აწგარდაცვლილ ცნობილ ფრანგ მსახიობ ქალთან – ანი ჟირარდოსთან გამოთხოვების ცერემონიალი პარიზში გაიმართა. ცნობილ მსახიობს ქალაქის ცენტრში მდებარე სენ-როკის ეკლესიაში მიაგეს პატივი, რომლის მრევლიც ძირითადად ხელოვანი ადამიანებისგან შედგება. ანი ჟირარდოსთან გამოსათხოვებლად მივიდნენ ალენ დელონი, ჟან-პოლ ბელმონდო, კლოდ ლელუში, კულტურის მინისტრი ფრედერიკ მიტერანი და ასობით პარიზელი. მსახიობთან გამოთხოვების მოსურნეებს ეკლესია ვერ იტევდა.
ანი ჟირარდოს, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალავენ. უკანასკნელ გზაზე მსახიობს მხოლოდ უახლოესი ადამიანები გააცილებენ. ანი ჟირარდო 28 თებერვალს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დიდი ხნის მანძილზე არცჰაიმერის დაავადებით იყო დასნეულებული.
ცნობისთვის, ანი ჟირარდო 1931 წელს დაიბადა. თავდაპირველად ქირურგობას აპირებდა, თუმცა მსახიობობაზე ოცნებამ იგი პარიზის დრამატული ხელოვნების კონსერვატორიაში მიიყვანა. თავდაპირველად კინოში მის მიერ განსახიერებული როლები ნაკლებად შესამჩნევი იყო, თუმცა 1860 წელს ანი ჟირარდომ საყოველთაო ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ლუკინო ვისკონტოს ფილმში “როკო და მისი ძმები“ მეძავ ნადიას როლი შეასრულა. ფილმში მისი პარტნიორები იყვნენ ალენ დელონი და რენატო სალვატორი, რომელსაც მოგვიანებით ცოლად გაჰყვა კიდეც.
80-იან წლებში მსახიობს შემოქმედებითი კრიზისის ხანა დაუდგა. იგი მეუღლეს გაეყარა და ალკოჰოლს მიეძალა. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით მაინც შეძლო დიდ ეკრანზე დაბრუნება. მთლიანობაში, ანი ჟირარდომ 50 როლი შეასრულა.