კამპანიას „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ მონაწილეებმა დაანონსეს, რომ იწყებენ აქციას „ერთი საათი მოსმენების გარეშე“. აქცია ფარული მიყურადებისა და უკანონო მოსმენების წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტში მიღებამდე, ყოველ პარასკევს, 13:00 დან 14:00 საათამდე ტელეფონების გამართვას გულისხმობდა. ამ კამპანიის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ყოველ პარასკევს, ერთი საათის განმავლობაში გამორთავდნენ მობილურ ტელეფონებს.
„მოქალაქეებს, რომლებსაც არ გსურთ ფარული მიყურადებისა და მოსმენების დანერგილი პრაქტიკის გაგრძელება და გინდათ შეცვალოთ მოქმედი კანონმდებლობა, გთავაზობთ, პარასკევს 13:00 საათზე, ცოტა ხნით, ტელეფონის გამორთვით ჩაერთოთ ჩვენს აქციაში და ჩვენთან ერთად მოითხოვოთ საკანონმდებლო ცვლილებების მიღება“, - ასე მოუწოდეს ორგანიზატორებმა საზოგადოებას.
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტებს პარლამენტი პირველი მოსმენით, 15-16 მაისამდე მიიღებს. შესაბამისად, ამ კამპანიის ორგანიზატორებს, წესით, მობილური ტელეფონები გამორთული უნდა ჰქონოდათ. თუმცა, აქციის არც-ერთ ორგანიზატორს მობილური ტელეფონი გამორთული არ ჰქონდა.
For.ge. 13:19 სთ-ზე დაუკავშირდა ა-ო „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ლომჯარიას, მას მობილური ტელეფონი ჩართული ჰქონდა, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. 13:22 სთ-ზე ტელეფონი ჩართული ჰქონდა ა-ო „საერთაშორისო გამჭვირვალება საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს, რომელმაც ასევე არ უპასუხა ჩვენს სატელეფონო ზარს. ტელეფონი ჩართული ჰქონდა და უპასუხა საიას თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ, ჩვენ მას 13:23 წუთზე დავურეკეთ.
ტელეფონი ჩართული ჰქონდა ამ აქციის კიდევ ერთ-ერთ ორგანიზატორს, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს ქეთი ხუციშვილს, რომლის განცხადებით, საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პარალამენტში შიეტანეს, უკვე იქცა საკანონმდებლო ინიციატივად. ამის ფონზე მისთვის სრულიად გაუგებარია როგორ შეიძლება პრემიერი ამას ანტისახელმწიფოებრი და ძირგამომთხრელ საქმიანობად მიიჩნევდეს. მისივე თქმით, მითუმეტეს, რომ ამ კანონპროექტს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ აქვს.
For.ge-ს კითხვაზე რატომ ჰქონდა მას ტელეფონი ჩართული, როდესაც, წესით, გამორთული უნდა ჰქონოდა, ხუციშვილმა ასე გვიპასუხა: „ვაიმეეე... ეს უკვე დამავიწყდა. იმდენი რამე ხდება, რომ კარგად გამომიჭირეთ. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და ამიტომაც დამავიწყდა გამორთვა, ძალიან დროული იყო“, - გვითხრა ქეთი ხუციშვილმა.
ამ აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუშია, რომელსაც ასევე კავშირზე იყო. კითხვაზე რატომ ჰქონდა მას მობილური ტელეფონი ჩართული, ტუღუშმა ასე გვიპასუხა: „ეს მაშინ ვთქვით. აქცია როდესაც იყო, მაშინ გამოვრთე ტელეფონი. ბევრმა მისაყვედურა, საქმე ჰქონდა“, - უთხრა for.ge-ს ლაშა ტუღუშმა.
ხუციშვილისა და ტუღუშთან საუბრის შემდეგ for.ge. ისევ დაუკავშირდა ნინო ლომჯარიას, კახა კოჟორიძეს, რომლებსაც ტელეფონი ისევ ჩართული ჰქონდათ, თუმცა სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. რაც შეეხება ეკა გიგაურს, 13:45 წუთზე მას მობილური ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა.
თავისთავად საინტერესოა რატომ არ იყვნენ ორგანიზატორები მათ მიერ დაანონსებულ აქციაში „ერთი საათი მოსმენების გარეშე“ ჩართულები. როგორც ცნობილია კამპანიის „ეს შენ გეხება!“ „ისევ გვისმენენ!“ ფარგლებში ჩატარდა რამოდენიმე აქცია, მათ შორის ტელეკომპანიის ფარგლებში აქტიურად გადის სოციალური რეკლამის სტატუსით კომპანიის მიერ მომზადებული ვიდეორგოლები. ვიდეორგოლს ტელეკომაპნია „რუსთავი 2“ სოციალური სტატუსით აშუქებს.
რაც შეეხება ბეჭდურ მედიას, კომპანიის რეკლამა გათავსებულია საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსში“ და ინტერნეტ გაზეთ „ნეტგაზეთში“, თუმცა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სგან განსხვავებით რეკლამა აქ ფასიანია. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში“ აცხადებენ, რომ არჩევანი ამ ორ ბეჭდურ მედიაზე იმიტომ შეაჩერეს, რომ მათი დიდი ხნის პარტნიორები არიან და პლუს ამას, ყველაზე კითხვადები არიან.
კითხვაზე, რითი ხსნით, რომ „რუსთავი 2“-სგან განსხვავებით, პარტნიორმა გამოცემამ ეს რეკლამა სოციალური სახის რეკლამად არ გააშუქა, ქეთი ხუციშვილი განმარტავს:
„სასაცილოა როდესაც ასობით ათას ლარზე ლაპარაკობენ. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ დღეისთვის ჩვენს ფონდს დაახლოებით 9 ათასი დოლარი აქვს დახარჯული. ჩვენს პარტნიორს „საერთაშორისო გამჭვირვალეობას“ დაახლოებით ამდენივე აქვს დახარჯული. მათ ამაზე გრანტი აქვთ, ჩვენ გვაქვს როგორც ოპერაციული პროექტი. ტელევიზიებს რაც შეეხება ზოგმა მიიღო როგორც სოციალური რეკლამა, ვინც არ მიიჩნია სოციალურ რეკლამად, იქ მოგვიწია გადახდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ქეთი ხუციშვილმა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძის თქმით, აქციის ორგანიზატორთა მხრიდან, მათ მიერვე დაანონსებული აქციის იგნორირება ღიმილის მომღვრელია. მიზეზი, ალბათ, მარტივია - „ტელეფონი რომ გამორთო, შენ გექმნება დისკომფორტი, მაგრამ სხვას რომ ამისკენ მოუწოდო მარტივია“.
„საკუთარი თავისთვის დისკომფორტის შექმნა რთულია. ის, რომ ტელეფონი ისმინებოდა, ამას ტელეზორით წინა ხელისუფლების დროს ვხედავდით. ტელევიზორში გადასცემდნენ მოსმენილ ტექსტს. დღეს ასეთი გასაჯაროვება იმისა, რომ ჩვენ ვუსმენთო, არ ხდება. რა კრიტერიუმი გვაქვს იმისა, რომ ისმინება? მხოლოდ ის, რომ მოსმენის შესაძლებლობა არის? - ეს საკმარისი არაა.
ამიტომ, ან რაღაცა ფაქტები უნდა დაგროვდეს ამის დამადასტურებელი, ოღონოდ ცოტა უფრო სერიოზული, ვიდრე ეს ერთ-ერთმა პარლამენტარმა ექსპერიმენტის სახით გააკეთა, ან უნდა შემუშავდეს კრიტერიუმები, რითი მოწმდება, ისმინება თუ არ ისმინება. ეს უკვე საქმიანი დამოკიდებულება იქნება. საქმიანზე არ მივდივართ და მარტო ვამბობთ, რომ - ისმინება. ამას საზოგადოების ნახევარი დაიჯერებს, მეორე ნახევარი - არა. ასე რომ, ინიციატორებს რაღაცა კრიტერიუმები უნდა დაედოთ იმისა, რომ ტელეფონები ისმინება და მერე უნდა ეთქვათ, რომ აი, ამ კრიტერიუმის მიხედვით ისმინება. მხოლოდ დაძახება იმისა, რომ ისმინება, ან შეიძლება ისმინებოდეს, საკმარისად არ მეჩვენება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი ბექა ნაცვლიშვილი კი არ გამორიცხავს, რომ კამპანიის ორგანიზატორთა ზოგიერთ ნაწილს პოლიტიკური მიზნები ჰქონდეთ და ამ კუთხით აწარმოებენ გარკვეული სახის პოლიტიკურ კამპანიას.
„როდესაც სხვას ეუბნები, რომ გამორთე ტელეფონი და ამ დროს, თვითონ არ გაქვს გამორთული, ცუდია. ხელს ვერ დავადებ, რომ ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ან მათი მხარდამჭერი, დარწმუნებული ვარ, რომ არ არიან, მაგრამ შეიძლება თვითონაც ზოგიერთს აქვს პოლიტიკური მიზნები და შესაბამისად, აწარმოებენ გარკვეული სახის პოლიტიკურ კამპანიას.
რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, რა თქმა უნდა, ამ რეკლამას უფასოდ გაუშვებს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველანაიარად ცდილობს ჩირქი მოსცხოს ხელისუფლებას იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტული ორგანოა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ბექა ნაცვლიშვილი.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ ეს კამპანია უფრო საკითხის იმიჯრეინტინგის კუთხით იყო წარმოებული და ბუნებრივია, რომ ყურადღება პირველი პერიოდი უფრო მეტად იყო.
„იმ პერიოდში უფრო მეტად იყვნენ თავად ავტორებიც ჩართულები და უფრო ყურადღებით იყვნენ ამ საკითხისადმი. ამან თავისი საქმე შეასრულა, რაღაც ორგანიზაციები გაერთიანდნენ რაღაც მოსაზრების ქვეშ. შემდგომ პერიოდში კი თავად კამპანიის შინაარსი ნაკლებად აქტიური გახდა.
პირადად მე არც მქონია და არც მაქვს ილუზია, რომ არავინ არ ისმინება და ეთიკური ნორმის ფარგლებში იქცევა სახელისუფლებო ინსტიტუტები, მაგრამ ის მოცემულობა, რითაც დაადგინეს, რომ ტელეფონები ისმინება, ამის მტკიცებულება არ მაქვს. ამიტომ მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ ტენდენციების ანალიზით არც გამოვრიცავ, რომ ასეც იყოს. ვფიქრობ, რომ ცოტა ზედმეტად აქცენტირებული გახდა საკითხი“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.
მისი თქმით, საზოგადოების ნაწილს ვინც არ ეთანხმება ამ კამპანიას, ბუნებრივია, რომ თავისი ასოციაცია გაუჩნდებოდა, ხომ არ აქვს რაიმე კავშირი ამ არასამთავროებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწეულ კამპანია.
„არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ზედმეტი მოწადინება გამოხატეს საკითხის მიმართ და რაკიღა მათი სამიზნე უშუალოდ პრემიერ-მინისტრი გახდა, ამიტომ, შესაძლოა, საზოგადოების ნაწილმა ეს კიდეც აღიქვას არა როგორც საკითხის მიმართ კრიტიკული და ნეგატიური გამოხატულება, არამედ ვარაუდი, იმისა - ხომ არაა ეს პირადად პრემიერის იმიჯზე ზემოქმედება, ან პრემიერის იმიჯის გაფუჭებაზე ორიენტირებული.
მითუმეტეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ეს უკვე კარგად ორგანიზებული კამპანიით არის წარმოდგენილი, ვგულისხმობ პრემიერის „ჰაკიმ ფაშათი“ მოხსენიებას. მახსოვს როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ყველას გვირჩევდნენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი რაც უნდა მიუღებელი იყოს ჩვენთვის, მის მიმართ კორექტულად გამოვხატოთ ნეგატივი და კრიტიკული შენიშვნა. ახლა თვითონვე უარყოფენ და საკმაოდ არაეთიკური ფორმით გამოდიან თავიანთი ოპონენტების მიმართ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდია.