მიურატები ჭკადუაშის დადიანების სანადირო რეზიდენციის გადაცემას ითხოვენ

მიურატები ჭკადუაშის დადიანების სანადირო რეზიდენციის გადაცემას ითხოვენ

პრინცი ალენ მიურატი და პრინცესა ვერონიკა დე შაბო ტრამკური ჭკადუაშის დადიანების სანადირო რეზიდენციის გაპარტახებას აპროტესტებენ და შესაბამის უწყებებს მიმართავენ თხოვნით, რეზიდენცია მათ გადაეცეთ, რათა მის რეკონსტრუქციაზე თავად იზრუნონ.

ალენ მიურატი ჭკადუაშის რეზიდენციას თავის საკუთრებად მიიჩნევს და განმარტავს, რომ ჭკადუაში მათი სახლია. მართლია, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ მიურატებს ზემოხსენებული სანადირო რეზიდენცია ჩამოერთვათ, მაგრამ 2006-2007 წლებში მარტვილის სასამართლომ იგი აღიარა მიურატებისა და დადიანების მემკვიდრედ. ამიტომაც 93-წლიანი დევნილობის შემდეგ გადაწყვიტა, დაბინავდეს ჭკადუაშის სახლში და აღადგინოს რეზიდენცია, სადაც ევროპის სამეფო ოჯახებს უმასპინძლებს და ტურიზმის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანს. თანაც, ადგილობრივ მოსახლეობასაც დაასაქმებს.

ალენ მიურატი იმასაც იტყობინება, რომ ჯერ კიდევ 1735 წელს აგებული ჭკადუაშის სანადირო რეზიდენცია (სადაც მამამისი ცხოვრობდა), დღეს გამოიყენება საყოფაცხოვრებო ნივთებისა და მასალის შესანახ ადგილად. გააქვთ აგური, ძელი, რკინა, ასწლოვანი ხეები გადაჭრილია, მისაღები ოთახი სიმინდის საშრობ ადგილად გადაიქცა, საძინებელი – ძროხის სადგომად. გარდა ამისა, შეურაცხყოფილია ბაბუამისის საფლავი, ცაიშის ეკლესიაში ბაბუის დებისა და ძმების საფლავის ქვები კი ჯერ შეურაცხყოფილი და შემდეგ გაუჩინარებულია. ეს კი, ალენ მიურატის თქმით, მეტისმეტია!

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მიურატები დადიანების კუთვნილი ქონების დაბრუნებას ითხოვენ. მიურატების შთამომავლებს დადიანების ქონებაზე პრეტენზია ჯერ კიდევ 2009 წელს ჰქონდათ. იმ დროს ეს პრობლემა მოიხსნა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ თავის დროზე, ჯერ კიდევ 1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტმა დადიანების უმემკვიდრეო ქონების ნაციონალიზაცია მოახდინა. ხოლო 1921 წელს ისევ მოხდა ამ ქონების ნაციონალიზაცია. ამდენად, მისი მემკვიდრეა ქართული სახელმწიფო და კანონი არ ითვალისწინებს სამუზეუმო ექსპონატების კერძო საკუთრებაში გადაცემას.

დადიანების ქონებაზე დავას ართულებდა ის ფაქტიც, რომ ეკატერინე ჭავჭავაძის ორ ვაჟს -ნიკოსა და ანდრიას მემკვიდრეები არ დარჩენიათ. ამიტომ დადიანების მემკვიდრეობა სალომეს შთამომავლობას გადაეცა.

For.ge ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს - ლილი ბერაიას ესაუბრა. მისი განცხადებით, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისამ ჭკადუაშის რეზიდენცია თავის ქალიშვილს -სალომე დადიანს საცხოვრებლად გადასცა. თუმცა დღესდღეობით, უმჯობესი იქნება, თუ ამ რეზიდენციაზე მზრუნველობას სახელმწიფო განახორციელებს, რადგან სწორედ სახელმწიფოა ამ ქონების განმკარგავი. ამდენად, დადიანების ჭკადუაშის სასახლე უპატრონოდ არ უნდა იყოს მიტოვებული და წლების განმავლობაში ძროხების სადგომად არ უნდა გამოყენებულიყო.

ლილი ბერაია არც იმას მალავს, რომ ამ თემაზე საუბარი უმძიმს, რადგან მიურატებთან კარგი დამოკიდებულება აქვს.

„წლების წინ აზრი გაყოფილი იყო. ზოგიერთი მომხრე იყო, რომ სასახლე მიურატისთვის გადაეცათ, მათ შორის, იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი წონა ჰქონდათ ყოფილ ხელისუფლებაში, ზოგი კი დადიანების კუთვნილი ქონების მიურატებისთვის გადაცემას ეწინააღმდეგებოდა. ისე, სინამდვილეში, რატომ უნდა მიეცათ ეს ორი სასახლე მიურატებისთვის?! აბა, საფრანგეთში, პარიზში ვინმე რამეს მოგვცემს? საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის ის რეზიდენცია, რომელიც სალომე დადიანის საზაფხულო რეზიდენციად ითვლებოდა, ამიტომ უპრიანია, ეს რეზიდენცია, რომელიც ახლა საშინლად არის გაპარტახებული, სახელმწიფომ შეაკეთოს და არა ვინმე უცხომ. რამდენიმე წლის წინ ვიყავი ჭკადუაშში, ყველაფერი გაფუჭებული იყო. არადა, მიურატს და სალომეს იქ ჰქონდათ ძალიან დიდ ტერიტორიაზე გადაჭიმული ვენახი, სხვადასხვა ჯიშები ჩამოჰქონდათ საფრანგეთიდან და ოჯალეშისა და ამ ჯიშებისგან ღვინოს აყენებდნენ“, - აცხადებს ლილი ბერაია.

ამასთან, ლილი ბერაია განმარტავს, რომ მიურატები არ არიან დადიანების პირდაპირი შთამომავლები, ისინი მეოთხე თაობას განეკუთვნებიან. ამის მიუხედავად, დადიანების რეზიდენციების მიღების საქმეში განსაკუთრებით, ალენ მიურატის მეუღლე - ვერონიკა დე შაბო ტრამკური აქტიურობს.

ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ვერონიკა დე შაბო ტრამკური პრეტენზიებით ჩადის ზუგდიდში, მათი შვილი მატილდა კი, სალომეს დიდ ბებიად მოიხსენიებს. ამის მიუხედავად, ზოგიერთი ადგილობრივი მკვიდრი მიესალმება მიურატებისთვის ქონების გადაცემას, რადგან იმედი აქვთ, რომ ამით თავადაც იხეირებენ.

ზუგდიდელები იმასაც ამბობენ, რომ წლების წინ ალენ მიურატის ოჯახი ზუგდიდში მათ მიერვე შეძენილ კერძო სახლში (და არა დადიანების საგვარეულო მამულში) ცხოვრობდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწვა და ამის შემდეგ მიურატები თბილისში დასახლდნენ.

ცნობისთვის, ალენ მიურატი აშილ მიურატის (ნაპოლეონ მესამის სამხედრო ატაშეს) შთამომავალია. ნაპოლეონ ბონაპარტის (პირველის) გარდაცვალების შემდეგ, 1821 წელს მისი ერთგული მიურატები წმინდა ელენეს კუნძულზე განდევნეს და საფრანგეთში ცხოვრების უფლება ჩამოართვეს. ისინი იძულებულნი გახდნენ, ამერიკაში გაქცეულიყვნენ. მოგვიანებით მათი შთამომავალი აშილ მიურატი ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილზე - სალომე დადიანზე დაქორწინდა. სალომესა და აშილის ქორწინება პარიზში წლის მოვლენად აღიარეს.

აშილ მიურატი საქართველოში თითქოს მშვენივრად მოეწყო და თავს ლაღად გრძნობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ფრანგ დიდებულს ნოსტალგია არ ასვენებდა. დაკარგული ძალუფლება და ქონება ხშირი დეპრესიების საბაბი იყო და 1895 წელს მისი თვითმკვლელობის ამბავი მთელ საქართველოს მოედო. ხალხში ხმა დაირხა, თითქოს სალომეს ბანკში დაუზღვევია ზუგდიდის წაბლის ხის 24-ოთახიანი სასახლე, ავეჯი გამოუტანია და სასახლე ცეცხლისათვის მიუცია. პრესაში გამოქვეყნებული ზოგიერთი პუბლიკაცია ხანძრის გაჩენაში სალომეს ადანაშაულებდა, თითქოს მის მიზანს დაზღვევის თანხის მიღება წარმოადგენდა. იმ დროს იმასაც ამბობდნენ, რომ ამ ბრალდებით შეძრულმა თავმოყვარე პრინცმა ეს ვერ აიტანა და ღირსებაშელახულმა სამშობლოდან შორს, სოფელ ჭკადუაშში მოიკლა თავი. ოფიციალური ვერსიით კი, აშილ მიურატი ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა. პრინცის დაკრძალვა სამეგრელოში საერთო-სახალხო გლოვად იქცა,

პრინცი აშილი იქვე, ჭკადუაშის დაუმთავრებელი კათოლიკური ეკლესიის ეზოში, საგანგებოდ მოწყობილ აკლდამაში დაკრძალეს. საფლავს ტრაგიკული ბედი ჰქონია, ჯერ დაიწვა, საბჭოთა პერიოდში კი გაიძარცვა.

მეუღლის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, სალომემ სამშობლოზე გული აიცრუა და პარიზში გადასახლდა, სადაც 1913 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.