ვინ იყვნენ ბარაკ ობამას წინაპრები

ვინ იყვნენ ბარაკ ობამას წინაპრები

ბარაკ ობამას კენიელი მამა მუსლიმანი იყო და ისლამის რელიგიის მიხედვით, მუსლიმანობა შვილზე მამით გადაეცემა. ამას ისიც მოწმობს, რომ მამამ შვილს ჰუსეინი დაარქვა. სახელი ჰუსეინი კი, მხოლოდ მუსლიმანებშია გავრცელებული. მიუხედავად ამისა, ბარაკის მამამ ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა როგორც ათეისტმა. ინდონეზიაში ცხოვრების პერიოდში ბარაკი, რომელსაც ბარის უწოდებდნენ ახლობლები, ასევე, მუსლიმანების გარემოცვაში იზრდებოდა. მისი მამინაცვალი, ლოლო სოეტეროც ისლამის მიმდევარი იყო და, როგორც ბარაკის ყოფილი თანაკლასელი რონი ამირი იხსენებდა „ბარის მამინაცვლის უკლებლივ ყველა ნათესავი რელიგიით მუსლიმანი იყო და ბარიც ამ წრეში იზრდებოდა”.

ბარაკ ობამას დედა, სტენლი ენ დანჰემი (1942-1995) უძველესი ამერიკული ოჯახიდან იყო წარმოშობით. მამამისი ბაპტისტი იყო, ხოლო დედა მეთოდისტების სწავლებას იზიარებდა. 1959 წელს ენის ოჯახი ჰავაის კუნძულებზე გადავიდა საცხოვრებლად, სადაც, რუსული ენის კურსებზე სიარულისას, გაიცნო კიდეც ბარაკის მამა. 18 წლის ენი მუდამ ელოდებოდა ბარაკ უფროსს, რომელიც ყოველთვის აგვიანებდა გაკვეთილზე. 1961 წელს, მოკრძალებული ქორწილის გადახდის შემდეგ, ობამას მშობლები ოფიციალურად დარეგისტრირდნენ ოჯახად. ქორწილში ენ დანჰემი სამი თვის ფეხმძიმე იყო. ცნობილია, რომ ბარაკის კენიელი ბაბუა წინააღმდეგი იყო შვილის ქორწინების - იგი უკმაყოფილო იყო, რომ მისმა შვილმა მიატოვა პირველი ცოლი კენიაში და ევროპული რასის წარმომადგენელზე იქორწინა. აღსანიშნავია, რომ ბარაკის დედის წინაპრები მონათმფლობელები იყვნენ, თუმცა, ამის შესახებ ბარაკ უფროსის მშობლებმა იმ მომენტისთვის არაფერი იცოდნენ. ცნობისთვის, ბარაკ ობამას მამა სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი: 1 წლის ასაკში, როდესაც მამამ ოჯახი მიატოვა და, ბოლოს - 985 წელს, მამის გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე.

ბარაკ ობამას ბაბუა მამის მხრიდან, ჰუსინ ონიანგო ობამა, პირველი მსოფლიო ომის დროს კენიის ბრიტანულ კოლონიურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. მისი ერთ-ერთი ცოლის მოგონებებიდან ცნობილი გახდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ის კენიურ რევოლუციაში მონაწილეობის გამო ციხეში იჯდა. მოგვიანებით ბარაკის ბაბუა ქრისტიანობიდან ისლამში გადავიდა.

გენეალოგიის საკითხებში ცნობილი სპეციალისტის, უილიამ ადამს რეიტვეზნერის ცნობით, ბარაკ ობამას წინაპრები, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დასახლებული ერთ-ერთი პირველი რეგისტრირებული მოსახლეები, ედვარდ ფიცრანდოლფი (1607-1684) და მართა ელტონჰედი (1628-1689) იყვნენ, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე გადასახლებული დიდი ბრიტანელი მეფეების: ვილჰელმ პირველი შოტლანდიელისა (ფიცრანდოლფის მხრიდან) და ედუარდ პირველი ინგლისელის (ელტონჰედის) შთამომავლები გახლდნენ. აღსანიშნავია, რომ ვილჰელმი და ედუარდი რიურიკოვიჩების სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლის, რუსეთის მეფის, იაროსლავ ბრძენის ქალიშვილების  შთამომავლები იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ობამა, შესაძლოა, რუსეთის სამეფო ოჯახის შორეული შთამომავალი იყოს.

ასევე, რეიტვეზნერის ცნობით, ბარაკ ობამას შესაძლო წინაპარია ბრეტონელი ჰერცოგი - ედ პირველი, რომელიც მეფეების - კარლ დიდისა და ალფრედ დიდის შთამომავალია.

გარდა ამისა, ახალი ინგლისის ისტორიული გენეალოგიის საბჭოს პროფესორი კრისტოფერ ჩაილდსი სამი წლის განმავლობაში იკვლევდა ობამას გენეალოგიას და  გამოკვლებებზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ ბარაკ ობამა და ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი შორეული ნათესავები არიან: ბარაკის კანზასელი დედა და ბრედ პიტის მამა ნათესავები იყვნენ მეცხრე თაობაში.