დედაქალაქის საკრებულო თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელ სევდია უგრეხელიძეს პროექტის - "თბილისის ადვოკატი" თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დავით ჯინჭარაძემ აღნიშნა, მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი "თბილისის ადვოკატი" საკანონმდებლო ორგანოს 3 მაისის ბიუროს სხდომაზე არ დამტკიცდა.
მისი თქმით, "თბილისის მერია ამგვარი უპასუხისმგებლო პროექტების მეშვეობით "თბილისის ადვოკატისთვის" გათვალისწინებული თანხების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, რაც ყოვლად მიუღებელია".
"დედაქალაქის მერიას დღეს კვლავ უფლებაშეჩერებული მერი, ბრალდებული გიგი უგულავა მართავს და სწორედ მის მსგავსად მოქმედებს ამჟამინდელი მერის მოვალეობის შემსრულებელიც", - აღნიშნა ჯინჭარაძემ.
მან მერიას კონკურსის ჩატარებისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ აუცილებელია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიეცეთ საშუალება, განახორციელონ პროექტი.
საკრებულოს ოქმი და დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიას ხვალ გადაეგზავნება.