რა მოელით უატესტატო მოსწავლეებს?!

რა მოელით უატესტატო მოსწავლეებს?!

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე სასკოლო საატესტატო გამოცდებებს ვერ ჩააბარებს? ის შეიძლება მე-12 კლასში ჩატოვონ და სწავლის წლიური საფასური გადაახდევინონ. უკეთეს შემთხვევაში კი, ბედის ანაბარად დატოვონ და სერტიფიკატთან ერთად, მომავლის იმედი აკმარონ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ მოსწავლე საატესტატო გამოცდებს ვერ ჩააბარებს, ის სკოლაში აღარ ივლის და მას აქვს შესაძლებლობა, გამოცდები მეორე წელს გადააბაროს. ექსპერტები კი ეჭვობენ, რომ გამოცდების ჩაუბარებლობის გამო უატესტატოდ დარჩენილი ბავშვი მე-12 კლასში ჩარჩება, ოღონდ თავად მოუწევს სწავლის დაფინანსება, ანუ დაახლოებით 420 ლარის (ანუ იმდენს, რამდენსაც ვაუჩერის სახით სახელმწიფო უხდის 12 წლის განმავლობაში მოსწავლეს) გადახდა.

მოკლედ, საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით კვლავაც დიდი გაურკვევლობაა. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, აკადემიკოსი ზურაბ ვახანიაც თვლის, რომ სემესტრული გამოცდები აუცილებლად უნდა აღდგენილიყო, მაგრამ არა მე-11-12 კლასელებისთვის. მისი აზრით, საატესტატო გამოცდის ჩაბარებას ბევრი ვერ შეძლებს.

“თუ გამოცდები არ გაყალბდა, მათ 20-30%-ზე მეტი ვერ ჩააბარებს, ანუ ატესტატს სკოლადამთავრებულთა მხოლოდ ეს ნაწილი აიღებს. გაყალბებას კი არ მოველი, რადგან ამ მხრივ სასყვედუროს ვერაფერს ვიტყვი გამოცდების ეროვნულ ცენტრზე, რადგან რაც გამოცდები ჩატარებულა (აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდები თუ მასწავლებელთა სერტიფიცირება), გაყალბება საერთოდ არ ყოფილა. თუკი ტესტების ნიმუშები გაამარტივეს, შესაძლოა, ბევრმა მოსწავლემ აიღოს, მაგრამ თუ ნიმუშები როგორიც არის, ისეთი ტესტები იქნა, ბევრი ნამდვილად ვერ ჩააბარებს. იმას კი არ ვამბობ, რომ ტესტები რთულია, პირიქით, ადვილია და რაც ამ ტესტებშია, ნამდვილად უნდა იცოდეს სკოლადამთავრებულმა. თუიცა,ამ ადვილისთვისაც კი არ არიან სკოლადამთავრებულები მზად, რადგან არ უსწავლებიათ.

მე არ ვიცი, ეს ვის დავაბრალო - მოსწავლეს თუ მასწავლებელს.  როცა არ უსწავლებიათ და ტყუილად ათიანებს უწერენ, მგონი, ბავშვის ბრალი არ უნდა იყოს; ანუ სისტემაა გაუგებრად მოწყობილი”, - ამბობს ზურაბ ვახანია.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლადამთავრებული ატესტატის მიუღებლობის შემთხვევაში მე-12 კლასში არც ჩარჩება და, შესაბამისად, 420 ლარის გადახდაც აღარ მოუწევს. უატესტატო მოსწავლეს სადაც მოესურვება იქ წავა და მომდევნო წელს ატესტატის აღების სურვილის შემთხვევაში, თავიდან ჩააბარებს გამოცდებს.

“იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე საატესტატო გამოცდებს ვერ ჩააბარებს, ის სკოლაში აღარ ივლის. მას აქვს შესაძლებლობა, გამოცდები მეორე წელს გადააბაროს. თუმცა, სკოლადამთავრებული მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს, რომ 12 წელი სკოლაში სწავლობდა”, - აცხადებენ სამინისტროში.

ერთი სიტყვით, სკოლებში ექსპერიმენტებს ბოლო არ უჩანს და ეს ექსპერიმენტები მხოლოდ გამოცდებს არ შეეხება. ახალთახალი ინიციატივებია ყველგან. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში ორი უცხო ენის სწავლებაა სავალდებულო. პირველი კლასიდან ინგლისური ენის სწავლება სავალდებულო იქნება, მეორე უცხო ენის სწავლება კი მე-7 კლასიდან დაიწყება. თუ რა ენა ისწავლება სკოლაში მეშვიდე კლასიდან, ამას სკოლა გადაწყვეტს. 

სკოლის მოსწავლის გაცდენები კი მის წლიურ ნიშანზე აისახება.  იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე გაკვეთილების გარკვეულ რადენობას არ დაესწრება, მის წლიურ ნიშანს 20% მოაკლდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე აცხადებს, რომ მოსწავლის ნიშნის მეხუთედს იმ შემთხვევაში დაკარგავს, თუ მან სემესტრის 1 - 4 გააცდინა. 

მაგალითად, თუ ბავშვს ამა თუ იმ საგანში 10 ქულა აქვს, დაგროვილი გაცდენების გამო, საბოლოოდ 8 გამოჰყვება. თუ მოსწავლეს ეს დაკლებული ნიშანი არ აკმაყოფილებს, წლის ბოლოს გამოცდა უნდა ჩააბაროს. თუ გაცდენების რაოდენობა 43-ს გადასცდა, მოსწავლეს გამოცდის ჩაბარება, უნდა თუ არა, აუცილებლად მოუწევს.