თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად რამდენიმე უსახელო ქუჩას სახელი დაერქვა. მათ შორის თბილისში, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული გამზირის მონაკვეთს „ქართულ – ამერიკული მეგობრობის გამზირის“ სახელი მიენიჭა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელმაც ქართულ – ამერიკულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.
„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობები დამყარდა 22 წლის წინ, კერძოდ 1992 წლის 23 აპრილს. განვლილმა წლებმა ნათლად წარმოაჩინა აშშ-ის განსაკუთრებული წვლილი საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის საქმეში. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დიდ პოლიტიკურ, სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. ამერიკის მთავრობამ და ამერიკელმა ხალხმა არაერთხელ დაადასტურა, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ისინი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და განაგრძობენ ამ მიმართულებით დახმარებას. შეერთებული შტატები არის საქართველოს ერთგული პარტნიორი და საქართველოს სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო გარანტორი. სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ორი ქვეყნის მეგობრობის სადემონსტრაციოდ თბილისში არსებობდეს ქართულ – ამერიკული მეგობრობის გამზირი“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი სახელწოდების თბილისის რომელიმე ქუჩისთვის მინიჭების ინიციატივით თბილისის საკრებულოს მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ამერიკის მეგობართა კლუბი“. საკრებულომ გაითვალისწინა „ამერიკის მეგობართა კლუბის“ მოსაზრება და დღევანდელ სხდომაზე ზემოთხსენებული გადაწყვეტილება მიიღო.