მაშველებმა სტეფანწმინდაში სამაშველო ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს

მაშველებმა სტეფანწმინდაში სამაშველო ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა, ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, ხეობაში ჩავარდნილი ინდოეთის მოქალაქე სამევი ვიქარულ ისლამი ჩამოიყვანეს.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დაბა სტეფანწმინდაში, პარაპლანით ფრენისას, ინდოელი ტურისტი ერთ-ერთ ხეობაში, მთის ფერდობზე ჩამოვარდა და მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ყაზბეგის სამორიგეო განყოფილების სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ სამევი ვიქარულ ისლამის ფეხი ჰქონდა მოტეხილი. მაშველებმა მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს და საკაცით ხეობიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანამდე ჩამოიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის სამევი ვიქარულ ისლამის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.