მონადირეთა ხაფანგში გზააბნეულები

მონადირეთა ხაფანგში გზააბნეულები

„იმ აპარატურის გამოსავლენად, რომლითაც მოსმენები ხორციელდება, სპეცტექნიკაა საჭირო, რომელიც საქართველოს არ გააჩნია“, - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია.

თუმცა პრობლემა მალე აღმოიფხვრება, რადგან ამ ტიპის აპარატურის შეძენას სახელმწიფო წელს აპირებს. უკვე ცნობილია, რომ აღნიშნული სპეციალური ტექნიკური საშუალება არანაკლებ ძვირადღირებულია, ვიდრე ის ტექნიკური საშუალება, რომლითაც მოსმენები ხორციელდება.

„თვითონ ეს ტექნიკა ახალია. სხვადასხვა ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მოხდა ორი ტექნიკის ტესტირება, თუმცა არ მინდა საიდუმლო ინფორმაცია გავაჟღერო. ჩვენ ვაპირებთ ცდომილებისგან დაზღვეული და 100-პროცენტიანი ტექნიკა წელს შევიძინოთ, მაგრამ ეს მილიონებთანაა დაკავშირებული და მაღალი ხარისხის იდენტიფიცირების გარეშე მისი შეძენა არასწორი იქნება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ამდენად, ამ ეტაპზე დაკარგული მოსასმენი აპარატურის მოძიება, რომელსაც, სავარაუდოდ, ისევ წინა მთავრობა განკარგავს და, რომელიც ერთ-ერთ ღამეს დატვირთეს და მოდულის შენობიდან გაიტანეს, შეუძლებელია. სპეციალური ტექნიკა კი ამ აპარატურას მხოლოდ გარკვეულ რადიუსში იჭერს.

სხვადასხვა ზომის, მოცულობის და შესაძლებლობის პორტატული აპარატურა შავ ბაზარზე გაყიდვაშია. მისი ფასი 2 ათასი დოლარიდან იწყება და გაცილებით მეტ თანხას აღწევს. არის ინდივიდუალური მოხმარების აპარატურაც, რომელიც 2 ათეული ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ ისიც რეალობაა, რომ ის, რაც შავ ბაზარზე იყიდება და ადვილად ხელმისაწვდომია, თან დაბალხარისხიანია.

ჩვენ დავინტერესდით, დღესდღეობით ვის ხელში უნდა იყოს რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების პორტატული აპარატურა, რომელიც მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, სამინისტროდან ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლამდე გაიტანეს? სად არის ის უამრავი ადამიანი, რომელიც ნაციონალების დროს უკანონო მოსმენებს ახორციელებდა და რამდენად შეეძლო ახალ ხელისუფლებას არსებული შესაძლებლობებით დაკარგული პორტატული აპარატურის აღმოჩენა?

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ახლანდელი მოსმენები კარგად ორგანიზებული ჯგუფის მიერ ხორციელდება, რომელმაც იცის, რატომ უსმენს და ისიც იცის, სად უნდა გამოყენოს ეს მასალები. შეუძლებელია, რომ ვინმემ მოყვარულის დონეზე გარისკოს და თანხები ჩადოს მხოლოდ ერთჯერადი აქციისთვის, ანუ თუნდაც მხოლოდ ერთი ბიზნესმენის მოსმენის გამო. ეს არის მეტად რთული პრობლემა, თუმცა გიორგი თავდგირიძეს მაინც მიაჩნია, რომ სურვილის შემთხვევაში, ამ ორგანიზებული ჯგუფის გამოვლენა შს სამინისტროს მაინც შეეძლო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ხარისხის მოსმენები არ შეიძლება კუსტარული ან ინდივიდუალური სუბიექტების მოქმედების შედეგი იყოს.

ამდენად, აქ საუბარია ხარისხსა და რაოდენობაზე, თორემ ელემენტარულად, ადამიანის მოსმენა მობილურ ტელეფონზე მისი საუბრის ჩაწერითაც შეიძლება. ამ რაოდენობის და ასეთი ხარისხის მოსმენებს კი სჭირდება გარკვეული ცენტრი, სპეციალური ორგანიზაცია. გარდა ამისა, გიორგი თავდგირიძის აზრით, 23 წლის განმავლობაში, რაც საქართველო დამოუკიდებელია, მას ჰყავს გარკვეული აგენტურა, გარკვეული თანამშრომლები, რომლებსაც არ უჭირთ ხოლმე ამ სახის ინფორმაციის მოპოვება.

„ალბათ, ხელისუფლებამ არ ჩათვალა ეს საკითხი პრიორიტეტულად, თორემ პორტატული აპარატურის მიკვლევა იმ არსებული საშუალებებითაც შეიძლებოდა, რომელიც შს სამინისტროს გააჩნია. როგორც ჩანს, ეს კოაბიტაციური ხარვეზია, თორემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ქვეყნის მართვა არ უნდა გაგრძელებულიყო ჩვეულ რეჟიმში, მმართველ გუნდს უნდა შეექმნა გარკვეული ჯგუფები, შეემუშავებინა გარკვეული პოლიტიკა, რათა მომხდარიყო მართვის სტილის შეცვლა. დღეს გაურკვევლობის მაღალი ხარისხია, ვინ და რატომ უსმენს ადამიანებს. ხომ არ არის ეს შს სამინისტროში დარჩენილი ნაციონალი კადრების საბოტაჟი, თუ კვლავაც ისინი ასრულებენ ნაცმოძრაობის დაკვეთას? შეეძლო თუ არა ნაცმოძრაობას პარტიული სპეცსამსახურის შექმნა? უამრავი შეკითხვაა. სახელმწიფო იმიტომ კი არ არსებობს, რომ რომელიმე ორი პარტია ერთმანეთს სიამტკბილობით ეპყრობოდეს, არამედ სახელმწიფო ზუსტად არსებობს ამ პარტიული ძალების მიღმა და სახელმწიფოს ფუნქციაა, ებრძოლოს უკანონობას. თავისთავად, მოსმენა და ამ მასალებით სპეკულირება დიდი დანაშაულია, რომელიც ასუსტებს სახელმწიფოს“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი - საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე ბესიკ ალადაშვილი For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ე.წ. „მონადირეზე მონადირე“ სპეციალური აპარატურის შეძენა შესაბამის უწყებას არ უნდა გაუჭირდეს. მით უმეტეს, 700 თუ 800-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს შს სამინისტროს და ასეთი აპარატურა უნდა გვქონდეს.

უფრო მეტიც, ბესიკ ალადაშვილს ისიც ახსენდება, რომ როდესაც უშიშროებისა და შს სამინისტროები გაერთიანდა, უშიშროების სამინისტროს მაშინ ჰქონდა ასეთი აპარატურა. თავის დროზე მსგავსი აპარატურა გააჩნდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რადგან შევარდნაძის თუ სააკაშვილის დაცვითი ღონისძიებების წინ ყოველთვის ტარდებოდა შესაბამისი პროცედურები, სხვადასხვა აღმომჩენი აპარატურით პრეზიდენტების გადაადგილების თუ იმ ოფისების ტექნიკური დამუშავება, სადაც ისინი შედიოდნენ.

„ასე რომ, ეს ტექნიკა არ უნდა იყოს უცხო და სიახლე საქართველოსთვის. რამდენიმე ინტერვიუ მოვისმინე და საკმაოდ ბევრ ექსპერტს, არასამთავრობოს თუ ხელისუფლების წარმომადგენელს ეშლება, როცა ფიქრობენ, რომ სატელეფონო საუბრების მოსმენა მხოლოდ პროვაიდერებისგან შეიძლება. ეს შეცდომაა, რადგან ზუსტად ის პორტატული მოწყობილობები, რაც არსებობს, სავსებით შესაძლებელია ამ მიზნის მისაღწევად. მოსასმენი აპარატურის ფასი მერყეობს რამდენიმე ათასი დოლარიდან ასეულ ათასობით დოლარამდე. ასე რომ, არანაირი პროვაიდერი არ არის საჭირო. ეს პორტატული მოსასმენი ტექნიკა შეიძლება ჰქონდეთ როგორც კომერციულ სტრუქტურებს, ასევე, ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს. იმავე რუსეთში გასკდა ეს ამბები, როდესაც საბჭოთა ბიზნესმენები ფარულ მოსმენებზე წვდომას ყიდულობდნენ მაშინდელი მილიციისგან. ისინი მილიციას უხდიდნენ ფულს და ასეთნაირად აკონტროლებდნენ კონკურენტი ბიზნესმენების კომერციულ საიდუმლოებებს. ასეთი ტექნიკა ინტერნეტითაც შეიძლება მოიძიოთ. ამჟამად რუსეთში აიკრძალა მისი გამოყენება. მაგალითად, ამ სახის ჩინური არაერთი პროდუქცია შედიოდა რუსეთში და მას ელექტრონული დაზვერვისთვის იყენებდნენ. რაც შეეხება საქართველოს, შევარდნაძის პერიოდში - 2003-04 წლამდე აქ უფრო მეტი ლიბერალიზმი შეიმჩნეოდა, ანუ ბევრ კერძო კომერციულ ფირმას შემოჰქონდა ე.წ. სიგნალიზაციის აპარატები და ამასთან ერთად, ელექტრონული მოწყობილობა, როგორც მოსასმენი, ასევე, მოსასმენების აღმომჩენი. ახლა ამას სახელმწიფო აკონტროლებს, თუმცა არალეგალურად რა შეიძლება შემოვიდეს, ეს უკვე სხვა თემაა“, - გვითხრა ბესიკ ალადაშვილმა.