„შუბლაძეს „რუსთავი 2–დან“  წასასვლელად  სერიოზული მიზეზები ჰქონდა“

„შუბლაძეს „რუსთავი 2–დან“ წასასვლელად სერიოზული მიზეზები ჰქონდა“

 „მივიღე გადაწყვეტილება, დროებით შევაჩერო ჩემი საქმიანობა მედიასივრცეში. ამ გადაწყვეტილებას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს და ძალიან ვთხოვ ყველას, არ აქციონ ეს პოლიტიკური სპეკულაციების თემად. ჩემი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივაცია პირადი და ოჯახური მდგომარეობითაა ნაკარნახევი“,– „რუსთავი 2–ის“ დირექტორის მოადგილის, საინფორმაციო სამსახურისა და გადაცემა „პოზიციის“ წამყვანის მიერ „ფეისბუქში“ გავრცელებული ეს განცხადება ფართო საზოგადოების მსჯელობის საგნად იქცა.

ჟურნალისტის თხოვნის მიუხედავად ამ გადაწყვეტილებაში, საზოგადოების ნაწილი მაინც პოლიტიკურ კვალს ხედავს,  და ფიქრობს რომ ამ  კონტექსტში ტელეკომპანიაში ფარული ვიდეოთვალთავალის ამსახველი მასალის აღმოჩენა  და  ერთ–ერთ გადაცემაში გავრცელებული პოლიტიკოსთა და ბიზნესმენთა ფარული ჩანაწერებიც საინტერესოა.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ  შუბლაძის უფლებამოსილებები მოქმედ თანამშრომლებს უკვე გადაუნაწილა – დირექტორის მოადგილე ტელეწამყვანი ზაალ უდუმაშვილი იქნება, საინფორმაციო სამსახურის უფროსი კი გიორგი ლაფერაშვილი. უახლოეს დღეებში გადაწყდება, თუ ვინ წაიყვანს გადაცემა „პოზიციას“, – აცხადებს ტელევიზიის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია. მოადგილის ტელევიზიიდან  წასვლასთან დაკავშირებით კი განმარტავს, რომ ჯერ კიდევ შარშანდელი შეთანხმების თანახმად, ნინო შუბლაძე  ტელევიზიას წელს, აგვისტოში  ტოვებდა, თუმცა, ბოლო დროს „რუსთავი 2–ში“ შექმნილი ვითარების გამო, გადაწყვეტილება სამი თვით ადრე, ემოციურ ფონზე მიიღო.

ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას არ ეთანხმება და For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ შუბლაძის ტელევიზიიდან წასვლა ემოციურ ნიადაგზე მიღებული გადაწყვეტილება არ არის.

 „ნინოს დიდი ხანია ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ, გონიერი გოგოა და დარწმუნებული ვარ ასეთი გადაწყვეტილება გარკვეული მოსაზრებით მიიღო. ის არ არის ემოციურ ნიადაგზე მიღებული გადაწყვეტილება. ალბათ, ამჯობინა პოლიტიკურ სიტუაციას გარიდებოდა,  არ მოინდომა, ჩარეულიყო სხვის პოლიტიკურ თამაშებში,“– აცხადებს ლელა კურდღელაშვილი და აღნიშნავს, რომ საქართველოში 90–იანი წლებიდან მოყოლებული დამკვიდრებულია სამწუხარო პრაქტიკა, როცა დიდი მედიაორგანიზაციის ჟურნალიტები პოლიტიკის ნაწილი ხდებიან.

ლელა კურდღელაშვილი არ გამორიცხავს, რომ ნინო შუბლაძის შემდეგ „რუსთავი 2–დან“  ცნობილი ჟურნალისტებიც წავიდნენ.

მედიაექსპერტი ია ანათაძე  ჩვენთან საუბარში ყურადღებას „რუსთავი 2–ში“ დღეს შექმნილ სიტუაციაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ   თანამდებობებს, რომელიც შუბლაძემ დატოვა,  ადამიანები იოლად არ ტოვებენ.

„ახლა  ტელეკომპანიას მორალური მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდებოდა და, მით უმეტეს, ნინო შუბლაძისგან. როდესაც მთელი გუნდი გიყურებს და შენ მიდიხარ სამსახურიდან,  ეს გუნდისთვის დიდი დარტყმაა და ამას ადამიანი ადვილად არ გარისკავს. რაკი მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, მოდი, ვთქვათ, რომ სერიოზული მიზეზები აქვს ამისთვის. ეს სერიოზული მიზეზები უკავშირდება პოლიტიკას, თუ ოჯახს, ახლა  ამის თქმა ნამდვილად არ შემიძლია, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, ორ-სამ დღეში ამ საქმესთან დაკავშირებით მეტი გახდება ცნობილი,“– განუცხადა for.ge–ს ია ანთაძემ.

მედიაექსპერტი განმარტავს, რომ „რუსთავი 2–თან“ დაკავშირებით ბევრი საკითხი დღემდე ბუნდოვანია და კვლავ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები –  თუ რა გავლენა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს ამ ტელევიზიაზე და რა გავლენა აქვს დღეს. ასევე უცნაურია, ნინო შუბლაძის წასვლამდე ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ „რუსთავი 2–თან“ შეთანხმება მიღწეულია და მისი საგამოძიებო გადაცემა „ანატომია“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში  ოპოზიციურად მიჩნეულ ტელეკომპანიებში გადიოდა, უახლოეს მომავალში „რუსთავი 2–ის“ ეთერით გადაიცემა.

„არც ის ვიცით, რა მოხდა ნათია მიქიაშვილთან დაკავშირებით, როგორც წესი, ასეთი გადაწყვეტილებები არც ნათიასთვის და არც „რუსთავი 2-ისთვის“ იოლი არ იქნება. თუმცა ვხედავთ საკითხი დაისვა და უცნაური ამბები აეწყო ერთმანეთს. ეს ამბები მთლიანობაში დაკავშირებულია იმასთან, რომ „რუსთავი 2“ არ იყო გულგრილი წინა ხელისუფლების მიმართ და დღეს ქვეყანაში არის სხვა ხელისუფლება. „რუსთავი 2“ ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს და ამ ტელევიზიაში რომ რაღაც მოხდებოდა, ამაზე ორი აზრი ისედაც არ არსებობდა“,– აცხადებს ია ანთაძე და ორიოდე თვის წინ ტელევიზიების რეიტინგებთან დაკავშირებულ მოვლენებს იხსენებს, როცა რეიტინგების გამზომავი კომპანიის საქმიანობა საეჭვო გახდა და კითხვები „რუსთავი 2-ის“ რეიტინგთან დაკავშირებითაც დაისვა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2–დან“ ნინო შუბლაძის წასვლას პარლამენტშიც ეხმაურებიან. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ჟურნალისტის გადაწყვეტილებას „რუსთავი 2–ში“ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.

„ვფიქრობ, ყველა პროფესიონალ ჟურნალისტს ჯანსაღი პოზიცია ექნებოდა იმ ვითარების მიმართ, რაც კიდევ ერთხელ შეიქმნა როგორც წარსულის გადმონაშთი. განცდა მაქვს, რომ ნინოს მხრიდან ეს იყო ერთგვარი პროტესტი. რა თქმა უნდა, მისი გადაწყვეტილება ხელისუფლებას არ უკავშირდება, ამაზე კი თვითონ შუბლაძემ უნდა ისაუბროს.  ჩვენი მხრიდან საკითხის ნებისმიერი ინტერპრეტაცია კორექტული არ იქნება“,– განუცხადა For.ge–ს ეკა ბესელიამ.

მისი თანაგუნდელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე კი არ გამორიცხავს, რომ ტელევზიიდან წასვლის გადაწყვეტილება  ნინო შუბლაძემ, სწორედ, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო და ეს კონკრეტულ მოვლენებს, უბრალოდ, დაემთხვა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები საკითხის შეფასებისას მოკლე კომენტარებით იფარგლებიან. ამბობენ, რომ ამ საკითხზე ვერ ისაუბრებენ, რადგან დამოუკიდებელი ტელევიზიის საკადრო პოლიტიკა მათ არ ეხებათ.

„ქალბატონი ნინოს გადაწყვეტილების თაობაზე მკითხაობას ვერ დავიწყებთ, რადგან  პოზიცია მან თავადვე განმარტა. თუ საჭირო იქნება, ასევე ისაუბრებს წასვლასთან და საქმიანობასთან დაკავშირებით“,– აცხადებს ლევან ბეჟაშვილი. ანალოგიური პოზიცია აქვს მის თანაგუნდელს სერგო რატიანს.

გიორგი კანდელაკი კი აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი ტელევიზიის საქმიანობასა და საკადრო პოლიტიკაში არავინ უნდა ჩაერიოს.

„დამოუკიდებელი ტელევიზიის საკადრო პოლიტიკაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ფაქტია, რომ  საქართველოს მთავრობის და ივანიშვილის მხრიდან სახეზეა ინსტიქტები, რომ  პოლიტიკურ-ეკონომიკური სივრცის  მონოპოლიზება მოახდინონ. მათი მიზანია, ეს ინსტიქტები იქნეს შეჩერებული, მაგრამ ამ ყველაფერში პრინციპული და მთავარი როლი  დამოუკიდებელ მედიასაშუალებას ენიჭება“,– განმარტავს  For.ge-სთან კანდელაკი.

მედიაექსპერტი ია ანთაძე კი ვარაუდობს, რომ ნინო შუბლაძის გადაწყვეტილების რეალური მიზეზი უახლოეს დღეებში გაირკვევა, ცოტა უფრო მოგვიანებით კი ისიც გახდება ცნობილი, თუ რა პროცესები მიდის ერთ–ერთ გავლენიან ტელევიზიაში.

„პროცესი გრძელდება და რაღაც ლოგიკურ დასასრულამდე მივა. ვნახოთ, რა მოჰყვება შუბლაძის გადაწყვეტილებას. სწორედ, ამის შემდეგ  გამოჩნდება მკაფიოდ „რუსთავი2“ იცვლის მფლობელს და  გადადის გავლენის ერთი სფეროდან მეორეში, თუ ისევ რჩება ძველი გავლენის სფეროში; მედიასაშუალებად გადაიქცევა, თუ ისევ ბრძოლის იარაღად დარჩება ვიღაცის ხელში“,– აცხადებს ია ანთაძე.