23-ე ბატალიონმა სამოქმედო არეალი სრულად გადაიბარა

23-ე ბატალიონმა სამოქმედო არეალი სრულად გადაიბარა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „ლეზერნეკზე“ ქართული ბატალიონების უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონმა II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონს სამოქმედო არეალი უკვე სრულად გადააბარა.

23-ე ბატალიონი ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „ლეზერნეკზე“ 6 თვის განმავლობაში შეასრულებს ISAF-ის მისიას. ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მთავარი ამოცანა ამბოხებულთა ძალების გაუვნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზონების კონტროლი და აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობა იქნება.

გადაბარების ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყო „რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის“ მეთური, ბრიგადის გენერალი დანიელ იო, ტაქტიკური დაჯგუფება „ბელავუდის“ მეთაური პოლკოვნიკი პიტერ ბაუმგარტენი და ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური, (IJC Commander) გენერალ-ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი.

III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის მიერ გაწეული სამსახური სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელობის მიერ წარმატებულად შეფასდა. 31-ე ბატალიონმა სამოქმედო არეალში ჩატარებული სხვადასხვა სამხედრო და ჰუმანიტარული ღონისძიებების შედეგად საგრძნობლად შეზღუდა მოწინააღმდეგის მოქმედებები, გააუმჯობესა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება, გაზარდა მათი ნდობის ხარისხი, როგორც კოალიციური ძალების, ასევე ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისა და ადგილობრივი მთავრობისადმი.

ავღანეთში ჩასვლამდე, ნატო–ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად 23-ე ბატალიონმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. ქვედანაყოფი მომზადდა სრული სპექტრის ოპერაციების ჩასატარებლად: მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები და ადგილობრივ მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს. ბატალიონის პირადი შემადგენლობა  გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნულ მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა.