უჩა ჩაჩხიანი და ჯგუფი „69“ -  ტრიუმფალური სვლა მზისკენ

უჩა ჩაჩხიანი და ჯგუფი „69“ - ტრიუმფალური სვლა მზისკენ

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისის საქართველო, რომ განსაკუთრებული კვლევის საგანია და რომ მომავალში კიდევ ბევრ რამეს შევიტყობთ, თუ რას ვფიქრობდით მაშინ და ვინ ვართ დღეს, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ იმ ეპოქამ ანტიგმირების უმრავლესობასთან ერთად, გმირებიც რომ დაგვიტოვა, რომლებიც თავადვე შეიწირა ამ პიროვნებების შეუპოვრობის, სიმართლის, ადამიანური სისუსტეებისა თუ გნებავთ სისპეტაკის გამო, ესეც ფაქტია.

მათ შორის არიან ისინიც, ვინც არასოდეს შეხებია პოლიტიკას, საზოგადოებაში ძალით ანგაჟირებულ თემებსა და იმ სიმახინჯეს, რასაც წლების განმავლობაში თავს ახვევენ ადამიანებს.

ასეთი ადამიანები ერთი შეხედვით თითქოს იზოლაციაში ცხოვრობენ, რადგან მათი ფასეულობები ძალზედ შორს დგას იაფფასიანი ტელეშოუებისა თუ პოლიტიკური ძიძგიალობისაგან, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ისინი არიან ქართველები, ამ ქვეყნის ჭეშმარიტი შვილები, ფული მათი ცხოვრების ამოსავალის წერტილი არ არის და აქედან გამომდინარე... მენტალურ იატაკვეშეთში ანუ „ანდერგრაუნდში“ ცხოვრობენ...

თუკი განვითარებულ ქვეყნებში მენტალურ ანდერგრაუნდს ადამიანები ძალით იქმნიდნენ - გრეის სლიკი სახლიდან გარბოდა, რომ ჰიპების კომუნაში ეცხოვრა, მორისონი ფიქრობდა, რომ მის პოეზიას 200-მილიონიან ამერიკაში ისე კარგად ვერ გაიგებდნენ, როგორც საფრანგეთში, სადაც გარდაიცვალა და დაკრძალულია კიდევაც, საქართველოში - ჰა ბურთი და ჰა მოედანი პროტესტის გამოხატვის მსურველი ადამიანებისთვის.

ამ მხრივ პოეტს, მომღერალსა და კომპოზიტორ უჩა ჩაჩხიანს გამზადებული ველი  დახვდა შემოქმედებისათვის, სხვა მხრივ კი... სიცივე, უფულობა, უშუქობა, რაც არ ჰქონიათ მის დასავლელ კოლეგებს ჯიმი ჰენდრიქსით დაწყებული, რობერტ პლანტითა თუ როჯერ უოტერსით დამთავრებული.

იგი 1968 წელს დაიბადა, 27-ანელთა კლუბს 10 წლით გადააჭარბა და ქართული როკ მუსიკის მოყვარულთ დაუტოვა თავის ჯგუფ „69“-თან ერთად ჩაწერილი ორი ალბომი, რამდენიმე შთამბეჭდავი პროექტი, კლიპები და კიდევ სავარაუდოდ აურაცხელი მასალა, რომელსაც ის აუცილებლად გამოაქვეყნებდა...

ჯგუფი „69“ 1989 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა. სახელწოდება ვუდსტოკის ფესტივალის გამართვის თარიღს უკავშირდებოდა. 9 აპრილით ნაიარევი მაშინდელი საქართველო ჯერ კიდევ ერთიანი ეროვნული სულისკვეთებით ცხოვრობდა, ხოლო როკ მუსიკა თავისი პირდაპირობითა და უკომპრომისობით, მრავალი ახალგაზრდისთვის ქართველობისა და გნებავთ სულიერების გამოხატულების საშუალებად იქცა.

ამისი ნათელი დადასტურებაა ჯგუფ „69“-ის სადებიუტო ალბომი „ტრიუმფალური სვლა მზისკენ“. უჩა ჩაჩხიანი აქ უკლებლივ ყოველი სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორია. ვოკალის პარტიას იგი ბას-გიტარაზე დაკვრასაც უთავსებდა. მის გარდა ალბომის ჩაწერაში კიდევ ოთხი მუსიკოსი მონაწილეობდა: კოტე ფალავანდიშვილი (კლავიშები), ნუგზარ თუხარელი (დასარტყმელი ინსტრუმენტები) და გიტარისტები ირაკლი (ბაკუნა) ნოზაძე და გია თაბუკაშვილი. ეს ორი უკანასკნელი უკვე დიდი ხანია, რაც საზღვარგარეთ განაგრძობს მუსიკალურ მოღვაწეობას.

პირველივე სიმღერა „ანას“ გვაოცებს ლამაზი სიტყვათწყობით, გნებავთ პოეზიითა თუ გულჩათხრობილი რომანტიზმით, რაც საერთოდ უჩას ტრიუმფალური სვლის განუყრელ ნაწილად იქცა, როგორც სცენაზე, ისე პირად ცხოვრებაში, რომელსაც ბედნიერება არასოდეს ეწერა...  

„მე დავწერ ზღაპარს, ზღაპარს ვუამბობს ქარს, ვიღაც დგას და მიყურებს მთვრალს, ალბათ ბევრს უკვე ვაბეზრებ თავს, მე ვხატავ ქალაქს, დავხატავ ლამაზ სახლს, ლამაზ ქალს და ბედნიერ ბავშვს და ვიღაც სხვას და ისევ მთვრალს...“

ესაა პირველი სიტყვები ამ ალბომის გამხსნელი კომპოზიციისა, რომლის დამაბოლოვებელი ნაწილი მისამღერის ხასიათით The Beatles-ის Hey Jude-ს  მოგვაგონებს; თუმც ისევე, როგორც მთელი სიმღერა, ეს ხანგრძლივი ეპიზოდიც პროგრესივ არანჟირებით გამოირჩევა.

„ტრიუმფალური სვლა მზისკენ“ იმთავითვე ერთადერთი რადიოსადგურის ჰიტად იქცა დარეჯან გულიაშვილის შესანიშნავ გადაცემაში „როკი ნაშუაღამევს“. პოპულარობით ალბომიდან კი „მე ვერ ვიტან ქალს“ გამოირჩეოდა, რომელიც ექვსი (!) თვის განმავლობაში ჰიტ აღლუმში პირველ ადგილზე იმყოფებოდა. გარდა ამისა, ამავე პერიოდში, ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ორ გალა-კონცერტში, რომელიც თბილისის საჯარო ბიბლიოთეკასა და სპორტის სასახლეში გაიმართა.

ალბომი გვაკვირვებს მდიდრული ორკესტრული არანჟირებით იმ პირობების გათვალისწინებით, რა დროსაც იგი იწერებოდა. უჩა თავისი ურთიერთობებით, კომუნიკაბელურობით ყოველთვის ახერხებდა რეპერტუარის გასამრავალფეროვნებლად სხვადასხვა მუსიკოსების მოწვევას.

მისთვის ხომ ქუჩაც სახლივით იყო და ასეთი გაქანების მუსიკოსისა და პიროვნების ხილვა ქალაქის ყველაზე ბურუსით მოცულ პერიფერიებშიც შეიძლებოდა, სადაც იგი ჰქმნიდა 90-ების ვირტუალურ ლამაზ ქალაქს „მამის იავნანას“ მსგავსი თბილი და მელოდიური სიმღერებით...

The Beatles ხშირად შეიგრძნობა უჩას სიმღერებში, მაგრამ ეს  მხოლოდ ალამაზებს მის ქართულენოვან რეპერტუარს, რომელიც აღსავსეა პროგრესივ როკის ელემენტებით. ასეთი სიმღერაა „ქორწილის დღეს“, რომელიც „მე ვერ ვიტან ქალს“-ის შემდეგ განმტვირთველის ფუნქციას კისრულობს.

უჩვეულოდ თანაბარი ალბომიდან, რომლიდანაც ძნელია რომელიმე სიმღერის გამოყოფა, ყურადღებას მისი ოთხი სიმღერისაგან შემდგარ დამაბოლოვებელ ნაწილზე გავამახვილებდით. „მე მინდა შენთან“, „სიცოცხლის აღქმას“, „მამის იავნანა“ და „ტრიუმფალური სვლა მზისკენ“ თითქოს ალბომის ხელახალი მოსმენისკენ გვიბიძგებს.

სინამდვილეში კი „69“ 1995 წლამდე 5 წლით დაიშალა... უჩა ჩაჩხიანის ჯგუფის  ახალწვეულები იყვნენ ბას გიტარაზე დათო მიმინოშვილი, დრამზე ჯერ ნუგზარ თუხარელი, ხოლო შემდგომში მისი შემცვლელი მინდია გაბაშვილი და გიტარისტი და მომღერალი ზაზა სახამბერიძე.

მეორე ალბომში „ჩვენი ცა“, რომელიც 2001 წელსაა გამოცემული და მთელი ხუთი წლის ნამუშევრის შედეგია, „69“-ს ოფიციალურად სამი წევრი უჩა ჩაჩხიანი, მომღერალი ლიკა ჩაჩხიანი და ზაზა სახამბერიძე წარმოადგენენ. ხელწერა უცვლელია, რეპერტუარი კი „ტრიუმფალური სვლა მზისკენ“-ის მსგავსად მრავალფეროვანი და თანაც დროდადრო ჯაზ როკის ელემენტებით.

ბოლო წლებში უჩა ნინო ბედიანიძის პროექტში „სასტუმრო დრო“ ღებულობდა მონაწილეობას. მან ასევე დატოვა ნუკრი აბაშიძესთან ერთად ჩაწერილი 2 დაუმთავრებელი კომპოზიცია...

წერილის ბოლოს უჩას პორტრეტის უკეთ წარმოსაჩენად ერთ ეპიზოდს გავიხსენებდი. რადიო „მწვანე ტალღის“ ფლეილისტში მან თვალი მოჰკრა საკუთარ სიმღერას „მამის იავნანა“, რომელიც ჯონ ლენონის Jealous Guy-ს მოსდევდა. სასწრაფოდ ამოიღე, ლენონის მერე, როგორ ჩამსვიო… ასე მითხრა უჩამ. მეც ამოვიღე, ოღონდ რა თქმა უნდა დროებით.

მალე უჩა გარდაიცვალა და ეს მოხდა 2006 წელს, თანაც ორიოდე კვირით ადრე ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და რამდენიმე მეგობრის თანადგომითა და დაჟინებითი რჩევით, ფაქტობრივად გადაწყდა მომდევნო ალბომზე მუშაობა. სამწუხაროდ არაერთ საინტერესო იდეას განხორციელება არ ეწერა, რადგან უჩას თურმე მზისკენ ტრიუმფალური სვლა გადაეწყვიტა...