საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებში ისევ დიდი სხვაობაა. სხვათა შორის, ამჯერად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ვერ თანხმდებიან ზოგად მონაცემზე. სსფ-ს, ევრობანკის და მსოფლიო ბანკის ანალიზი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება და არა 4.5%-ით, როგორც ევრობანკი ამას წლის დასაწყისში ფიქრობდა. ბანკის მიერ 14 მაისს გამოქვეყნებულ პროგნოზში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა გაისადაც 4%-ით გაიზრდება. ორივე წლის პროგნოზის შესრულება კი დამოკიდებულია იმაზე რამდენად შორს წავა უკრაინა-რუსეთის კრიზისი.
ევრობანკი თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის კრიზისი, არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნის ეკონომიკებს დაასუსტებს, არამედ მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე მოახდენს გავლენას.
დსთ-ს სივრცეში უკრაინა იქნება ერთადერთი ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც წელს 7%-ით შემცირდება და ზრდას 2015 წელსაც ვერ დაუბრუნდება. იანვარში კი ევრობანკმა უკრაინის ეკონომიკას წელს 1.5%-იანი ზრდა უწინასწარმეტყველა.
რუსეთის ეკონომიკა წელს სტაგნაციაში იქნება, ხოლო მომავალ წელს 0.6%-იან ზრდას მიაღწევს, თუმცა არსებული პოლიტიკური დაძაბულობისა და სანქციების ფონზე, ესეც ძნელად სავარაუდოა.
დსთ-ს წევრი ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ზრდა წელს მოსალოდნელია თურქმენეთსა (10%) და უზბეკეთში (7.5%).
ასე რომ, საქართველო კვლავ საპროგნოზო მაჩვენებლების შეუსრულებლობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მართალია, მთავრობა ჯერჯერობით წელგამართულია, რასაც პირველი კვარტლის შედეგებიც ადასტურებს, მაგრამ საგარეო ფაქტორები წლის მეორე ნახევარში, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას შარშან დაანონსებული 5%-იანი პროგნოზი არ შეუცვლია.
მასვე ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. მისი მონაცემები ემთხვევა სამთავრობო პროგნოზს. ფონდის მიერ გაკეთებული უახლესი ანალიზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება და იგივე ზრდის ტემპი შენარჩუნდება მომავალ წელსაც.
კიდევ უფრო შორს წავიდა მსოფლიო ბანკი, რომლის ოპტიმიზმმა საქართველოს ხელისუფლების ოპტიმიზმსაც გადააჭარბა. მსოფლიო ბანკის სპეციალისტთა შეფასებით ჩვენი ეკონომიკა წლის ბოლომდე 6,3%-იან მატებასაც მოახერხებს. ასეთი ტემპი კი ბოლო წლებში არ ყოფილა.
რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს. „პიემსი“ კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2013 წელს უკრაინა საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი იყო და ამ ქვეყნის კრიზისმა სერიოზული გავლენა მოახდინა საქართველოს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებზე 2014 წლის პირველ თვეებში. 2014 წლის მარტში საქართველოს ექსპორტი უკრაინაში 55%-ით შემცირდა თებერვალთან შედარებით, ხოლო გასული წლის ნოემბერთან შედარებით 71%-ით. უკრაინული პროდუქციის საქართველოში იმპორტი მიმდინარე წლის მარტში 22.5%-ით შემცირდა გასული წლის ნოემბრის იმპორტთან შედარებით. მოსალოდნელია ამ მაჩვენებლების საგრძნობი გაუარესება მიმდინარე წლის აპრილ-მაისშიც.
კვლევითი ცენტრი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია განხორციელდეს საქართველოს ექსპორტის დივერსიფიცირება, რაშიც ქვეყანას დაეხმარება ასოცირების შეთანხმების და მისი შემადგენელი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა 2014 წლის 27 ივნისს.
ასევე, ნეგატიური ტენდენციები გამოვლინდა თურქეთის ეკონომიკაში, რაც გამოიწვია შიდა პოლიტიკურმა რისკებმა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესუსტებამ. ანალიზი ასევე ითვალისწინებს რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებსაც, რაც უარყოფითად აისახება რუსეთის ეკონომიკურ ზრდაზე. ეს ყველაფერი კი საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე გავლენას ნამდვილად მოახდენს.