ცნობილი მილიარდერების ახირებები

ცნობილი მილიარდერების ახირებები

მილიარდერები, მათი ახირებები, გატაცებები და ჩვევები, უმეტეს შემთხვევაში, განსხვავდება უბრალო ადამიანების გატაცებებისგან.

ლეგენდარული ჯონ დ. როკფელერი პენსიაზე გასვლის შემდეგაც კი, ენერგიულობით გამოირჩეოდა. ბიზნესიდან წასული მილიარდერი გოლფის თამაშმა გაიტაცა და საკუთარ მიწებზე მან სპეციალური მოედნები ააშენა, სადაც გოლფის თამაშს  დღის განმავლობაში 4-7 საათს უთმობდა. როკფელერი თავად ხელმძღვანელობდა მოედნების დასუფთავების ოპერაციას, ხოლო ყინვის დროს თავის პარტნიორებს გათბობით აღჭურვილ ჟილეტებს ურიგებდა. ამის გარდა, როკფელერის ახირება გახლდათ ხეების გადარგვა. იგი პირადად აკონტროლებდა და ხშირ შემთხვევაში, თავადაც რგავდა, სპეციალისტებთან ერთად, 30 მეტრამდე უზარმაზარ ხეებს სპეციალური დანადგარებით თავის ნაკვეთში ნიუ-იორკთან ახლოს, პოკანტიკოში. ასევე, როკფელერი ნერგების დარგვის დიდი მოყვარულია და მისი პირადი რეკორდია – კვირაში 10 ათასამდე ნერგი.

მილიარდერი ჯონ პოლ გეტი ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობით იყო გატაცებული. მის სასახლეში ლონდონთან ახლოს ხშირად იკრიბებოდნენ ანტიკვარები და ხელოვნებათმცოდნეები, რომლებიც კონსულტაციებს უტარებდნენ და რჩევებს აძლევდნენ მილიარდერს ამა თუ იმ ნივთის ყიდვის თაობაზე. მათივე დახმარებით დგინდებოდა ნივთების სინამდვილე. ჯონ პოლ გეტი დღის უმეტეს ნაწილს მუზეუმებსა და ანტიკვარულ მაღაზიებში ატარებდა, სადაც ისტორიულ ექსპონატებს და  სასურველ ნივთებს არჩევდა თავისი კოლექციისთვის.

უორენ ბაფეტი, ლეგენდარული ფინანსისტი საკვების ამბავში სულაც არ არის პრეტენზიული. მილიარდერის საყვარელი კერძია ჰამბურგერი, პოპკორნი, ტკბილეულიდან კი – შოკოლადის ნაყინი. სასმელებიდან ბლის გაზირებულ სასმელს ანიჭებს უპირატესობას. ცნობილია, რომ ბაფეტი დიდად არ იხარჯება საჭმელზე, იგი დღეში თავის რაციონში 1 000 კალორიაზე მეტს არ იღებს. საინტერესოა, რომ ბაფეტთან სადილობა აუქციონზე იყიდება და გასულ წელს ერთ-ერთმა მსურველმა ამაში 2,6 მილიონი დოლარი გადაიხადა.

მილიარდერი მარკ ცუკერბერგი ცნობილი იყო როგორც ვეგეტარიანელი, ბოლო დროს კი ხორცის ჭამაც დაიწყო. თუმცა, ამას თავისებური დატვირთვა აქვს, ხორცი აუცილებლად მარკის მიერ დაკლული ცხოველისა და ფრინველის უნდა იყოს. 2011 წელს ცუკერბერგმა პირველად დაკლა ღორი, თხა და ქათამი.

რომან აბრამოვიჩი ტრიუფელის ჯიშის სოკოს მოყვარულია. ერთხელ მან ერთ-ერთ აუქციონზე თეთრი ტრიუფელი 1,5 მილიონ  რუბლად შეიძინა, თუმცა მისგან კერძის დამზადება ვერ მოახერხა და სოკო მაცივარში გაფუჭდა. მედიის ცნობით, ერთხელ აბრამოვიჩმა ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში ტრიუფელისგან დამზადებულ კერძში 50 ათასი ფუნტი გადაიხადა. ასევე, ცნობილია ფაქტი, რომ ბაქოში, რესტორანში, აბრამოვიჩმა სასწრაფო რეისით ლონდონის ჩინური რესტორნიდან სუშის პორცია გამოაგზავნინა.