ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები ეროვნული მუზეუმის გაერთიანებიდან გამოყოფას დღემდე ითხოვენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე მათ ავტონომიას შეჰპირდა, ოღონდ ერთი პირობით, თუკი დაფინანსება ისევ მის პრიორიტეტად დარჩება.
ასეთი მიდგომა ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებისთვის დაუშვებელია. მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ ეროვნულმა მუზეუმმა მათგან არაერთი ექსპონატი გაიტანა, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუბრუნებიათ.
შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებმა მიმართვაც გაუგზავნეს პრემიერს და ეროვნული მუზეუმის გაერთიანებიდან გამოყოფა და დამოუკიდებლად არსებობა მოითხოვეს.
მათი განცხადებით, 2004 წელს იმდროინდელ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ეროვნული მუზეუმი, რომელშიც ხელოვნების მუზეუმის გარდა, სხვა 18 დაწესებულებაც გაერთიანდა და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამჟამად ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ერთი ადამიანი, ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი იღებს.
For.ge ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, ხელოვნების მუზეუმის კურატორ გია მარსაგიშვილს ესაუბრა. მან დაადასტურა, რომ ხელოვნების მუზეუმი მართლაც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის ბრძანებით, მათგან არაერთი ნამუშვევარი გავიდა დროებითი გამოფენის საბაბით და უკან არ დაბრუნებულა, ანუ ეს ნამუშევრები ან გალერეაში ან ჯანაშიას მუზეუმში ინახება.
„ჩვენი ექსპონატები გადავიდა სხვა მუზეუმებში, გალერეაში და ჯანაშიას მუზეუმში, თითქოს იქ გამოფენა უნდა გამართულიყო. სინამდვილეში, არ გაიმართა ეს გამოფენა და უკვე მეხუთე წელია, ჩვენმა მუზეუმმა დაკარგა თავისი ფუნქცია. ეს მაშინ, როცა ისტორიულ მუზეუმს, მემორიალურ თუ ხელოვნების მუზეუმს თავისი სტრუქტურა აქვს და ყველაფრის ერთმანეთში არევა სიკეთეს არ მოგვიტანს. იყო შემთხვევა, როცა ყოფილი პრეზიდენტის სასახლეში გადაიტანეს ფიროსმანის ნახატი „მოგზაურობა ურმით“, ატყდა ქალაქში ერთი ამბავი, ტელევიზიებმაც გააშუქეს და ექვსი თვის ნაცვლად, ოთხი თვის შემდეგ დაგვიბრუნეს.
ერთი წლის წინ პარლამენტის შესაბამის კომიტეტსაც მივწერეთ წერილი, პასუხად მივიღეთ, რომ ჩვენი წერილი გადაეგზავნა კულტურის სამინისტროს მოთხოვნით, დროზე გაეცათ პასუხი. თუმცა სამინისტროსგან ზერელე დაპირებები მივიღეთ. კულტურის სამინისტრომ ოფიციალური პასუხი ვერ აღირსა ჩვენს 80 თანამშრომელს, რომელიც ეროვნული მუზეუმიდან გამოყოფას ითხოვს“, - აცხადებს გია მარსაგიშვილი.
მისი თქმით, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე მზადაა, გარკვეული დოზით ავტონომიური მართვის უფლება მისცეს ხელოვნების თუ სხვა მუზეუმებს, თუმცა მთავარია, გაუქმდეს პრეზიდენტის მიერ 2004 წელს ხელმოწერილი კანონი, რომელიც ყოველგვარ უფლებას ართმევს მუზეუმებს და ამ უფლებას ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს ანიჭებს.
ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის კურატორი ელენე კავლელაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნაციონალების მოსვლის შემდეგ, 2004 წელს მუზეუმების გაერთიანება შეიქმნა, რაც მსოფლიოში უპრეცედენტო გახლდათ და ანომალია იყო სამუზეომო ცხოვრებაში. ერთადერთ პიროვნებას ენიჭებოდა უპირატესობა, დავით ლორთქიფანიძის ნება-სურვილზე იყო ყველაფერი დამოკიდებული. ამ გაერთიანების შედეგად საქართველოში სამუზეომო სისტემა მოიშალა, ხელოვნების მუზეუმი თავდაცვის პოლიტიკაზე გადავიდა, მაშინ, როცა თვით საბჭოთა პერიოდშიც კი, საქართველოს მუზეუმები ევროპულ ყაიდაზე იყო აწყობილი.
„თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ფიროსმანის ნამუშევარი გაიტანა და კაბინეტში დაკიდა, თუმცა ხალხმა მოატანინა უკან, ნიკა რურუამ გაიტანა ფერწერული ნამუშევრები (ელენე ახვლედიანი და სხვა) და მანაც თავისი კაბინეტი მოიწყო ამით, ეს ნამუშევრები ძალზე გვიან დაგვიბრუნდა. 2012 წელს სერიოზული ბრძოლა მოგვიხდა იმისთვის, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ მერაბიშვილს არ გაეტანა ხელოვნების მუზეუმიდან აწყურის კარედის ხატი და ზარზმის ღვთისმშობლის ჭედური ხატი. საზოგადოების თანადგომა რომ არა, მარტო ჩვენ ამ სიწმინდეების დაცვას ვერ შევძლებდით. ჩვენი საგანძურიდან, ასევე, გადაიტანეს საირხის (სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში) განათხარი მასალა, რომლის გამოვლენაც ხელოვნების მუზეუმის ექსპედიციის შედეგად მოხერხდა, ცნობილი მეცნიერის- ჯურხა ნადირაძის ხელმძღვანელობით. რაც შეეხება დაზგურ ფერწერას, დიდი ნაწილი გატანილია, რაც დარჩა, საწყობად არის გამოყენებული. გაიტანეს ქვაზე კვეთის უიშვიათესი ნიმუშები, გამოფენა უნდა გაეკეთებინათ და ორი წელია არაფერი გაკეთებულა, მარტო დროს აგრძელებენ და სხვას არაფერს. რეალურად, ხელოვნების მუზეუმი უკვე დაშლილია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ ჯანაშიას მუზეუმი აყვავებულია“, - აღნიშნა ელენე კავლელიშვილმა.
მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, საქართველო დაკარგავს ისეთ ძირძველ მუზეუმებს, როგორიცაა ხელოვნების მუზეუმი, საქართველოს ისტორიის მუზეუმი და სხვა. ამ მუზეუმების შექმნაში კი ილია ჭავჭავაძისა და ექვთიმე თაყაიშვილიდან მოყოლებული, უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ამბროსი ხელაიამ, კირიონ მეორემ, ლეონიდე კათალიკოსმა.
„დავით ლორთქიფანიძე მაქსიმალურად ცდილობს, მუზეუმების გაერთიანება შეინარჩუნოს და როგორც ნებავს, ისე მართოს. ახლა ამბობს, მოგცემთ ავტონომიას, მხოლოდ ფინანსები მე მექნებაო. რატომ არის ფინანსებით დაინტერსებული? რატომ უნდა ჰქონდეს მას ფინანსები? ხელოვნების მუზეუმს დღემდე ნივთი ვერ უყიდია, პატრიარქი რამეს რომ შემოსწირავს, ამით ივსება ჩვენი ფონდი. ამ დროს საქართველოდან გადის უიშვიათესი ნივთები, მუზეუმების კოლექციები ვეღარ ივსება. მუზეუმების გაერთიანება სააკაშვილის ანტიქართული პოლიტიკის შედეგი იყო, რომელიც უნდა დაიშალოს“, - აცხადებს ელენე კავლელიშვილი, რომელიც განმარტავს, რომ მუზეუმის ყველა თანამშრომელი ამავე პოზიციისაა, გარდა ხუთი-ექვსი ადამიანის, რომელსაც საკუთარი მდგომარეობა უფრო აღელვებს. კერძოდ, „მათ წიგნების გამოცემაში ეხმარებიან, ან ექსპედიციას უფინანსებენ“.