მაშ აირჩიეთ ეს კაცი აკადემიკოსად!

მაშ აირჩიეთ ეს კაცი აკადემიკოსად!

ბოლო დღეების განმავლობაში სრულიად საქართველო მორიგი პოლიტიკური ვნებათაღელვის პირობებში ცხოვრობს. უახლოეს მომავალში ადგილობრივი არჩევნების ახალი პერიპეტიები გველის და ჩვენი ქვეყანა უკვე გარკვეული ციებ-ცხელებითაა „დაავადებული“. მალე 17 მაისი მოგვიახლოვდება და ნაციონალი „პატრიოტები“ მორიგი არეულობით გვემუქრებიან, ამავე დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი გვესტუმრება და მის „ღირსეულად“ დასახვედრად „მიშიკოს ბიჭებმა“ მანქანების საბურავებიც კი მოამზადეს, პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო და უკვე რამდენჯერმე ნახსენებ 17 მაისს ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი მის ქუჩაში გაპროტესტებას აპირებს.  „ევროვიზიაზე“ ქართველმა მუსიკოსებმა „შთამბეჭდავად იასპარეზეს“, სამაგიეროდ „გაიბრწყინა“ მავანმა და მავანმა ავსტრიელმა წვერ-ულვაშიანმა „ქალა-ბიჭმა“, რომელმაც სრულიად ევროპა „გააოგნა“.

გამიგრძელდა საუბარი, მაგრამ უმჯობესი იქნება სხვადასხვა „მიმდინარე მოვლენების“ თხრობით  თავი აღარ მოგაწყინოთ, რადგან  დღეს კვირაა და შევეცდები „დიდი პოლიტიკისგან“ დაგასვენოთ.

დღეს ტრადიციას არ დავარღვევ და ცნობილი ქართველების შესახებ მორიგ მოგონებებს შემოგთავაზებთ. ჩვენი  პირველი სტუმარი დიდი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე იქნება.

მწერალ ვახტანგ ჯავახაძის წიგნში „უცნობი“, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებას ასახავს და უშუალოდ ბატონი ვახტანგის მოგონებებზეა აგებული, ასეთ სტრიქონებს ვკითხულობთ:

„მისი დღიურების ლექსიკაში ყველაზე პოპულარულია: ჰონორარი, ხელშეკრულება, ბუღალტერია და ბუღალტერი, მოლარე და სალარო, გაცვლა-გამოცვლის სალარო, განცხადება, მინდობილობა, სესხი, ავანსი, პენსია, ლიტფონდი, ბიუჯეტი, ლომბარდი და, რა თქმა უნდა, ფული, ფული, ფული, ანუ „ფლური“. როგორც თავად გალაკტიონი მწარედ ხუმრობდა ხოლმე: - ფლური, ფლური, ეს წყეული ფული! პოეზიაში ფ-ს და ბ-ს აღარ გაარჩევს ბულბული, მღერის: სულ ფულ-ფულ, ფულ-ფულ-ფულ, ფულ-ფულ.

ერთხელ თურმე კონსტანტინე გამსახურდიას უთქვამს გალაკტიონისთვის - ჩვენ დიდი ხალხი ვართ და შესაბამისადაც უნდა მივმართოთ ერთმანეთს სხვათა დასანახადო, მე გეტყვიო მისალმებისას - საქართველოს პოეტების მეფეს, დიდ გალაკტიონს გაუმარჯოსო, შენ კი მითხარიო - ქართული პროზის ლომს, დიდ კონსტანტინეს გაუმარჯოსო. ჰოდა, შეთანხმებულან და ხელიც დაურტყამთ ერთმანეთისთვის. ცოტა ხნის მერე ვიღაცის დაკრძალვისას კონსტანტინეს გალაკტიონის დანახვაზე უთქვამს: საქართველოს პოეტების მეფეს, დიდ გალაკტიონს გაუმარჯოსო, რაზეც ტაბიძეს უპასუხია - ვააააა, კოწიას ვახლავარო!

როცა გალაკტიონი აკადემიკოსად წარადგინეს, ამ საკითხს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი არჩევდა. ერთ-ერთი მწერალი ამის წინააღმდეგი გამოვიდა და განაცხად, შეგვარცხვენს, ღვინო უყვარს, სულ მთვრალი დაიარებაო. გალაკტიონმა მშვიდად ჰკითხა: “შენ, ძამია, ღვინო არ გიყვარს?” “არა!” - ამაყად წარმოთქვა მოწინააღმდეგემ. “არც მთვრალი ყოფილხარ ოდესმე?”  “არა, არასოდეს!” - კვლავ მედიდურად განაცხადა მანვე. “ამხანაგებო, მაშ აირჩიეთ ეს კაცი აკადემიკოსად!” - შეუძახა გალაკტიონმა.

ასეთ კაცსაც ჰყავდა თავისი იდეალი პოეტი - უდიდესი მგოსანი აკაკი წერეთელი, რომლის ლექსიდან იღვრება ჰარმონია, ლაღი მუსიკა და გიპყრობს მთლიანად, რადგან ის ჭეშმარიტი შემოქმედია. გალაკტიონს ძალიან უყვარდა აკაკი. ქუჩაში გააჩერებდა ხოლმე ვინმეს, უბრალო გამვლელს და ჰკითხავდა: ყმაწვილო, ხომ ვგავარ აკაკის?

სიტყვამ დიდი ქართველი მგოსანი აკაკი წერეთელი მოიტანა და მის შესახებაც რამდენიმე მოგონებას წარმოგიდგენთ.

„დიდი მოურავის" ავტორი, სიმონ ქვარიანი, საზღვარგარეთ იყო. როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, მწერალთა წრეში განაცხადა, ჩვენი ენიდან უნდა ამოვიღოთ ისეთი ასოები, რომლებიც უცხოურში არ იხმარება, მაგალითად, ძ, ჭ, ჯ და სხვებიო. აკაკი წამოდგა და თავისი აზრის გამოთქმა ასე დაიწყო: „ვირფასო სიმონ!.."

„ერთგან ყმაწვილები შეყრილიყვნენ და წუხდნენ: - რა გვეშველება, რომ ჩვენში შრომა ყველას სძულს და მუშა არავინ გვყავს, განსაკუთრებით ქართველ ქალებშიო.

- ეგ ძალიან ტყუილიაო, - თქვა თურმე აკაკიმ, - ვერა ხედავთ, რამოდენა კურტან-ტიურნირები დააქვთ ჩვენს ქალებს? მუშები არიან, აბა, რა არიანო?“

„აკაკის ერთმა ქალმა მიუძღვნა მშვენივრად მოქარგული ბალიში, შესაფერისი ზედწარწერით. საჩუქარი პოეტს ძალიან ესიამოვნა და ღიმილით თქვა: - ჰეი-ჰეი, ბექირ-ბეი! სანამ ახალგაზრდა ვიყავი, „მაღვიძარა“ საათებს მიგზავნიდნენ, ახლა კი ბალიშებს მიგზავნიან - დაწექ და დაიძინეო!“

„ქუთაისში ერთსა და იმავე დროს მსახურობდნენ პრინცი, ბეგი და კნიაზევი. იმ ხანებში გუბერნატორმა ჰკითხა აკაკის: რა აზრის ხარ ჩემს გუბერნიაზეო? -დიდი არისტოკრატიული გუბერნიაა, - მიუგო პოეტმა, - აქ სამსახურში ამწესებენ პრინცებს, ბეგებს, კნიაზებს და საწყალი ქართველისთვის კი ადგილი აღარ რჩება“.

„ერთი მელოტი კაცი ამბობდა: ახლანდელი ყმაწვილების ყოფაქცევას რომ კაცმა უყუროს, თავზე თმა ყალყზე აუდგებაო. - გეტყობა, ბევრი გიყურებიათ, რომ თქვენი თმა არათუ არ ამდგარა, არ დამდგარა და კიდეც დაკარგულა ცხრა მთას იქით, - მიუგო აკაკიმ“.

„ერთხელ აკაკი სადგურიდან სოფელში ეტლით მიდიოდა. მეეტლემ გზად სხვა მგზავრიც აიყვანა და აკაკის გვერდით მოუსვა. ახალ მგზავრს არასოდეს არ ენახა ჩვენი პოეტი და თავისი თავი პოეტად გააცნო, აკაკი ვარო. გზადაგზა სულ აკაკის ლექსებს ამბობდა ზეპირად. აკაკის განცვიფრებას საზღვარი არა ჰქონდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ეტლი გაჩერდა. გამოთხოვებისას ცრუ მგზავრმა უთხრა აკაკის: - თქვენ ჩემი ვინაობა გაიგეთ, არ შეიძლება ვიცოდე, თქვენ ვინღა ბრძანდებით? - დღევანდლამდე აკაკი ვიყავი და დღეის შემდეგ არ ვიცი, ვინა ვარო, - უპასუხა აკაკიმ“.

„ერთმა ახალგაზრდა ქართველმა ინჟინერმა ხუმრობით ჰკითხა ნაავადმყოფარ აკაკის: - ასე მალე როგორ დაბრუნდით საიქიოდან? - შენი გაკეთებული გზა რომ ყოფილიყო, დღესაც იქ ვიქნებოდი, - მოუჭრა სიტყვა აკაკიმ“.

„ერთ ლხინში აკაკის სადღეგრძელოს სვამდნენ და თამადამ ლომი უწოდა. მგოსანმა სიცილით თქვა: - თუ მართლა ლომი ვარ, კრილოვის ,,მომაკვდავი ლომი“ უნდა ვიყო, რადგანაც ამ ბოლო დროს ვირებმა ძალიან დამაყარეს წიხლებიო.“

„ერთი ახალგაზრდა ქართველი კოხტაობით სათვალეს ატარებდა და ხანდახან შუბლზე იდებდა ხოლმე.

- ბატონო აკაკი, რა მიზეზია, რომ ის ყმაწვილი შუბლზე იდებს ხოლმე სათვალეს და არა თვალზე?

- იმიტომ, რომ ჭკუით არის ბეცი და არა თვალებით! - მიუგო აკაკიმ“.

აკაკა წერეთელს მოგვიანებით კიდევ არაერთხელ გავიხსენებთ, ჩვენი შემდეგი სტუმარი კი ბატონი შალვა ნუცუბიძე იქნება.

„ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის სხდომაზე შალვა ნუცუბიძე ამტკიცებდა, რომ სტრიქონი: „ვწერ ვინმე მესხი მელექსე, მე რუსთველისად ამისა", რუსთველისეული არ გახლდათ და გადამწერის ნახელავი იყო. ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და ლიტერატურათმცოდნემ ისიც განაცხადა, რომ,  - რუსთველს როგორ შევედრებიო.

კორნელი კეკელიძე დაინტერესდა: „რუსთველისად"-ში „სად" რას ნიშნავსო. შალვა ნუცუბიძემ მიიხედ-მოიხედა, სადმე ქალი ხომ არ არისო და უპასუხა: „არ იცი, კაცო, კორნელი? - სად ერეკლე და სად..."

ნება მომეცით დღევანდელი დღის ბოლო მოგონება წარმოგიდგინოთ. რამდენიმე დღის წინ მორიგი ცხრა მაისი ავღნიშნეთ. საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა დიდი ბელადი - სტალინი ბრძანდებოდა. გაგიკვირდებათ და ცნობილმა რუსმა პოეტმა ქალმა ბელა ახმადულინამ ერთხელ იოსებ ბესარიონის - ძის სადღეგრძელოს დალევაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

თბილისში, ქართველი მწერლებისა და პოეტების მიერ მოწყობილ ერთ-ერთ სუფრასთან, სადაც ევგენი ევტუშენკოც იმყოფებოდა, სტალინის სადღეგრძელო ფეხზე ადგომით დალიეს. ევტუშენკოც წამოდგა და დალევა დააპირა, ამ დროს კი მის პირდაპირ მჯდომმა ბელა ახმადულინამ ფეხსაცმელი გაიხადა და ესროლა, ტიციან ტაბიძე ვინც დაახვრეტინა, იმის სადღეგრძელოს როგორ სვამო.