შსს-ს წარმომადგენლები სკოლა „ფესვები“-ს მოსწავლეებთან

შსს-ს წარმომადგენლები სკოლა „ფესვები“-ს მოსწავლეებთან

შსს-ს წარმომადგენლებმა, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისში, ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა „ფესვები"-ს მოსწავლეებთან საინფორმაციო- საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა გამართეს და მათ სინთეზური ნარკოტიკის, იგივე „ბიოს" წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს.

შეხვედრაზე შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სოფო კილაძე მოზარდებს შსს-ს მიერ ინიცირებული ანტინარკოტიკული საკანონმდებლო ცვლილებების და მათი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. მან მოსწავლეებს განუმარტა, რომ 1 მაისიდან ძალაში შევიდა კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" და ამ კანონის თანახმად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა იკრძალება, შესაბამისად კი, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით ისჯება.

შეხვედრის მსვლელობისას, შსს-ს წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებს ანტნარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლებიც უჩვენეს, რომლებშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები სინთეზური ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებზე და სავალალო შედეგებზე საუბრობენ. მოზარდებს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული მავნე ზეგავლენის შესახებ დეტალური ინფორმაცია ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ მიაწოდა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ე.წ „ბიოს" წინააღმდეგ მიმართული ანტინარკოტიკული კამპანია შსს-მ 24 მარტს დაიწყო. მისი სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება".