სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვება (ვიდეო)

სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვება (ვიდეო)

დღეს, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამეთაურო-საშტაბო კურსი ოფიციალურად დასრულდა. სწავლების დახურვის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა.

სერჟანტებს სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება  თავდაცვის მინისტრმა  მიულოცა: „დღეს, შეიარაღებულ ძალებს სერჟანტების  კიდევ ერთი ღირსეული ნაკადი შეემატა. სერჟანტთა სკოლის ეს გამოშვება იმით გამოირჩევა, რომ სერჟანტების 30% ქალბატონები არიან. გვეამაყება, რომ ჩვენმა ქალბატონებმა შეიარაღებული ძალების მართვაში ასეთი აქტიური მონაწილეობა დაიწყეს. იცით, რომ სერჟანტები ჩვენი ჯარის ხერხემალია. საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული განვითარების გზაზე ეს  სერიოზული ნაბიჯი იქნება“.

ცერემონიალზე კურსდამთავრებულებს სწავლების დამთავრების შესაბამისი სერთიფიკატები თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გადასცეს. სერჟანტებს კურსის დასრულება გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებმა, პოლკოვნიკებმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და გიორგი კბილცეცხლაშვილმა, შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ალუდა კოპალიანმა, ასევე წვრთნებისა და განათლების სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ მიულოცეს.

კურსის გამოშვების ცერემონიალის დასასრულს, შეიარაღებული ძალების კაპელანმა, მამა ამირანმა პირადი შემადგენლობა დალოცა. დღეიდან კურსდამთავრებული სერჟანტები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.

სამეთაურო-საშტაბო კურსი საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების   31-მა უფროსმა  სერჟანტმა   15 კვირის განმავლობაში  გაიარა. სამხედრო სწავლებაში პირველად მიიღო მონაწილეობა ოთხმა ქალმა სამხედრო მოსამსახურემ. პროგრამა  ასეულის და ბატალიონის შტაბის სერჟანტის მომზადებას ითვალისწინებდა. სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკის საფუძვლები, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები, საბრძოლო მომზადების ორგანიზების პრინციპები და კომპიუტერული საოფისე პროგრამები შეისწავლეს. სერჟანტები კურსის განმავლობაში სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესსაც გაეცნენ და სამხედრო ბრძოლების ისტორის შესახებ სპეციალური სემინარები მოისმინეს.

კურსის ფარგლებში,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოს პარლამენტში გაცნობითი ხასიათის ვიზიტებიც განხორციელდა.