ფრანგი რეჟისორის ჟან–ლუკ გოდარის განცხადებით, ის ახალ ფილმს მოლაპარაკე ძაღლზე გადაიღებს. ფილმის სიუჟეტი აგებულია ცოლ–ქმრის ურთიერთობაზე, რომლებსაც უჭირთ საერთო ენის გამონახვა. მათ კონფლიქტში ერთვება მოლაპარაკე ძაღლი. “როგორ შევძლებ ამის განხორციელებას, ჯერ არ ვიცი“ – აღნიშნა რეჟისორმა.
შესაძლოა, გოდარი მოლაპარაკე ძაღლის როლში საკუთარ ძაღლს გადაიღებს. რეჟისორის თქმით, მას არ სურს, რომ ფილმში სპეციალურად გაწვრთნილი შინაური ცხოველი მონაწილეობდეს. გოდარი არ ასახელებს მთავარი როლის შემსრულებლების ვინაობას. „შესაძლებელი რომ იყოს, ფილში მოვიწვევდი ჰამფრი ბოგარტსა და ევა გარდნერს“,– დასძინა რეჟისორმა. ახალი ფილმის სახელწოდება იქნება – “Adieu au Langage” (“დამშვიდობება მეტყველებასთან”).
როგორც აღმოჩნდა, გოდარი დაინტერესებულია 3D-ფორმატით და მიესალმება ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. ჟან–ლუკ გოდარი 1950–1960 წ.წ. ფრანგული კინომატოგრაფიის “ახალი ტალღის“ წარმომადგენელია. რეჟისორის პრველი სრულმეტრაჟიანი ფილმია “უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“ (1960), რომელიც “ახალი ტალღის“ ერთ–ერთი კლასიკური ნამუშევარია.
გოდარს კინომატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ამერიკის კინოაკადემიამ საპატიო ჯილდო “ოსკარი“ მიანიჭა.