ნიკოლა სარკოზის სექსსტიმულები ანუ საიდუმლო სექს-ვარჯიში

ნიკოლა სარკოზის სექსსტიმულები ანუ საიდუმლო სექს-ვარჯიში

ის ზუსტად ისეთივე აქტიური და ენერგიულია, როგორიც ძლიერ ბატარეაზე მომუშავე "დურასელის" ყურცანცარა კურდღელი, - ასე ფიქრობენ ნიკოლა სარკოზიზე მისი არაკეთილმოსურნენი. და მართლაც, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკაში, ისე ცხოვრებაში, დაუდგრომელია.

პრეზიდენტობამდე სარკომ არაერთი სახელისუფლებო სავარძელი გამოიცვალა: აქტიურად ებრძოდა პროსტიტუციას, გზებზე ავარიებსა თუ ახალგაზრდულ ამბოხებებს. იმავდროულად სამჯერ დაქორწინება და უამრავი რომანის გაბმაც მოასწრო. პრესაში არაერთხელ დაწერილა იუსტიციის მინისტრთან, კოლეგა მინისტრის ცოლთან და ტელეჟურნალისტთან მის ყველაზე სკანდალურ კავშირებზე... სასიყვარულო ფრონტზე სუპერაქტიური ნიკოლა სარკოზი ლამაზმანებს იერიშით იპყრობს. თავისი მესამე მეუღლის კარლას შესაბმელად, მხოლოდ ერთი საღამო იკმარა. ისე, დიდხანს არც ავყიებმა დაახანეს და ხმები დაყარეს - ლოგინში სარკოს ჰიპერაქტიურობა საეჭვო პრეპარატების მიღების შედეგიაო... 

თუმცა სარკოზი ჯანმრთელობას ძალიანაც უფრთხილდება და სტიმულატორებიდან მხოლოდ შოკოლადს თუ აღიარებს. სასურველ ფორმას კი აგერ უკვე 15 წელია, ალტერნატიული მედიცინის სპეციალისტის, ჟან-პოლ მუროს დახმარებით ინარჩუნებს. სწორედ მან ურჩია პრეზიდენტს ძუნძულით სირბილი და სარკომაც ეს რჩევა ისე აიტაცა, რომ ერთხელ ელისეს სასახლეშიც კი შორტით შეძუნძულდა. ცხადია, ამ ამბავს სერიოზული აღშფოთება და კრიტიკა მოჰყვა: აქაოდა, ხალხის დასანახად სირბილი ფრანგული ტრადიცია არ გახლავთ და ამიტომაც, სარკოზიმ ოკეანისგაღმელი რემბოსგან კი არა, საფრანგეთის ეროვნული გმირის, პოეტ რემბოსგან უნდა აიღოს მაგალითიო. მაგრამ სუპერსარკოზი ყოველდღიურ გარბენებს მაინც ძველებურად მისდევს. 

პრესაში ექს-პრეზიდენტის კიდევ ერთი პირადი ექიმის - ჟიული იმპერიალის გულახდილი ინტერვიუ გამოჩნდა. თურმე ამ ქალბატონმა მას  სპეციალური ინტიმური ვარჯიშები გამოუწერა, რომლებიც მამაკაცს სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებასა და ნაადრევი ეაკულაციის დელიკატური პრობლემის გადაჭრაშიც ეხმარება.

ასეთი ვარჯიშების არსებობას სხვა სექსოლოგებიც ადასტურებენ, თუმცა მათი აზრით, ეს საკითხი უფრო ფართოდ უნდა განვიხილოთ, ვიდრე უბრალოდ სქესობრივი აქტის გახანგრძლივების მცდელობა. სქესობრივი ფუნქცია ადამიანებს თავიანთი მოდგმის გასაგრძელებლად აქვთ ბოძებული და მამაკაცს ამ ფუნქციის კარგა ხნით შენარჩუნებაც შეუძლია. საქმე ისაა, რომ ქალისგან განსხვავებით, მამაკაცს კლიმაქსი კი არა, სქესობრივი ფუნქციის თანდათანობითი ჩაქრობა (ინვოლუცია) ახასიათებს, რომლის სიჩქარის დარეგულირებაც თავადვე შეუძლია. ამიტომაც მამაკაცმა, რომელსაც ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება სურს, საკუთარი სექსუალური ჯანმრთელობის გაკაჟებასა და შენარჩუნებაზეც უთუოდ უნდა იზრუნოს. ნიკოლა სარკოზიც სწორედ ასე იქცევა. 

სრულფასოვანი კვება, შრომისა და დასვენების რეჟიმი და ფსიქიკური ჯანმრთელობა მამაკაცის სქესობრივ ფუნქციაზე დადებითად მოქმედი უმთავრესი ფაქტორებია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნით მავანნი განსაკუთრებულ ფსიქოტექნიკასა და წამლებსაც აქტიურად იყენებენ, განსაკუთრებული როლი მაინც მენჯის ფუძის კუნთების ვარჯიშს ენიჭება. იქ ხომ მამაკაცის "მეორე გული" ანუ წინამდებარე ჯირკვალია განთავსებული. ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა მცირე მენჯის მიდამოში სისხლის შეგუბებას იწვევს, რაც სასქესო ორგანოს სუსტი დაძაბვის (ერექციის) ერთ-ერთი მიზეზი ხდება. შეგუბება - ანთება, "მეორე გულის" ქსოვილის ცვლილება, პროსტატიტის, ადენომისა და კიბოს განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაც უფრო პასიურია ცხოვრების წესი, მით მეტია დაავადების რისკი. 

სპეციალური ვარჯიშები 
სარკოზის სექსოლოგმა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტისთვის "გამოწერილი" ვარჯიშების გამხელა არ ისურვა, მაგრამ გაირკვა, რომ მამაკაცთა სასქესო ორგანოების გასაკაჟებელი ვარჯიშები 

სექსოლოგებს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში შეუმუშავებიათ და დღემდე პრაქტიკაშიც წარმატებით იყენებენ. მათ დახმარებისთვის უამრავი ასაკოვანი თუ ხანდაზმული მამაკაცი მიმართავდა და მიმართავს, რომელთა შორის არაერთი ძალზე ცნობილი ადამიანიცაა. აი, ეს ვარჯიშები: 

1. სწორდით, ფეხები შეაერთეთ, ხელები კი სხეულის გასწვრივ დაუშვით. ხელების მაღლა აწევასთან ერთად, ფეხის წვერებზეც აიწიეთ და ჩაისუნთქეთ. დაუშვით ხელები, დაეყრდენით მთელ ტერფს და ამოისუნთქეთ. ვარჯიში, ნელ ტემპში, 3-6-ჯერ გაიმეორეთ. 

2. სწორდით, დოინჯი შემოირტყით და ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ. თითოეულ მხარეს 3-6-ჯერ გააკეთეთ მენჯის წრიული მოძრაობა და ისუნთქეთ თავისუფლად. 

3. სწორდით, ფეხები შეაერთეთ, ხელები დაუშვით. ჩაცუცქდით, ხელები წინ გაიშვირეთ, ადექით. ეს ვარჯიში გაიმეორეთ 3-6-ჯერ. ამ ვარჯიშისას ტემპი ნელია, სუნთქვა კი - თავისუფალი. 

4. სწორდით, ხელები დაუშვით. გადაიხარეთ წინ და ხელებით იატაკს შეეხეთ, ამოისუნთქეთ და გასწორდით. შემდეგ ასწიეთ ხელები და ჩაისუნთქეთ. ვარჯიში ნელ ტემპში 3-7-ჯერ გაიმეორეთ. 

5. სწორდით, ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ, დოინჯი შემოირტყით. ორივე მიმართულებით თავის წრიული მოძრაობები გააკეთეთ. ეს ვარჯიში ნელ ტემპში 8-13-ჯერ გაიმეორეთ. 

6. სწორდით, ფეხები შეაერთეთ, ხელები დაუშვით. მოადუნეთ ერთი ფეხი, სხეულის სიმძიმე კი მთლიანად მეორე ფეხზე გადაიტანეთ. შეცვალეთ ფეხი და იგივე გაიმეორეთ. ვარჯიში 10-20-ჯერ, სწრაფად შეასრულეთ. 

7. დაწექით იატაკზე და ხელები თავქვეშ ამოიწყვეთ. დაჭიმეთ ფეხები, გადაიტანეთ თავს უკან, იატაკს თითის წვერებით შეეხეთ და ამოისუნთქეთ. დაუშვით ფეხები და ჩაისუნთქეთ. ვარჯიში 4-8-ჯერ, ნელ ტემპში გაიმეორეთ. გულს ნუ გაიტეხთ, თუ ვარჯიში პირველივე დღეებში არ გამოგივათ. თავიდან ეცადეთ, ფეხები რაც შეიძლება, მაღლა ასწიოთ. 

8. სწორდით, ფეხები შეაერთეთ. მარჯვენა ხელით მოეჭიდეთ კედელს, ავეჯს ან კარს. მარჯვენა ფეხი წინ და უკან გაიქნიეთ. შეიცვალეთ მდებარეობა და მეორე ფეხითაც იგივე გაიმეორეთ. ვარჯიში 4-6-ჯერ შეასრულეთ. ტემპი საშუალო უნდა გქონდეთ, სუნთქვა - თავისუფალი.

9. დაწექით იატაკზე ან ტახტზე. თავქვეშ ხელები ამოიწყვეთ, მენჯქვეშ კი ბალიში ამოიდეთ. რიგრიგობით მოხარეთ ფეხები - გააკეთეთ ე.წ. "ველოსიპედი". ვარჯიში 5-10-ჯერ გაიმეორეთ. ტემპი საშუალოა, სუნთქვა - თავისუფალი.

10. დადექით მუხლებზე. იატაკს ხელებით დაეყრდენით და გაიზნიქეთ. დაჭიმეთ დუნდულები. შემდეგ წელში მოიხარეთ და ასე ჩაცუცქდით. ვარჯიში ნელ ტემპში 4-6-ჯერ შეასრულეთ. ისუნთქეთ მშვიდად. 

11. სწორდით, ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ და დოინჯი შემოირტყით. მაქსიმალური მონდომებით შეკუმშეთ უკანა ტანის სფინკტერი. შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა 4 წამის განმავლობაში და შემდეგ მაქსიმალურად მოდუნდით. ვარჯიში ნელ ტემპში, 8-10-ჯერ გაიმეორეთ. ისუნთქეთ თავისუფლად. ვარჯიშის ათვისების შემდეგ შეკუმშვის 6 წამამდე გახანგრძლივება შეგიძლიათ.

12. 1-3 წუთის განმავლობაში ჩაცუცუქულ მდგომარეობაში, გადაჯვარედინებული ნაბიჯით იარეთ. ხელები მაღლა ასწიეთ და ჩაისუნთქეთ, შემდეგ ხელები მუხლებზე დაიწყვეთ და ამოისუნთქეთ. 

სექსვარჯიშების შესრულება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება. მთავარია, ეს რეგულარულად და აუჩქარებლად გააკეთოთ. თავიდან თითოეული ვარჯიში რამდენჯერმე გაიმეორეთ და დატვირთვა თანდათანობით გაზარდეთ. ამ ვარჯიშების შედეგი როგორც თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზე, ისე ფიგურაზე მხოლოდ დადებითად აისახება. შემდგომში მათ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაკაჟებლად, შეიძლება - სირბილი, კუნთების დასაყენებლად და ლამაზი ძლიერი სხეულის გამოსაძერწად კი ჰანტელებით ვარჯიშიც დაუმატოთ. და კიდევ: სპეციალისტები ამ სექსვარჯიშებს ქალებსაც დაბეჯითებით ურჩევენ.