პერსონალურ მონაცემებზე წვდომის „გასაღების“ ბედი ნოემბერში გაირკვევა

პერსონალურ მონაცემებზე წვდომის „გასაღების“ ბედი ნოემბერში გაირკვევა

პერსონალურ მონაცემებზე წვდომის „გასაღები“ 1-ელ ნოემბრამდე ისევ სამართალდამცავების ხელში იქნება. ამ თარიღის შემდეგ კი, საქართველოში უწყებათშორისი კომისია შეიქმნება, რომელიც ახალ რეგულაციებზე იმსჯელებს - თუ ვის უნდა გადაეცეს „გასაღები“.

მსგავსი დაპირებით დასრულდა იურიდიულ საკითხა კომიტეტის სხდომა, სადაც ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელეს.

დეპუტატ შალვა შავგულიძისა და „რეზონანსის“ რედაქტორ ლაშა ტუღუშის მიერ მომზადებულ პროექტზე, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ, თუმცა, კანონპროექტი ღია მუხლით განიხილება.

კერძოდ, პროექტში ღიად ის ნორმა რჩება, რომლითაც უნდა განისაზღვროს - მომავალში, პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ისევ ძალოვან უწყებებს ექნებათ თუ, მობილურ კომპანიებს.

შავგულიძის განმარტებით, პერსონალურ მონაცემებზე წვდომის „გასაღები“ ამჟამად სამართალდამცავ სისტემაში არსებობს და ვარიანტი განიხილებოდა, რომ ის ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების ხელში გადასულიყო და კომპანიას განჩინების საფუძველზე, ინფორმაცია მიეწოდებინა როგორც სამართალდამცავი უწყებებისთვის, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის და განჩინების გამცემი სასამართლოსთვის, რათა ეფექტური კონტროლი განხორციელებულიყო იმაზე, მოიპოვებდნენ თუ არა სამართალდამცავები ნამდვილად იმ მოცულობის ინფორმაციას, რაც კომპანიების მხრიდან იქნა მიწოდებული.

„მსგავს ვერსიას განვიხილავდით, მაგრამ საშიშროება გამოითქვა იმისა, რომ რადგან ტექნოლოგური და ადამიანური რესურსი არ გაგვაჩნია და ვერ განხორციელდება ეფექტური კონტროლი კომპანიებიდან ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, წინადადება იყო, რომ არ გვეჩქარა და საკითხი შეგვესწავლა. საბოლოო ჯამში, საკითხის გადადებაზე შევჯერდით“, - აღნიშნავს შავგულიძე, რომელიც ყურადღებას კანონპროექტით გათვალისწინებულ სხვა რეგულაციებზე ამახვილებს.

კანონმდებელის ცნობით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებიდან შს სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდების მუდმივი ხაზი არსებობს, მაგრამ ამის პარალელურად, კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, რომელიც დაადგენს, თუ რა რაოდენობის ინფორმაცია გადადის აღნიშნული არხის მეშვეობით სამართალდამცავ უწყებებში.

„მეტად სავალალო მდგომარეობა გვაქვს. ამგვარი ღონისძიებების განხორციელებისას, კანონი სასამართლო ნებართვის აუცილებლობას ითვალისწინებს, მაგრამ კონტროლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რომელიც შეამოწმებს, რამდენად ხორციელდება აღნიშნული პროცესი სასამართლოს მიერ დაშვებულ ფარგლებში. კომპანიამ საერთოდ არ იცის, მისი რომელი აბონენტის და რა მოცულობის ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი სამართალდამცავი სისტემისთვის. კონტროლის ერთადერთი მექანიზმი არის მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი, მაგრამ მას კონტროლის განხორციელება იმაზე, თუ რა მოცულობის ინფორმაციის მოპოვება ხდება სამართალდამცავთა მიერ, არ შეუძლია“, - აღნიშნავს დეპუტატი.

შავგულიძის განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება შესაძლოა გაიზარდოს, რითაც, ეს ინსტიტუტი უფრო ეფექტური გახდება.

მისი თქმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი უნდა დანიშნოს არა მთავრობამ, არამედ პარლამენტმა აირჩიოს.

„ინსპექტორი პარლამენტის მიერ უნდა იყოს არჩეული. შესაბამისად, ის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე იქნება და მის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტურად შემოწმებასთან დაკავშირებით კითხვები აღარ გაჩნდება. ინსპექტორს რეალურ უფლებამოსილებას ვანიჭებთ, მისი კონტროლის უფლებამოსილება გავრცელდეს შეუზღუდავად სამართალწარმოების სფეროზე და ყველა სახის სუბიექტზე - იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან“, - აცხადებს შავგულიძე.

აღსანიშნავია, რომ ფარული ღონისძიებების განხორციელება მხოლოდ დანაშაულთა განსაზღვრული კატეგორიის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

კერძოდ, შავგულიძის განმარტებით, ფარული მიყურადების განხორციელება დაშვებული იქნება მხოლოდ განზრახ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებთან მიმართებაში.

მისი თქმით, იმ პირთა წრეც განისაზღვრა, ვის მიმართაც აღნიშნული ტიპის ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს.

„ესენი არიან - დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი, ან პირი, რომელსაც პირდაპირ კავშირში მყოფი პირი იყენებს კომუნიკაციის განსახორციელებლად. სავალდებულოა, რომ პროკურატურის შუამდგომლობაშიც და მოსამართლის განჩინებაშიც იყოს დასაბუთებული, რომ მოსმენა წარმოადგენს უკიდურეს საშუალებას მიზნის მიღწევისთვის. ასევე კანონპროექტში დევს ე.წ. შეტყობინების პრინციპი, ანუ, პირს, რომლის მიმართაც ფარული ღონისძიება განხორციელდება, მას ოდესმე ამის შესახებ უნდა ეცნობოს, გასაჩივრების უფლება იქვე განემარტოს და მას გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში შეუძლია, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ სარჩელი კანონიერად იქნება ცნობილი, მანამდე ფარულად მოპოვებული ინფორმაციები დაუყოვნებლივ განადგურებას ექვემდებარება“, - აღნიშნა შავგულიძემ.

თანაგუნდელის მსგავსად, იდეით გამოვიდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, რომელიც ითხოვს, რომ სატელეფონო მოსმენა ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად აღირიცხოს.

ხმალაძის მოსაზრებით, როცა ვინმეს ტელეფონი მოსმენაზე ჩაირთვება, ეს ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად უნდა აღირიცხებოდეს.

„ავტომატურ რეჟიმში აღრიცხვის შემთხვევაში, მაკონტროლებლის მიერ შესაძლებელი გახდება იმის ნახვა, რამდენად შეესაბამება ჩართვები და გამორთვები, ასევე მოსმენების პერიოდები იმ განჩინებებს, რომელიც სასამართლოს მიერ არის გაცემული. ეს იმისკენ იქნებოდა მიმართული, რომ ხელისუფლებამ უკანონო მოქმედებები არ განახორციელოს. ანუ, „გასაღების“ უკანანოდ გამოყენება არ მოხდეს“, - განმარტავს ხმალაძე.

კანონპროექტით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებს კამპანია „ეს შენ გეხება“-ს ორგანიზატორები მიესალმებიან, მაგრამ ისინი პერსონალურ მონაცემებზე წვდომის „გასაღების“ გადაცემას მობილური კომპანიებისთვის ითხოვენ.

ლაშა ტუღუშის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში ე.წ. გასაღები სწორედ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების ხელშია.

„ყველა ექსპერტი, რომელიც ჩამოვიდა თუ არ ჩამოვიდა, ამბობს, რომ კარგი პრაქტიკაა, როცა „გასაღები“ არის მობილურ კომპანიებში. ევროპაში, სადაც განსხვავებული პრაქტიკაა, ეს მიიჩნევა ხარვეზიან პრაქტიკად. სასურველია, ამ საკითხზე ივნისამდე მეტი პროგრესი გაჩნდეს, რადგან დრო ძალიან ძვირფასია. ყოველი დღე მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანის უფლებებს ეხება და მართლაც გაუგებრად მიმაჩნია, ეს ვადა რატომ იწევს 1-ელ ნოემბერმდე“, - აღნიშნავს ტუღუში, რომლის პათოსს იზიარებს „საერთაშორისო გამჭირვალეობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი.

ეკა გიგაურის შეფასებით, რაც კანონში გაიწერა, წინ გადადგმული ნაბიჯია.

„პრობლემატური საკითხი არსებობს - „გასაღები“ სამართალდამცავ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ, თუ მობოლიურ ოპერატორებს. ამ საკითხის თაობაზე სამართლდამცავები პრესის ფურცლებიდან გვესაუბრებიან და ამბობენ, რომ პრობლემები შეიქმნება, მაგრამ სამწუხაროა, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები განხილვებს არ ესწრებიან და სხდომას თავს არიდებენ“, - დასძენს გიგაური, რომლის მსგავს პოზიციაზეა „ნაციონალური მოძრაობა“.

უმცირესობა ითხოვს, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა შს სამინისტროს დაქვემდებარებიდან გამოვიდეს.

საბოლოო ჯამში, ვის ხელში დარჩება პერსონალურ მონაცემებზე წვდომის „გასაღები“ ეს შემოდგომაზე გაირკვევა, მაგრამ მანამდე პარლამენტს ცვლილებების მიღება მოუწევს. უწყება კანონპროექტს სავარაუდოდ, თვითმართველობის არჩევნების შემდეგ დაამტკიცებს.