შსს-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის გაქურდვაში ბრალდებული პირი დააკავა

შსს-მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის გაქურდვაში ბრალდებული პირი დააკავა

შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მერვე განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის გაქურდვის ფაქტზე, ამავე შტაბის აქტივისტი, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი კ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი კ. თბილისში, ვარკეთილის მასივში მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან 12 მაისს, ღამის საათებში „ლენოვოს“ ფირმის 2 პორტატული კომპიუტერი და „ეიჩ პი“-ს ფირმის 2 პრინტერი ფარულად მიითვისა და მიიმალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ნივთები მან თბილისის სხვადასხვა ლომბარდებში ჩააბარა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების შედეგად, სამართალდამცველებმა ქურდობაში ბრალდებული მომხდარიდან ორ დღეში, ხაშურში დააკავეს. ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).