შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს გაიმართა შს მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობისა და რეაგიონალური უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.

დღესვე ალექსანდრე ჭიკაიძე აზერბაიჯანელ კოლეგას - აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრ რამილ უსუბოვს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მინისტრებმა საზღვრისპირა რაიონებში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის შემდეგომ გაფართოებაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს.

ოფიციალურ შეხვედრებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად "საპატიო დაკრძალვათა" ხეივანი მოინახულა. მინისტრმა აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინით შეამკო.

ალექსანდრე ჭიკაიძემ ასევე მოინახულა "შეჰიდების ხეივანი", სადაც "მარადიული ცეცხლის " მემორიალი გვირგვინით შეამკო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გრძელდება.