლხინშიც გვერდი-გვერდ არიან.

მუსიკოსი თენგიზ ამირიძე ერთ სახალისო შემთხვევას ხსირად იხსენებს.

„მე და ჩემი მეგობარი რეზო ერთ დროს თელავის მუსიკალურ სასწავლებელში ვმუშაობდით. მეცადინეობები მოვრჩით, სამი თვის შვებულების ფული ავიღეთ, ახლო მდებარე რესტორანში შევედით და სასწავლო წლის დასრულება აღვნიშნეთ.

რესტორანიდან გვიან ღამით გამოვედით. თბილისში მოვდიოდით და გზაზე მანქანა გავაჩერეთ. ქალაქს მოახლოებულებმა აეროპორტს ჩავუარეთ. ამ ნაბახუსევზე იდეა მომივიდა და ჩემს მეგობარს ვუთხარი:

- შვებულების ფული საკმაოდ გვიდევს ჯიბეში, სახლში ერთი–ორი დღე კიდევ არ გველიან, მოდი, მოსკოვში გადავფრინდეთ და თვალს წყალი დავალევინოთ - მეთქი.

ჩვენი ერთ-ერთი ახლობელი იმ პერიოდში მოსკოვში ასპირანტურაში აბარებდა. გადავწყვიტეთ სიურპრიზი მოგვეწყო და მოგვენახულებინა. ავიღეთ ბილეთები და დავსხედით მოსაცდელში, მაგრამ რეისამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, ამიტომ რესტორანში წავედით და კარგადაც მოვილხინეთ.

ჩვენი „ვოიაჟი“ ძალიან წააგავდა რიაზანოვის ცნობილი ფილმის, „ბედის ირონიის“ სიუჟეტს, ოღონდ „ქართულ ვარიანტში“ იყო გადაწყვეტილი. მოსკოვში ჩაფრენილებმა ახლობლის ტელეფონის ნომერი მოვძებნეთ და დავრეკეთ. ცოტა ხანში სახლში მივადექით. იქიდან რესტორანში წავედით. სადილი გადავიდა სამხარში, სამხარი - ვახშამში.

ჩვენ სადაც ვქეიფობდით, იქვე ახლოს იყო ლენინგრადის სადგური. ზურას ჩაეძინა. მე და რეზომ ლენინგრადის მატარებლის ბილეთები ვიყიდეთ. ჩვენი მოსკოველი ძმაკაცი „მეშოკივით“ გადავიკიდეთ და კუპეში შევიტანეთ.

დილით ზურამ გაახილა თვალი და აზრზე ვერ მოვიდა სად იყო.

- ბიჭებო, სახლში ვარ თუ რესტორანში?

- ლენინგრადში! - უპასუხა რეზომ.

ჩავედით და საღამოს რეისზე მოსკოვში დასაბრუნებელი ბილეთები ავიღეთ. ამის შემდეგ ლენინგრადის ცენტრში მივედით და  საკმაოდ პრესტიჟული რესტორანი შევარჩიეთ.

შევუდექით მამაპაპურად ქეიფს. უცბად ზურა ადგა, მივიდა რესტორნის ბიგ - ბენდის ხელმძღვანელთან და რაღაც გადაულაპარაკა. შემდეგ ჩვენს მაგიდასთან დაბრუნდა და „სცენაზე გელოდებიანო“ - მითხრა.

რაღა მექნა,  დავჯექი როიალთან და დავიწყე თემა. ბენდის მუსიკოსები უკვე ალაგებდნენ შალითებში ინსტრუმენტებს. ბას - გიტარამ თემა რომ მოისმინა, გახსნა შალითა, ამოიღო ინსტრუმენტები და ამყვა. მერე დასარტყამმა მომცა რიტმი და ასე დაბრუნდა სცენაზე ბიგ - ბენდი. ორმოცი წუთი ვუკრავდი ჯაზურ იმპროვიზაციებს და რომ დავასრულეთ, ხალხი ფეხზე ადგა და ტაშს გვიკრავდა.

ზურა და რეზო მაჯაზე მანიშნებდნენ, მახსენებდნენ, მატარებელზე გვაგვიანდებაო, მეც იძულებული გავხდი, ეს „საქველმოქმედო“ კონცერტი შემეწყვიტა. რამდენიმე წუთში მეგობრები ლენინგრადის სადგურზე გავრბოდით, რათა მოსკოვის მატარებლისთვის მიგვესწრო.

ასე „დავალევინეთ თვალს წყალი“ უგრძელესი რეისით: თბილისი-მოსკოვი-ლენინგრადი-მოსკოვი-თბილისი”.