ცნობილი პიანისტების კონცერტი ქართველი სამხედროებისთვის (ვიდეო)

ცნობილი პიანისტების კონცერტი ქართველი სამხედროებისთვის (ვიდეო)

დღეს, ბათუმში ცნობილმა ქართველმა პიანისტებმა ლექსო თორაძემ და ედიშერ სავიცკიმ ქართული სამხედროებისთვის კონცერტი გამართეს. ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე ცნობილმა პიანისტებმა  საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სასულე ორკესტრის თანხლებით დაუკრეს. დასს დირიჟორობა უფროსმა ლეიტენანტმა კობა მერმანიშვილმა გაუწია.

ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მეუღლესთან ერთად და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონცერტზე იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები და დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების  სარდალი, პოლკოვნიკი ბესიკ გოფოძე.

კონცერტის პირველ ნაწილში სამხედრო-სასულე ორკესტრის აკომპანირებით, სოლისტმა  ედიშერ სავიცკიმ ჯორჯ გერშვინის „ცისფერი რაფსოდია“ შეასრულა. ლექსო თორაძემ, სამხედრო მუსიკოსებთან ერთად კი სერგეი პროკოფიევის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N1 დაუკრა.

„სასიხარულო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ჩვენი სახელოვანი კულტურის მესვეურები ღონისძიებას ატარებენ, რათა ჩვენი სამხედროები  მაღალ კულტურას ეზიარონ. ეს არა მარტო მუსიკის სფეროს ეხება. მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო დიდი მაესტროების მიმართ, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს დღევანდელი ლამაზი საღამოსთვის“ - აღნიშნა გენერა-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კონცერტის დასრულების შემდეგ.

საღამო „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. დაგეგმილია სამხედრო-სასულე ორკესტრის კონცერტები ლექსო თორაძისა და ედიშერ სავიცკისთან ერთად, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ და თბილისის რუსთაველის თეატრებში.