შსს-ს წარმომადგენლებმა ვ. კომაროვის სკოლის მოსწავლეებს „ბიოს“ წინააღმდეგ მიღებული კანონი გააცნეს

შსს-ს წარმომადგენლებმა ვ. კომაროვის სკოლის მოსწავლეებს „ბიოს“ წინააღმდეგ მიღებული კანონი გააცნეს

შსს-ს წარმომადგენლები, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისში, ვ. კომაროვის სახელობის თბილისის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლებს შეხვდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ე.წ. „ბიო“-ს წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიზანსა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. მათ მოზარდებს განუმარტეს, რომ კამპანიის მიზანი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა, ხოლო სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“.

შსს-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლები უჩვენეს, რომლებშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობენ.

შეხვედრაზე მოზარდებს ასევე გააცნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შექმნილი კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“, რომელიც 1 მაისიდან შევიდა ძალაში. შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა სოფო კილაძემ მოსწავლეებს განუმარტა, რომ აღნიშნული კანონის თანახმად, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

შსს-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. მათ ბიონარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენის შესახებ ნარკოლოგი თათა ასათიანი ესაუბრა.