განუმეორებელი ეროსი

განუმეორებელი ეროსი

დღეს, დიდი ქართველი მსახიობისა და სპორტული კომენტატორის – ეროსი მანჯგალაძის დაბადების დღეა. დღეს ეროსი 86 წლის გახდებოდა. ეროსი მანჯგალაძე სამტრედიაში დაიბადა 1925 წლის 3 მარტს. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1947), იმავე წლიდან მუაშობდა ცხინვალის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის თეატრში, ხოლო 1948–იდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.

1980–იდან ერთდროულად მუშაობდა კინოსტუდია “ქართული ფილმის“ კინომსახიობთა თეატრის თეატრის დირექტორად და მსახიობად. მანჯგალაძე ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მსახიობი იყო. გამოირჩეოდა მაღალი აქტიორული ოსტატობით, გარდასახვის ნიჭით, მასშტაბურობით, უშუალობით, ლამაზი და ძლიერი ხმის ტემბრით, მუსიკალობით.

ეროსის ნათამაშები თეატრალური როლებიდან გამოსარჩევია: ივანე მახარაძე (სოლოვიოვის “დიდი ხელმწიფე”), ზიმზიმოვი (სუნდუკიანის “პეპო”), ლოპესი (ფლეჩერის “ესპანელი მღვდელი”), ყვარყვარე (კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი”), გვადი (ქიაჩელის “გვადი ბიგვა”), ოიდიპოსი (სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე”), აპრაკუნე (იონა ვაკელის “საქმიანი კაცი”), დათვი (ნახუცრიშვილის ჭინჭრაქა”), თავადი ვანო (ცაგარელის “ხანუმა”), აზდაკი (ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრე”) და სხვა...

მანჯგალაძემ თავისი წვლილი შეიტანა ქართული კინომატოგრაფიის განვითარებაში – შექმნა ეროვნული კოლორიტით გამთბარი კომედიური სახეები: ალექსანდრე (“წარსული ზაფხული”), სევერიანი (“თოჯინები იცინიან”), სამჭკუაშვილი (“ქვევრი”), მღვდელი (“ლონდრე”), ჩორეხი (“ნატვრის ხე”) და სხვა.

ეროსი მანჯგალაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ტელე და რადიოთეატრის (ამჟამად მისი სახელობისაა) განვითარებაში. მანჯგალაძის სახელობისაა დრამატულ გადაცემათა მთავარი სტუდია. უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა როგორც სპორტული კომენტატორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკძალულია დიდუბის პანთეონში. თბილისში არის ეროსი მანჯგალაძის ქუჩა.