წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე დააკავეს. ტაბიძის დაკავება ე.წ. „მუხროვანის ამბოხის“ საქმის გახსნას უკავშირდება.
გამოძიება 144-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 დან 15 წლამდე ვადით.
მთავარმა პროკურატურამ 2009 წლის 20 მაისს, ე.წ. „მუხროვანის ამბოხისთვის“ ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის ძებნის სპეცოპერაციის დანაშაულებრივი გარემოებები გახსნა. გამოძიებით დადგინდა, რომ მაშინდელი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლევან ტაბიძემ, ე.წ. „მუხროვანის ამბოხისთვის“ ძებნილი პირების - ლევან ამირიძის, კობა ოთანაძისა და გია კრიალაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, დაგეგმა და განახორციელა კობა ოთანაძის ნათესავებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მათი წამება.
ამ მიზნით, 2009 წლის 20 მაისს, ღამის საათებში, ლევან ტაბიძე და მისი თანხმლები პირები შეიჭრნენ კობა ოთანაძის ნათესავის მურად ზარიძის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ადგილზე ზარიძის მეუღლე ნათია თვაური, ერთი წლის შვილი, მშობლები და დები იმყოფებოდნენ. ოჯახში შესვლის შემდეგ ლევან ტაბიძემ გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ ნიღბიან პირებთან ერთად დაიწყო სახლში მყოფი მურად ზარიძის და მისი ოჯახის წევრების უმოწყალო ცემა.
კერძოდ, ლევან ტაბიძე მივიდა საწოლში მყოფ მურად ზარიძის მეუღლესთან ნათია თვაურთან, რომელსაც სახეში რამდენიმეჯერ გაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ გადაინაცვლა დასთან ნათია ზარიძესთან, რომელიც გადმოაგდო საწოლიდან და ძირს დაგდებულს დაუწყო უმოწყალოდ ცემა, რის შემდეგაც გადაინაცვლა სამზარეულო ოთახში, სადაც ამ ყველაფრის შემსწრე მურად ზარიძის დედას, რუსიკო ივანიძეს, რომელიც ხმამაღლა ითხოვდა შველას, თავის არეში ძლიერად დაარტყა მუშტი, დააგდო ძირს და კვლავ განაგრძო მისი ცემა.
ლევან ტაბიძე მურად ზარიძის ოჯახის წევრებისგან დაჟინებით მოითხოვდა ძებნილ კობა ოთანაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას. იმის გამო, რომ ლევან ტაბიძემ და მისმა თანხმლებმა პირებმა ძებნილი კობა ოთანაძის ადგილსამყოფელის დადგენის კუთხით სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, მურად ზარიძეს და მისი ოჯახის ყველა წევრს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაიყვანეს ე.წ. „მოდულის“ შენობაში.
მოდულის შენობაში, მურად ზარიძე და მისი ოჯახის წევრები რიგრიგობით შეჰყავდათ ლევან ტაბიძის სამუშაო კაბინეტში, სადაც გრძელდებოდა მათთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორება და მუქარა ხორციელდებოდა მურად ზარიძის მცირეწლოვან - 1 წლის ბავშვის მისამართით, რის შემდეგაც ნათია ზარიძემ ვერ გაუძლო მასზე განხორციელებულ ძალადობას და მიაწოდა მათ მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია კობა ოთანაძის ადგილსამყოფელის თაობაზე.
წამებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2009 წლის 20 მაისს, თბილისში, თიანეთის გზატკეცილზე ჩატარდა სპეცოპერაცია, რა დროსაც გია კრიალაშვილი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე კი მძიმედ დაიჭრნენ.
ლევან ტაბიძეს, ზარიძეების ოჯახის წევრების მიმართ გამოჩენილი სისასტიკის და ამ გზით ძებნილი პირების ადგილსამყოფელის შესახებ მიღებული ინფორმაციის მოპოვებისათვის, მაშინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრძანებით გადაეცა ფულადი პრემია 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით მიენიჭა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი.
როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, გრძელდება გამოძიება შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და სოდ-ის ყოფილი დირექტორის ერეკლე კოდუას ხელმძღვანელობით ჩატარებული ე.წ. „მუხროვანის ამბოხებისთვის“ ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციის დანაშაულებრივი გარემოებების დასადგენად.
ე.წ. ამბოხებულების ადგილსამყოფელის გარკვევის მიზნით 5 მაისს კონტრდაზვერვის დეპარტანეტმა კობა ოთანაძის ნათესავებიც დააკავა. საბოლოო ჯამში სულ დაკავებული იყო 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის იყვნენ ქალბატონებიც. დაკავებულები მოდულის შენობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულები და მათ შორის ქალბატონები სასტიკად იყვნენ ნაწამები. დაკავებულებს შორის იყო ოთანაძის ძმა, ჯიმშერ ოთანაძე.
„იმავე საღამოს შემოვადრდნენ სახლში, მე, ჩემი მეუღლე და შვილი ვიყავით. ძირს დაგვყარეს, ყველაფერი დალეწეს და ამის შემდეგ გადაგვიყავნეს მოდულის შენობაში. ნახევრად ჩაუცმელი ვიყავით. იგივე გაუკეთეს ჩემს ნათესავებს სულ დააკავეს 18 ოჯახი, საერთო ჯამში 50-ზე მეტი ადამიანი იყო დაკავებული. როდესაც ეს ბიჭები თიანეთის გზატკეცილზე ჩაცხრილეს, მხოლოდ ამის შემდეგ გამოგვიშვეს. აი მაშინ გამოსასვლეში ვნახე ჩემი ნათესავები, არ ვიცოდი თუ დაკავებული იყვნენ. ყველა სასტიკად იყო ნაწამები.
ყველა ცალ-ცალკე ვიყავით. ჩვენი წამება მოდულის შენობის ჯურღმულებში მიმდინარეობდა, როდესაც გამოგვიშვეს მაშინ ვნახე მხოლოდ, რომ ესენი იყვნენ ნაწამები. ჩემი მამიდაშვილი გოგო სასკიკად აწამეს, თავი ჰქონდა დაჩეხილი. ასევე დააკავეს ჩემი დეიდაშვილი, რომელიც ვითომ ტაქსის მძღოლი იყო, რომელიც უშუალოდ ახალაიამ და კოდუამ აწამა. თქვენ წარმოგიდგენიათ აბსურდულ ბრალდებაზე რა დღეში ჩაგვაყენეს მთელი სანათესაო, თოთო ბავშვი დააკავეს, ასეთი რამ მსოფლიოში არავის ახსოვს. და, რისი გულისთვის ჰყავდათ თოთო ბავშვი მოდულის წინასწარი დაკავების იზოლატორში? - იმისთვის, რომ თავიანთი პიარაქცია ჩაეტარებინათ. ყველამ უნდა აგოს პასუხი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ჯიმშერ ოთანაძემ.
გარდა ამისა, დააკავეს და სასტიკად აწამეს ოთანაძის დეიდაშვილი, ზაზა სანდოძე. როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, უცნობმა პირებმა თავიანთ ავტომანქანაში გადასვეს და კუდ-ში ირაკლი კოდუას კაბინეტში მიიყვანეს, სადაც დათა ახალაია და გია ლორთქიფანიძე დახვდნენ.
„თავდაპირველად გია კრიალაშვილსა და მის ადგილსამყოფელზე მეკითხებოდნენ. არადა, გია არასოდეს მენახა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ უკრაინაში იყო სამხედრო ატაშედ. როგორ თუ არ იცნობო, გაგიჟდნენ და ახალაიამ და კოდუამ ცემა დამიწყეს. როცა ავუხსენი, რომ კრიალაშვილის კი არა, ოთანაძის ნათესავი ვიყავი, ახალაიამ მომიგო, მთლად უკეთესი, სამივეს პოვნაზე 300 ათასია დაწესებული, ამ თანხას შენ მოგცემთ, პოლიციაში ამდენს ხომ ვერ იშოვიო. მითხრეს, თუ უარს იტყვი შენს მეათეკლასელ შვილს წამალს ჩავუდებთ და ორ დღეში გვერდზე მოგიჯდებაო.
როდესაც ვუთხარი, რომ არ ვიცოდი, სად იყვნენ, ახალაიამ და კოდუამ ისევ ცემა დამიწყეს. ცემასაც გააჩნია, რაც ხელში მოხვდათ, ყველაფერს მირტყამდნენ. მალე შემოემატათ ერთი კაცი, რომელიც როგორც შემდეგ ამოვიცანი, ირაკლი ფირცხალავა იყო. დათა ახალაიამ უთხრა, შენ იმ ხალხს ტყე-ტყე დაეძებ, ისინი კი თბილისში დანავარდობენ, მანქანით დაატარებს ეს კაციო. ფირცხალავას ხელკეტი ეჭირა და ისე გამეტებით ჩამარტყა, თავი გამიხეთქა. სახეზე სითბო ვიგრძენი, სისხლი მდიოდა, ძირს დამაგდეს და ნახევარი საათი გონის დაკარგვამდე მცემდნენ.
გონზე რომ მოვედი, შხაპის ქვეშ ვიყავი, თანამშრომლები წყალს მასხამდნენ. შემდეგ კოდუას მოადგილის კაბინეტში დამსვეს და გახეთქილ თავზე ხელსახოცები დამაყარეს. ახალაიამ თავისას რომ ვერ მიაღწია, მკლავი მაგიდასა და სკამის საზურგეს შორის დამადებინა და წიხლით ჩამიმტვრია. იმ არაკაცებმა თავი გამიხეთქეს, ორივე მხარეს 3-3 ნეკნი ჩამიმტვრიეს და თვალი ბუდიდან ამომიგდეს. საშინელი სანახავი ვიყავი. ეს გარეწრები უნდა დაისაჯონ“, - ამბობს სანდოძე.
როგორც სანდოძე იხსენებს, მისგან რომ ვერაფერი გაიგეს, დათა ახალაიამ უთხრა თავის ბიჭებს, აგერ არის ავტომატი, თუ საჭირო გახდა, წამალიც წაიღეთ და მანქანაში ჩაუდეთო.
„შემდეგ ფირცხალავას მიუბრუნდა, წაიყვანე და რაც გინდა, ის უქენით, გინდ მოგიკლავთო“.
მიმიყვანეს ჯვრის მონასტერთან და მეკითხებიან, გაქცეულები სად გადაიყვანე, სად გადაუხვიეო. მე მაინც იმას ვიმეორებდი, რომ ჩემს მანქანაში არავინ მჯდარა. ფირცხალავამ ჩასადებად გამზადებული ავტომატი გადმოიღო და სროლა დამიწყო, ვითომ დახვრეტას მიპირებდა. ვუთხარი, მესროლე და ბარემ მომკალი-მეთქი, რაზეც მიპასუხა, გაიქეცი და გესვრიო. შემდეგ მითხრა, შენს მანქანას დავათვალიერებთ, იქ ავტომატები იდება და რასაც გეტყვიან, იმას დაწერო.
მოიყვანეს ჩემი ავტომანქანა, საბარგულში სამი ავტომატი ჩადეს, სავარძელზე კი სამი ფორთოხალი, თითქოს გაქცეულებს დარჩათ. დასაკითხად მცხეთის პოლიციის სამმართველოში წამიყვანეს, სადაც კვლავ უარვყოფდი, რომ იარაღი ძებნილების იყო. ვეუბნებოდი, ვაღიარებ, რომ ავტომატი ჩემია, მათ ვერ დავაბრალებ-მეთქი. მთელი ღამე მაწამებდნენ. დილას პოლიციის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე შემოვიდა, დამცინა და მითხრა, ვისკს მოგიტან, დალიე და ტკივილს გაგიყუჩებსო“, - იხსენებს ზაზა სანდოძე.