„მიკვირს, რომ „ევრაზიული კავშირი“ მოსწონს 16%-ს“

„მიკვირს, რომ „ევრაზიული კავშირი“ მოსწონს 16%-ს“

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შესახებ მორიგი მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევა 26 მარტიდან 18 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა და 3942 ადამიანი გამოიკითხა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამუშაო ადგილების რაოდენობა არ შეცვლილა, იგივე დარჩა კრიმინალის დონე, შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა - ასეთია გამოკითხულთა უმრავლესობის აზრი. თუმცა კველევის შედეგების თანახმად, მნიშვნელოვან ცვლილებებს მოსახლეობა კვლავ ხელისუფლებისგან ელის და მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამას ვერ შეძლებს.

NDI-მ საზოგადოების განწყობა პოლიტიკური კუთხითაც გამოიკვლია. პოლიტიკური რეიტინგების შესახებ ინფორმაცია 8 მაისს გახდება ცნობილი.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების შეფასება For.ge-მ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გუგული მაღრაძეს სთხოვა.

ქალბატონო გუგული, NDI-ის კვლევის თანახმად, 46% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიაა, 2013 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ კვლევებში 54% მიიჩნევდა, რომ ქვეყანაში დემოკრატია იყო. ანუ მაჩვენებელი 8%-ით გაუარესდა. როგორ ფიქრობთ, რით არის განპირობებული ამგვარი შედეგი?

- ეს მონაცემი საგანგაშო არ არის. წინასაარჩევნო პერიოდია და ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ყველა მხრიდან გაძლიერებულია. ეს, გარკვეულწილად, გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. საერთოდ, როგორც წესი, არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაც უწევს. მაგალითად, ავიღოთ, თუნდაც მოსმენების საკითხი. ცხადია, უნებართვო მოსმენები არ უნდა იყოს, მაგრამ სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები და მოსმენების რაღაც ნაწილი, ოღონდ, სასამართლოს მიერ სანქცირებული უნდა დარჩეს და ეს ასეა ყველა ქვეყანაში. ვთქვათ, იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონი - ვიღაცას მიაჩნია, რომ ეს დემოკრატიის ნაწილია, ვიღაც კი ფიქრობს, რომ პირიქითაა.

ხელისუფლების რეიტინგი არასდროს იზრდება იმ პერიოდში, როცა საქმეს იწყებს. შემდეგ, არჩევნების წინა პერიოდში, რაღაც ღონისძიებებზე კვლავ იმატებს და ეს არის ჩვეულებრივი, მუშა პროცესი. ამიტომ დემოკრატიის არსებობის კუთხით 8%-იანი სხვაობა შეშფოთების საფუძველი არ არის.

საერთოდ, კვლევები იმიტომ ტარდება, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს და ყურად იღოს. ვარდნა თუ დიდია, ასეთ შემთხვევაში სპეციალური ზომებიც უნდა მიიღოს. გაარკვიოს, რა არის მიზეზი, მოსახლეობის რომელი ნაწილის ხარჯზე ხდება საზოგადოების განწყობის ამგვარი ცვლილება.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა - 49% მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამუშაო ადგილების რაოდენობა საქართველოში იგივე დარჩა და შემოსავლების კუთხით მათი ოჯახების მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ამ მონაცემებზე რას გვეტყოდით?

- მოსახლეობას აქვს მოლოდინი, რომ სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ყველაფერი მათ ცხოვრებაში. ასეთი ცვლილებები სწრაფად ვერ ხდება და შეუძლებელია, ხელისუფლებამ მოკლე დროში უზრუნველყოს ბევრი ადამიანის დასაქმება, ხელისუფლებას შეუძლია, შექმნას კარგი საკანონმდებლო ბაზა საიმისოდ, რომ დაინტერსდეს კერძო ინვესტორი. მაგრამ კერძო ინვესტორ საკანონმდებლო ბაზის გარდა უსაფრთხოების საკითხიც აინტერესებს. იგივე უკრაინაში მიმდინარე პროცესები, რუსეთის მხრიდან შესაძლო მუქარები და მსგავსი მოვლენები ბიზნესმენზე გავლენას ახდენს. ის ორჭოფობს - ჩადოს ფული ამა თუ იმ დარგის განვითარებაში, თუ არა. ხელისუფლება ვერ ააშენებს ქარხნებს და კიდეც რომ ააშენოს, თუკი გასაღების ბაზრები არ იქნება, თუკი სათანადო ხარისხი არ იქნება მიღწეული და პროფესიონალი კადრები არ იქნებიან, შედეგი მაინც არ იქნება. დასაქმება არის რთული პროცესი და დასაქმების მაჩვენებლის მოკლე დროში გაუმჯობესება, პრაქტიკულად, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. თუ არ ჩავთვლით ხელოვნურ დასაქმებას, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ წინაასაარჩევნოდ მცირე ხნით ასაქმებდა სტუდენტებსა თუ სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებს.

ჩვენ ხელისუფლებას ერთი მიზანი აქვს, რასაც აკეთებს, გააკეთოს სერიოზულად და ფუნდამენტურად - ზედაპირულ ეფექტებზე ნაკლებად არის ორიენტირებული. ამის გამო, გასაგებია, რომ მოსახლეობაზე ზედაპირული ეფექტები უფრო მოქმედებს, ვიდრე ფუნდამენტური სვლა პრობლემების გადასაჭრელად.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოში ევროინტეგრაცია პოპულარულია, თუმცა გამოჩნდნენევრაზიის კავშირისმომხრეებიც და მათი რაოდენობა NDI-ის კვლევებით 16 %-ით განისაზღვრა, ელოდით ამგვარ შედეგს?

- ჩემთვის მთავარია კვლევის მონაცემები ევროინტეგრაციის საკითხზე. ევროინტეგრაციის მიმართულება მოწონებულია საქართველოს მოსახლეობის 65%-ის მიერ. ცოტა არ იყოს, მიკვირს, რომ „ევრაზიული კავშირი“ მოსწონს 16%-ს. ეს არის უპერსპექტივო კავშირი და ბელორუსიაც კი, რომელიც ამ კავშირის ერთ-ერთი მთავარი მომხრეა, ევროპისკენ იყურება და მოკლე ხანში, თუკი რუსეთში ოდნავ მაინც დაიწყო პროცესები და ნავთობდოლარების შემოსავალმა იკლო, სავარაუდოდ, ბელორუსიაც დაუქნევს ხელს. ამიტომ მიკვირს იმ 16%-ის, რომელიც ამბობს, რომ „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრიანება სასარგებლო შეიძლება იყოს საქართველოსთვის. ის 65%, რომელიც ევროპის ინტეგრაციას და 75%, რომელიც ნატოში ინტეგრაციის მომხრეა, აჩვენებს, რომ საქართველოს გაცნობიერებული აქვს, რომ მისი მომავალი არის იქ, სადაცაა ადამიანის უფლებების დაცვა, უსაფრთხოება, კანონის უზენაესობა.

ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში NDI-ის კვლევებს კოალიციაქართული ოცნებაუნდობლობას უცხადებდა, ახლა რატომ მიგაჩნიათ სანდოდ ეს კვლევები?

- საზოგადო განწყობა იყო მაშინ სხვაგვარი - ადამიანებს ეშინოდათ აზრის გამოხატვის. ამიტომაც იყო იმ დროს ბევრ საკითხზე უცნაური შედეგები. უამრავი პრობლემის მიუხედავად კვლევევბის მიხედვით ხალხი ხელისუფლებას მაინც ენდობოდა. პირდაპირ კითხვაზე ადამიანები პირდაპირ პასუხებს ვერ სცემდნენ. დღეს გაცილებით თავისუფალია საზოგადოება აზრის გამოხატვაში. ტელეეთერი აქვს ყველას, რაც უნდათ იმას იტყვიან პრემიერზე, პარლამენტის თავმჯდომარესა თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებზე. ამოიღოს ვინმემ ორი წლის წინანდელი მასალა, რამდენიმე ოპოზიციონერის გარდა თუ ვინმე გაბედავდა ასეთი ტიპის საუბრებს. ოპოზიციის წარმომადგენლებს კი ერთგვარი ხელშეუხებლობა გვქონდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენი ჭკუა ჰქონდა, რომ ჩვენ არ დავეჭირეთ. ახლა კი კრიტიკულად ნებისმიერი მოქალაქე საუბრობს, თავისუფალია მედიაც. ადამიანებს აქვთ გარანტია, რომ ნათქვამი წინ არ დაუხვდებათ და ამის გამო პრობლემა არ შეექმნებათ.

NDI-ს გამოკვლევებთან დაკავშირებით კონკრეტული მაგალითები მახსენდება. როდესაც გამოკითხვის დროს ქალბატონმა საჭოჭმანო პასუხი გასცა, მეორე დღეს პასუხი მოსთხოვეს მის შვილს, რომელიც მერიაში მუშაობდა. ამიტომ, ახლანდელ გამოკვლევაში მოყვანილი მონაცემები უფრო სანდოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ, ვიდრე ის გამოკვლევები, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმის დროს ტარდებოდა.

თქვენ ამბობთ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის არსებობის საკითხზე კვლევის მაჩვენებლის 8%-ით გაუარესება, საგანგაშო არ არის, რომ დასაქმების საკითხზე პრობლემების მქონე მოქალაქეთა რაოდენობის ზრდაც არ არის სერიოზული პრობლემა. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებრივი აზრის ამგვარი განწყობა იქონიებს თუ არა გავლენას სახელისუფლებო პარტიის რეიტინგზე და არჩევნების შედეგზე?

- ეს განწყობა არჩევნების შედეგზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. საერთოდ, ადგილობრივი არჩევნები სპეციფიკური არჩევნებია და ადგილზე, შესაძლოა, ისეთი ადამიანი გავიდეს, რომელიც პარტიის წევრი სულ არ არის და საინიციატივო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი. გარდა ამისა, საპარლამენტო ოპოზიციამ ვერ მოახერხა გაერთიანება, რომ არჩევნებში მეტი შესაძლებლობა ჰქონოდათ და იგივე, „ქართული ოცნებისთვის“ ჩამოეკლოთ ხმები. ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობას“ 10%-მდე იქნება, რადგან ამ ოდენობით მათ მყარი ამორჩეველი ჰყავთ და შესაბამისი ფინანსური რესურსიც გააჩნიათ მათი არჩევნებზე მისვლის უზრუნველსაყოფად. დანარჩენი, ადგილზე, შესაძლოა ერთეული შემთხვევები იყოს. ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება ეჭვგარეშეა, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, სხვა უფრო ძლიერი და ნდობის მქონე პოლიტიკური ძალა არ არსებობს.

არჩევნებში სახელისუფლებო პარტიის წარმატებები წლების განმავლობაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც უკავშირდებოდა. არჩევნების თარიღზე გაცილებით ადრე დასახელებულქართული ოცნებისთბილისის მერობის კანდიდაზეც არაერთხელ უთქვამთ ოპონენტებს, რომ მინისტრობის პერიოდში, პრაქტიკულად, საარჩევნო კამპანიას აწარმოებდა.

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სახელისუფლო რესურსის გამოყენების შესაძლებლობა და მისი გავლენა არის გაცილებით მცირე, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე. იმდენად მცირეა მაჟორიტარი დეპუტატის სამოქმედო არეალი, რომ მას შეუძლია, პირადად შეხვდეს ყველა ამომრჩეველს და მოაწონოს მათ თავი. ამ შემთხვევაში ვერც ცენტარლური მედია ახდენს დიდ გავლენას და სახელისუფლებო რესურსის გამოყენების შანსიც არ არის. ხელისუფლებაც ყოველნაირად ცდილობს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობა არ დაუშვას. ჩვენ, მაგალითად, შეხვედრებზე პარლამენტის მანქანებით არ მივდივართ.

დავით ნარმანია თუ გამოვა და იტყვის, რომ მისი მინისტრობის პერიოდში გააკეთა ესა თუ ის, ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად უნდა ჩაუთვალონ? ხომ ნამდვილად იმუშავა ამ კაცმა და საკუთარი ბიოგრაფიის წელიწადნახევრიანი პერიოდი ხომ უნდა წარმოადგინოს? ვიღაცამ ეს შეიძლება სახელისუფლებო რესურსის გამოყენებად მიიჩნიოს, მაგრამ სრულიად ბუნებრივია, ადამიანმა ისაუბროს იმაზე, რაც გაუკეთებია და რისი გაკეთებაც შეუძლია.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს სხვაგვარად იყო. პრაქტიკულად, არც ერთი ბილბორდი არ ჰქონდა სხვა პოლიტიკურ ძალას. დარაზმულები იყვნენ გამგებლები და გუბერნატორები. დღეს კი შეხვედრებზე ხალხი ორგანიზებულად არავის მოჰყავს. ამ თვალსაზრისით დეპოლიტიზაცია ნამდვილად მოხდა.

თუმცა, ქალბატონო გუგული, „ნაციონალური მოძრაობისხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც იყო შემთხვევები, როცა რაიონებში მაგალითად, პედაგოგები ორგანიზებულად მიდიოდნენ სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო შეხვედრებზე.

- ის, რომ მასწავლებლები და დირექტორები სადღაც მივიდნენ არ არის პრობლემა. მოქალაქეებს აქვთ უფლება, სადაც უნდათ, მივიდნენ. შეიძლება, მასწავლებელმა უთხრას თანამშრომლებს, მივდივარ და თქვენც ხომ არ აპირებთ წამოსვლასო. სულ სხვაა, როცა ასეთი დავალება მოდის საარჩევნო შტაბიდან ან გამგეობიდან, როდესაც ხალხს აფრთხილებენ, რომ აუცილებლად უნდა დაესწრონ შეხვედრებს და თუ არ დაესწრებიან, სამსახურს დაკარგავენ. წინა ხელისუფლების დროს ჩვენ, სწორედ, ასეთი მდგომარეობა გვქონდა. მაგალითად, ერთ შემთხვევას გეტყვით, ქუჩაში შემხვდა ახლობელი, ვისაუბრეთ და დააგვიანდა იმ ავტობუსზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრაზე მიჰყავდა ხალხი. რომ ვეღარ მიუსწრო, სამსახური დაკარგა.