ცნობილმა ქართველმა ბიბლიოგრაფმა, დამიანე ალანიამ საქართველოს ლიტერატურის მუზეუმს საჩუქრად 10 000-ზე მეტი წიგნი გადასცა . ეს ფაქტი გახლავთ ერთ–ერთი იშვიათი თანადგომის ნიმუში წიგნის მოყვარული ჩვენი საზოგადოების და იმ ადამიანების მისამართით, რომელთა დიდ ნაწილს წიგნების შესაძენი თანხა უბრალოდ არა აქვს და მათი ერთადერთი მთავარი ნავთსაყუდელი სწორედ ბიბლიოთეკა გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ დამიანე ალანიას მიერ ბიბლიოთეკისათვის გადაცემულ წიგნებში ბევრი უნიკალური გამოცემაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უპირველეს წიგნთსაცავში – საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც კი არ ინახება.
“მისასალმებელი და დასაფასებელი ნაბიჯი გადადგა ცნობილმა ბიბლიოგრაფმა. წიგნები ჩვენს ფონდში დაიდებს ბინას და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მათი წაკითხვა. მოვუწოდებთ ყველა ბიბლიოგრაფს, რომელსაც არ აქვს წიგნების შენახვის სათანადო პირობები, გადმოგვცეს წიგნები და ჩვენ მათ შესაფერისად მოვუვლით“ – აცხადებენ მუზეუმის გახარებული თანამშრომლები, რომლებიც მსგავსი ქველმოქმედებით ნამდვილად არ არიან განებივრებული.