ჟურნალისტური გამოძიება თუ შანტაჟი?

ჟურნალისტური გამოძიება თუ შანტაჟი?

პირადი საუბრების ჩანაწერის, მათ შორის ტექნიკური საშუალებით მოპოვებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერის უკანონო გამოყენება და გავრცელება, მათ შორის - მასმედიის საშუალებით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს.

მთავარმა პროკურატურამ გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, გამოძიება 158-ე მუხლის მესამე ნაწილით, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე დაიწყო. გადაცემის წამყვანის მტკიცებით, 2013 წელს გაკეთებული სატელეფონო ჩანაწერები მათ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

ნიკა გვარამია კი ირწმუნება, რომ „რუსთავი 2-ის მიერ შაბათს გამოქვეყნებული ფარული მასალები ჟურნალისტური გამოძიების შედეგია. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მტკიცებით, ჟურნალისტს იცავს კანონი წყაროს არგამხელასთან დაკავშირებით და ეს წყარო მანაც არ იცის.

„ეს არის ჟურნალისტური გამოძიების შედეგი და ჟურნალისტს იცავს კანონი წყაროს არგამხელასთან დაკავშირებით. ეს წყარო ჟურნალისტს ჩემთანაც არ გაუმხელია“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ უკანონო მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს სისხლის სამართლის საქმე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება. ცნობილი ხდება, რომ პროკურატურამ შსს-ს საგამოძიებო დანაყოფიდან დაიქვემდებარა სისხლის სამართლის საქმე, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე და მასზე გამოძიებას პროკურატურა გააგრძელებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის შსს-ს ყოფილ თანამშრომელთა ჩვენებებით დგინდება, რომ კუდ-ის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2010-2011 წლებში, ადგილი ჰქონდა ფარული ხარჯებით, არაოფიციალურად, ფარული მოსმენა-მიყურადებისთვის განკუთვნილი სპეციალური, პორტატული აპარატურის უკანონო შეძენას, რომელსაც ისინი იყენებდნენ კერძო საუბრების ჩასაწერად მათი კომპრომატების სახით გამოყენების მიზნით.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დგინდება, რომ უკანონოდ შეძენილი სატელეფონო და ფარული ვიდეო მიყურადებისთვის განკუთვნილი სპეციალური პორტატული ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგულია. პროკურატურაში განცხადებით, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკით სარგებლობენ ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები.

პროკურატურა, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას და ჟურნალისტს დაკითხავს, თუმცა საიას თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე განმარტავს, რომ ჟურნალისტს მიღებული ინფორმაციის გასაჯაროების უფლებას ვერ ავუკრძალავთ.

„გამოძიება უნდა წარიმართოს ობიექტურად და მიუკერძოებლად. ამ სიტუაციაში ჟურნალისტს წყაროს გამხელის ვალდებულება კანონით არ აქვს. რაც შეეხება იმას, ჟურნალისტს ჰქონდა თუ არა ამ ინფორმაციის გამჟღავნების შესაძლებლობა და უფლება, მე ამაში ორაზროვნებას ვერ ვხედავ. ჟურნალისტს ვერ ავუკრძალავთ მიღებული ინფორმაციის გასაჯაროების უფლებას, მითუმეტეს, აქ არ იყო საუბარი ჩვეულებრივი, კერძო პირის პირად ცხოვრებაზე, ან რაიმე ინტიმურ ურთიერთობაზე. აქ იყო საუბარი საჯარო პირების სატელეფონო კომუნიკაციაზე და თავისთავად იმ საუბრის შინაარსი არაფრისმომცემი არაა“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.

როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა რამდენიმე ფარული სატელეფონო საუბრის ფრაგმენტი გამოაქვეყნა. სატელეფონო საუბრების მცირე ამონარიდები გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ გაასაჯაროვეს, რომელიც პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების სატელეფონო საუბრებს ასახავს.

გავრცელებული ჩანაწერები 2013 წლით თარიღდება. ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანაში ჯერ კიდევ ორხელისუფლიანობა იყო. მაშინ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, უშუალოდ მის დაქვემდებარებაში გადავიდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, შესაბამისად ექსპერტების განცხადებით, ამ ჩანაწერების ავტორი, დიდი ალბათობით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“.

როგორც ცნობილია „რუსთავი 2“-ს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებიდან ჩანს თუ როგორ ელაპარაკებიან ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და ბიზნესმენი რომან ფიფია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია, ასევე დავით უსუფაშვილი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გიგა ბოკერია.

ტელეკომპანიამ ასევე გამოაქვეყნა შალვა ოგბაიძისა და ბესო გაბუნიას საუბრის ფრაგმენტი. „რუსთვი 2“ -ს მტკიცებით გაბუნია ბიზნესმენია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. „რუსთვი 2“-ს წყაროს, წესით, უნდა ახსოვდეს, რომ ბესო გაბუნია „კავკასუს ონლაინის“ ყოფილი თანამშრომელია. „კავკასუს ონლაინი“ კი  მის მფლობელს, ბიზნესმენ მამია სანადირაძეს მაშინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის უშუალო ჩარევით იმ მიზეზით წაართვეს, რომ სანადირაძემ უარი თქვა მისი კომპანიის საშუალებით შსს-ს განეხორციელებინა ფარული მოსმენა. ეკა კვესიტაძის მიერ გავრცელებულ ჩანაწრებში ასევე ფიგურირებს მამია სანადირაძე.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ახსენებს, რომ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების შენახვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.

„ბატონმა გვარამიამ განაცხადა, რომ არსებობს სხვა ფარული ჩანაწერები, სადაც არის პირადი საიდუმლოების დარღვევის ფაქტები და ეს ჩანაწერები მას აქვს. მინდა ნიკა გვარამიას უბრალოდ შევახსენო, რომ არ შეიძლება ვინმე ფლობდეს უკანონო ჩანაწერებს. ეს ისეთივე დასჯადი ქმედებაა, როგორც ჩანაწერების უკანონოდ განხორციელება, მისი რეალიზაცია და გასაჯაროება. ეს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით არის დასჯადი“, - განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, მან გვარამიას შეახსენა, რომ უკვე ამოწურულია შს სამინისტროს მიერ სამთვიანი ამნისტია იმ პირებისთვის, ვინც უკანონო ფარულ ჩანაწესებს ფლობდა იმისთვის, რომ უწყებაში მასალები წარედგინა. 

„სამთვიანი ვადა გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს უკვე სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების შენახვა“, - აღნიშნა ბესელიამ.

ამასთან, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავენ, რომ „რუსთავი 2“-ს, ამ შემთხვევაში, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ კანონი იცავს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ჟურლისტობა იმუნიტეტი არ არის. კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანენ. მისი თქმით, ვინ მოიპოვა უკანონო ფარული ჩანაწერები, ვინ შეინახა გარკვეული დროის განმავლობაში, ვინ გაავრცელა და რა მიზნით, ეს გამოძიების საქმეა, რაც უკვე სცდება იმ ფარგლებს, რასაც ჟურნალისტის პროფესიაში ჩაურევლობა და ჟურნალისტის უფლება ჰქვია.

„საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ და მოვუწოდებ იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ კანონის განმარტებას ნუ მოახდენენ იმგვარად, რაც შეცდომაში შეიყვანს როგორც ჟურნალისტებს, ისე - საზოგადოებას. ნუ წავახალისებთ ჟურნალისტებს, რომ მსგავსი ქმედებებით დაკავდნენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მანანა კობახიძემ.

მისი თქმით, სხვა რამეა ჟურნალისტის მიერ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება და სხვა რამეა, როცა რომელიღაც სპეცსამსახური ფარულ ჩაწერას ახორციელებს, ის ვიღაცას დანაშაულებრივი გზით გარეთ გამოაქვს და ტელეკომპანია ავრცელებს. 

„როცა „რუსთავი 2“, მისი ადვოკატები და ზოგიერთი სხვა პირი იმის შესახებ საუბრობს, რომ ჟურნალისტს ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში არ აქვს ვალდებულება განაცხადოს, საიდან მოიპოვა ფარული ჩანაწერები, ეს კანონის სულ სხვა კონტექსტში ინტერპრეტირებაა. ამ შემთხვევაში ჩანაწერები არ არის განხორციელებული ჟურნალისტის მიერ. თუ რესპოდენტის ფარულად ჩაწერას უშუალოდ ჟურნალისტი ახორციელებს და ჟურნალისტური გამოძიების პროცესში ის ასეთ მასალას პირადად მოიპოვებს, ეს სულ სხვა რამეა. მაგრამ, „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები რომელიმე ჟურნალისტის მიერ არ არის განხორციელებული“, - აცხადებს კობახიძე.

მისი თქმით, „რუსთავი 2“-ს კანონიდან გამომდინარე, ვალდებულება ჰქონდა ჩანაწერები სამართალდამცავი უწყებებისთვის გადაეცა და მიეწოდებინა ინფორმაცია დანაშაულის შესახებ.

„როდესაც იცი, რომ ასეთი ჩანაწერები არსებობს, მოიპოვებ, ინახავ, შემდეგ ავრცელებ მას და თან ამთხვევ წინასაარჩევნო პერიოდს, ამთხვევ გარკვეული პოლიტიკური ძალის პოლიტიკურ ინტერესებს, უნისონში ახმოვანებ მათ პოლიტიკურ მიზნებს და თან ჯოჯოხეთით ემუქრები ხელისუფლებას, ეს ძალიან კარგად დადგმული სცენარია - მიმართული ქვეყნის საზიანოდ.

კარგად წაიკითხონ „სისხლის სამართლის კოდექსი“, სადაც არანაირი დათქმა ჟურნალისტებთან მიმართებაში არ არსებობს.

ამ შემთხვევაში ჟურნალისტობა იმუნიტეტი არ არის“, -აცხადებს კობახიძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეს განცხადებით, შესაძლებელი იყო, რომ ჩანაწერები პირდაპირ პროკურატურას გადასცემოდა და ეთერში არ გასულიყო. 

„სამართლებრივი თვალსაზრისით, არის კანონი, რომელიც სრულ თავისუფლებას აძლევს მედიას ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის, თუმცა ასეთ დროს საკითხი წყდება საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. შესაძლებელია ეთქვათ, რომ არსებობდა ჩანაწერები და აღნიშნული გამოუქვეყნებლად გადაეცათ პროკურატურისთვის. ამ შემთხვევაში დაცული იქნებოდა როგორც პირადი საიდუმლო, ასევე მართლმსაჯულების ინტერესები. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ასეთ საკითხებს ფრთხილად უნდა მივუდგეთ“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.