ნიკიტა სულელია

ნიკიტა სულელია

დღევანდელ წერილში ქართული საზოგადოებისთვის უცნობ რამდენიმე პოლიტიკურ მოგონებას შემოგთავაზებთ. სამწუხაროდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა და მისი მოსახლეობა კვლავ განსაკუთრებული „პოლიტიკური ვნებათაღელვის“ ტყვეობაში იმყოფებოდა. გვინდა-არ გვინდა ამ „ცხოვრებისეულ სფეროს“ დღემდე გვერდს ვერ „ვუქცევთ“.

სიმართლე გითხრათ და ამდენი „პოლიტიკით“ უკვე საკმაოდ გადავიღალე. ქართველების გამოსწორება ალბათ არასოდეს იქნება და ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობა მუდმივად ადგილობრივი პოლიტიკური ბატალიების მსხვერპლი იქნება, განსხვავებით ევროპელებისგან, რომლებსაც უპირველეს რიგში საკუთარი პრობლემების მოგვარება ადარდებთ და ზემოთ რამდენჯერმე ნახსენები (ქართველებისთვის ძალიან ახლობელი ტერმინი -  „პოლიტიკა“) სულ „ფეხებზე ჰკიდიათ“.

დღევანდელ მოგონებებში ქართული საზოგადოებისთვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ამბავს გაგაცნობთ. 

ჩვენი პირველი „სტუმარი“ ნიკიტა ხრუშჩოვი იქნება. ეს ადამიანი საქართველოში დღემდე განსაკუთრებით ეჯავრებათ. ალბათ გახსოვთ, რომ თავის დროზე ნიკიტას ქართველების ციმბირში გადასახლება სურდა.

ეს პიროვნება თავისი არაორდინალური ქცევით ყოველთვის გამოირჩეოდა. არაყი უყვარდა და დათრობის შემდეგ საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა. სტალინის დროს ნიკიტა იმდროინდელი საბჭოთა „სამეფო კარის“ მასხარას როლს ასრულებდა. როდესაც ქვეყნის პირველი პირი გახდა, უცხოეთში ყოფნისას თავი არაერთხელ შეირცხვინა. თუნდაც ფეხსაცმლის გახმაურებული „საქმე“ გავიხსენოთ, როდესაც აშშ-ში ვიზიტისას ფეხზე გაიხადა და დარბაზში მყოფ პატივსაცემ საზოგადოებას „ტუფლი“ სულ მაგიდაზე უბრახუნა.

წლების განმავლობაში ბატონ ნიკიტასთან სამსახურეობრივი ურთიერთობა საქართველოს ყოფილ პირველ პირს ვასილ მჟავანაძეს ჰქონდა.

ხრუშჩოვი მჟავანაძეს უკრაინიდან იცნობდა. იცნობდა, როგორც გენერალს, უკრაინის უზენაესი საბჭოს დეპუტატს, პატივს სცემდა და ენდობოდა. გარდა ამისა, იცოდა რა მჟავანაძის ბიოგრაფია, უფრო რუს გენერლად მიაჩნდა და, ამდენად, საქართველოს ცეკას პირველი მდივნის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენა მიზანშეწონილად ჩათვალა. ხრუშჩოვს საქართველოში სჭირდებოდა კაცი, რომელიც უპირველესად მოსკოვის ინტერესებს გაატარებდა.

მჟავანაძე იხსენებდა: „შევედი კაბინეტში და ხრუშჩოვი მეუბნება: „საქართველოს ცეკას პირველ მდივნად გიშვებთ!“ რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან ეს ბრძანება იყო. როდესაც მისი კაბინეტიდან გამოვედი, მისაღებში ალექსი ინაური შევნიშნე. ვკითხე, - აქ რას აკეთებ-მეთქი. 

- არ ვიცი, - მიპასუხა მან.

მეორე დღეს მოსკოვი-თბილისის რეისზე თვითმფრინავში გვერდიგვერდ აღმოვჩნდით. ისევ ვეკითხები ინაურს: ხრუშჩოვთან რაზე იყავი-მეთქი. ვერ გეტყვით, - ისევ მპასუხობს ინაური და თვითონაც იმავეს მეკითხება - თქვენ რატომღა იყავით? ვერც მე გეტყვით-მეთქი. ასე ჩამოვფრინდით თბილისში. საქართველოს ცეკას ბიურომ ჩვენი კანდიდატურები განიხილა და მეორე დღეს მე საქართველოს ცეკას პირველი მდივნის კაბინეტი დავიკავე, ალექსი ინაურმა კი - სუკის თავმჯდომარის“.

ერთი საინტერესო ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ. წინა საუკუნის 60-იან წლებში მჟავანაძემ საქართველოში თავშესაფარი უკრაინელ ღვთისმსახურებს მისცა.

1960 წელს ხრუშჩოვმა საბჭოთა კავშირში 30 ათასი ეკლესია დახურა. მან ანტიქრისტიანული აქცია პირველად თავის სამშობლოში - უკრაინაში განახორციელა: სუმსკის ოლქში მდებარე სამონასტრო კომპლექსი - გლინსკის მონასტერი დახურა, ღვთისმსახურები კი დაარბია და განდევნა. ისიც ცნობილია, რომ ხრუშჩოვის და, ძმისა და საერო ცხოვრებისგან გარიდებული, უკრაინის ამ მონასტერში მონაზვნად ყოფილა აღკვეცილი. ეკლესიის დარბევის შემდეგ მონაზონ დას თავისი ძმისთვის ასეთი სიტყვებით მიუმართავს: „ნე ზრია ოტეც გოვორილ, შტო ტი დურაკ, ნიკიტა!“ რა ბედი ეწია ხრუშჩოვის მონაზონ დას, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ, გლინსკის მონასტრიდან დევნილ ბერ-მონაზვნებს საქართველოსკენ გამოუწევიათ. ერთ-ერთი დევნილი ღვთისმსახური, მამა ზინოვი, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ეწეოდა საღვთისმსახურო მოღვაწეობას და მალე მიტროპოლიტიც გახდა. სწორედ მამა ზინოვიმ აღკვეცა ბერად საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე.

ნიკიტა ხრუშჩოვს ქართველები სძულდა. ამ მიზეზის გამო თბილისის მეტროს მშენებლობა სასტიკი „პარტიზანული“ მეთოდებით ხორციელდებოდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა შეწყვიტეს. ვასილ მჟავანაძის მეცადინეობით გაფორმდა მაღაროების დაკონსერვება და ამისთვის თანხები გამოიყო, სინამდვილეში კი მეტროს მშენებლობა მიმდინარეობდა და 1966 წლის 11 იანვარს პირველი რიგი გაიხსნა: „თავისუფლების მოედანი“ - „ვაგზალი“.

რაც შეეხება სპორტის სასახლეს. ეს ნაგებობა მაშინ აშენდა, როდესაც ხრუშჩოვმა მთელ საბჭოთა კავშირში აკრძალა სპორტული და კულტურული ობიექტების მშენებლობა. ამიტომაც, სპორტის სასახლე ცოტათი მიწაშია ჩასმული, რათა ძალიან თვალში საცემი არ ყოფილიყო - ეს საგანგებოდ გაკეთდა.

ხრუშჩოვი 1961 წელს ჩამოვიდა საქართველოში და სპორტის სასახლეც დაათვალიერა. მოგეხსენებათ, სპორტის სასახლის შესასვლელი და კიბეები მარმარილოსი გახლავთ. ხრუშჩოვს რომ არ შეემჩნია მარმარილოს კიბეები, შავად შეღებეს, მაგრამ, ვის მოატყუებდი - ხრუშჩოვს ისეთი თანაშემწეები ჰყავდა, უმალ შენიშნეს და მოახსენეს კიდეც. სტადიონის მშენებლობაც პარტიზანულად განხორციელდა: საქართველოს მთავრობამ გაიტანა პროექტი კაპიტალური რემონტის ჩატარებაზე, რისთვისაც ორი მილიონი მანეთი გამოგვიყვეს, მაგრამ, ძველი სტადიონი, ფაქტობრივად, დაინგრა და აშენდა ახალი, რომელიც 9 მილიონი მანეთი დაჯდა. რა თქმა უნდა, ახალი სტადიონის აშენება ცენტრს არ გამოჰპარვია და ეს საკითხი ოცდამეორე ყრილობაზე ხრუშჩოვის მოხსენებაში იყო შეტანილი, მაგრამ, მჟავანაძემ დაურეკა მას, ვინც მოხსენებას წერდა და ეს თემა საერთოდ ამოიღეს. ამ საქმემ მსუბუქად ჩაიარა“.

ნება მომეცით დღევანდელ „პოლიტიკურ მოგონებებს“ სახალისო ელფერი შევძინო. გაგიკვირდებათ და ხრუშჩოვის პირადი დაცვის ერთ-ერთი წევრი ქართველი გახლდათ. „კოლორიტულ“ ნიკიტაზე საუბარს ვიცე-პოლკოვნიკი დემურ ლოლაშვილის ერთი სახალისო მოგონებით დავასრულებ.

„უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ვართ. ხრუშჩოვის კორტეჟი საგულდაგულოდ გადაკეტილ ცენტრალურ მაგისტრალზე მისრიალებს და ჩვენ, მისი დაცვის წევრები მომდევნო მანქანით მივყვებით. უცებ ჩვენი უფროსის, ლიტოვჩენკოს ხმა მოგვესმა. მიკროფონით მოგვმართავდა:

- ბიჭებო, მოემზადეთ. პირველი აღმოსავლური ბაზრის დათვალიერებას აპირებს, როგორც კი ჩვენი მანქანა შეჩერდება, თქვენც მზად იყავით და გამოგვყევით.

და, მართლაც, ხრუშჩოვის „ჩაიკა“ ტაშკენტის ბაზრის წინ გაჩერდა, იქიდან ხრუშჩოვი გადმოვიდა და მისთვის ჩვეული ენერგეული ნაბიჯებით შეიჭრა ხალხმრავალ ბაზარში. ჩვენც, რა თქმა უნდა, უკან ავედევნეთ მას და ყოველ წამს ვიყავით მზად, პირველი (ასე ვეძახდით ხრუშჩოვს) საკუთარი სხეულით დაგვეცვა. ნიკიტა კი უდარდელად მიმოდიოდა დახლებს შორის და გლეხებს ესაუბრებოდა. უცებ ხრუშჩოვი ერთი ტენტიანი, ღია შენობის წინ შეჩერდა, რომლის შუაგულშიც ექვსი უხუცესი მამაკაცი იჯდა და რიგ-რიგობით ჩილიმს ეწეოდნენ. ნიკიტა მათთან მიიჭრა, მიესალმა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხნის დანებებული ჰქონდა თამბაქოს წევისთვის თავი მათ შორის ჩაჯდა და თქვა: მშვიდობის ჩიბუხს მეც სიამოვნებით მოვწევო. რა თქმა უნდა, ნიკიტას ჩილიმი მიაწოდეს. მანაც ორი ნაფაზი დაარტყა, შემდეგ ბარბაცით წამოდგა და რის ვაი-ვაგლახით მივიდა „ჩაიკამდე“, შიგნით ჩაჯდა და გულიც აერია... საქმე კი ის იყო, რომ ტაშკენტის ბაზრის შუაგულში მოკალათებული უხუცესები მშვიდობის ჩიბუხის ნაცვლად, მარიხუანას ეწეოდნენ და ხრუშჩოვმაც რომ იგივე გაიმეორა, საკმაოდ სერიოზული ნარკოტიკული მოწამვლა მიიღო“.

ნიკიტა ხრუშჩოვის შემდეგ საუბარს ედუარდ შევარდნაძეთი გავაგრძელებ. იცით თუ არა რომ „ვარდების რევოლუციის“ დღეებში ამ პიროვნებამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება საკუთარი მეუღლის რჩევით მიიღო. სიტყვას ბატონ ედუარდს გადავცემ.

„რაც შეეხება ჩემი პრეზიდენტობიდან წასვლას. ნანულიმ იცოდა, რომ ასე მოხდებოდა. კიდევ ერთხელ გავიხსსენებ იმ დღეს.

გავხსენი სხდომა, სიტყვით გამოვედი. არ მაცალეს დამთავრება. შემოიჭრნენ და დაიკავეს ჩემი ადგილი პრეზიდიუმში. სასწრაფოდ გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. მთავარსარდალი ვიყავი, ჯარი, პოლიცია მე მემორჩილებოდა. ჩავჯექი მანქანაში. სახლში მივდიოდი და ვფიქრობდი, კი გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ხვალ შეიძლება შეჯახება მოხდეს და სისხლი დაიღვაროს-მეთქი.

ნანული უკვე ავად იყო. მივედი სახლში და მეუბნება, კარგად ვიცი, რა არის საგანგებო მდგომარეობა, სისხლი გინდა დაღვაროო. ვუთხარი, ნანული, რატომ გგონია, შენ ფიქრობ და მე არ ვფიქრობ. ამაზე უკვე ვიფიქრე და გადაწყვეტილებაც მივიღე. თუ საჭირო გახდა, გადავდგები. მხოლოდ შენ შეეგუე ამას-მეთქი. ყველანაირ გადაწყვეტილებას შევეგუები, გარდა სისხლისღვრისაო.

მეორე დღეს დავიბარე ოპოზიცია. პირველმა ზურამ დაიწყო. ყველაზე მეტად მას უჭირდა, ცრემლებიც კი შევნიშნე მის თვალებში. რვა წელი ვიმუშავე თქვენთან და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ძნელი სათქმელია ჩემთვის ეს, მაგრამ ყველაზე მშვიდობიანი და უკეთესი თქვენი გადადგომა იქნებოდაო. მაშინ დროს ნუღარ დაკარგავთ, ახალგაზრდები ხართ, ნიჭიერები და აბა, თქვენ იცით-მეთქი“.

„ახალგაზრდები“ და მათი „მიშიკო“ ლიდერი ქვეყნის სათავეში კი მოვიდნენ, მაგრამ საქართველოს რა ხეირიც დააწიეს, ეს დღეს ყველამ შესანიშნავად იცის. ისე, იმ თბილისურ საღამოს ქალბატონ ნანულის მეუღლისთვის გადადგომა რომ არ ერჩია, საინტერესოა ბოლო ათწლეულის საქართველოს ისტორია როგორ წარიმართებოდა.