ბიგოსი ეს არის პოლონელების ეროვნული კერძი (ლიტვური წარმოშობის) რითაც ისინი თავს ისევე იწონებენ, როგორც ჩვენ საცივით. ყველა ოჯახს ამ კერძის კეთების თავისი საიდუმლოება გააჩნია და ასე ადვილად არ გაგიმხელენ, მაგრამ არსებობს, ძირითადი და ზოგადი რეცეპტი.
წვრილად დავჭრილი ნედლი და მჟავე კომბოსტო წიწაკით, მარილით, დაფნის ფოთლითა და სოკოსთან ერთად დიდხანს უნდა ითუშებოდეს ( 2-3 საათი). ლორი დავჭრათ და ოდნავ გავადნოთ ტაფაზე და ამ ცხიმში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ხორცი და ძეხვი.
მოთუშულ კომბოსტოს ზედმეტი წვენი გადავუწუროთ და ამ მოხრაკულ ხორცს დავაყაროთ. დავამატოთ შავი ქლიავის ჩირი და ისევ გავაგრძელოთ მოთუშვა იმდენ ხანს სანამ საჭირო იქნება. უმჯობესია, თუ შესვენებებით რამოდენიმე დღის განმავლობაში. ამ დროს კარგია თუ მშრალ წითელ ღვინოს მოვასხამთ ხოლმე. მზა კერძს პიკანტური სუნი უნდა ჰქონდეს - ოდნავ მოტკბო-მომჟავო და მძაფრად უნდა იგრძნობოდეს შავი ქლიავისა და შებოლილი ლორის სუნი.
ძველპოლონური ტრადიციით ბიგოსის გემოს გაკეთილშობილების მიზნით სულ ბოლოს უნდა დაემატოს ერთი კოვზი (დიდ ქვაბზე) თაფლი ან ტკბილი ღვინო. ზოგიერთი უმატებს ასევე ძირას და ქონდარს. ბიგოსს მიირთმევენ შავი ან თალხი პურით.
ბიგოსი იმ იშვიათ კერძებს მიეკუთვნება, რომლებიც მრავალჯერად გაცივება-გაცხელებით გემოს კი არ კარგავენ, არამედ იუმჯობესებენ. გაცხელების დროს მშრალი წითელი ღვინის დამატება არ დაგავიწყდეთ.
ინგრედიენტები:
2 კგ თეთრი კომბოსტო,
2 კგ თეთრი მჟავე კომბოსტო,
1 - 0,5 კგ ღორის ხორცი,
1 - 0,25 კგ ძეხვი,
ცოტაოდენი ტყის სოკო,
შავი წიწაკის მარცვლები (დაუფქვავი),
მარილი,
დაფნის ფოთოლი,
ძირა,
ქონდარი,
0.25 კგ ხახვი,
შავი ქლიავი (ჩირი),
1 - 0,5 კოვზი თაფლი.