„დავიღალეთ ლიბერალებითა და კონსერვატორებით, გაუმარჯოს მემარცხენეობას!“ - ეს მოწოდება დღეს შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქციის მონაწილეებმა მეგაფონით გაახმაურეს. ათამდე ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მშრომელებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მათი უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
სხვადასხვა ტიპის მუსიკალური საკრავებით, წითელი, მწვანე, ლურჯი, თეთრი დროშებითა და საპროტესტო პლაკატებით საპირველმაისო აქცია უნივერსიტეტის 1-ელი კორპუსის წინ დაიწყო, „ვარდების მოედანზე“ გაგრძელდა და პარლამენტის შენობის წინ დასრულდა.
შრომის საერთაშორისო დღეს ახალგაზრდებმა აქცია თბილისის გარდა ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშიც გამართეს.
„საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა უმუშევარია, ან - იმყოფება საშინელ სამუშაო პირობებში. ჩვენი აქცია, ერთი მხრივ, მათდამი სოლიდარობაა, მეორე მხრივ, ესაა ახალგაზრდული ხმის გაჟღერება - ვაპირებთ ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლას და ვფიქრობ, 1-ელი მაისი იქნება ჩვენი გამარჯვების დღე“, - უთხრა For.ge-ს სანდრო ცაგარელმა, რომელიც „ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენელია და სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართულ აქციას მეგობრებთან ერთად უწევდა ორგანიზებას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა სოციალისტების“ საერთაშორისო მდივანმა გიგა ჭკადუამ კი ჩვენთან საუბარში მშვიდობიანი აქციის მოთხოვნებზეც ისაუბრა.
„გვინდა, რომ დღევანდელი დღე უქმედ გამოცხადდეს, როგორც ეს არის ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე ვითხოვთ, დასაქმებულთათვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას, საპენსიო სისტემის რეფორმას, სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას. დღეს კაზრეთში, RMG gold-სა და სხვადასხვა საწარმოებში დასაქმებულ ადამიანებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა - მაღაროში რომ ჩადიან, არ იციან, იქიდან ცოცხლები ამოვლენ თუ არა და მიზერულ ანაზღაურებას, დღეში 5-10 ლარს იღებენ. ასეთ პირობებში კი იმიტომ მუშაობენ, რომ ალტერნატივა არ აქვთ. ახალი შრომის კოდექსი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ იქაც არის ხარვეზები. წერია, რომ დასაქმებულ ადამიანს იოლად ვერ გაათავისუფლებ, მაგრამ ცალკე პრობლემაა სამუშაო პირობები“,- უთხრა For.ge-ს გიგა ჭკადუამ.
უნივერსიტეტის წინ შეკრებილმა ახალგაზრდებმა სპეციალური მიმართვა წაიკითხეს და სხვადასხვა საწარმოში დასაქმებულ მძიმე სამუშაო პირობებში მყოფ ადამიანებს სოლიადარობა გამოუცხადეს.
„ჩვენი სინამდვილე შრომით ურთიერთობებში ჩაგრულ მოქალაქეთა ამოძახილია. ამ ხმის მხოლოდ შორეული ექოები ისმის ჭიათურის მაღაროებდან, დაბა კაზრეთის ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი საწარმოდან, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან, ფინანსური ინსტიტუტების გამჭვირვალე ფანჯრებიდან და სხვა ყველა იმ ადგილიდან, სადაც მშრომელის უფლების შესაძლებლობას დამსაქმებლის უფლება ცვლის, სადაც ერთის თავისუფლება მეორის მონურ მდგომარეობაში ყოფნას გულისხმობს“, - აღნიშნეს ახალგაზრდებმა.
შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ აქციაში მონაწილეობდა პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძემაც. მან For.ge-სთან საუბრისას დასაქმებული და დაუსაქმებელი ადამიანების პრობლემების მიზეზად კაპიტალიზმი დაასახელა.
„ძალიან მნიშვნელოვანი აქციაა, ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან, საოცარი სულისკვეთებაა იმისთვის, რომ იყოს თანასწორი შესაძლებლობების საზოგადოება. დღეს ჩვენ ყველანი ვდგავართ მშრომელ ადამიანებთან და, აგრეთვე, იმ ხალხთან ერთად, რომლებიც უმუშევრად არიან დარჩენილები პარაზიტული სისტემის მიერ,“ - აღნიშნა ირაკლი კაკაბაძემ.
უნივერსიტეტიდან აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით „ვარდების მოედნისკენ“ გაემართნენ. კოკისპირული წვიმისა და სეტყვის მიუხედავად დანიშნულების ადგილზე მივიდნენ და პროფკავშირების წარმომადგენლებს შეუერთდნენ, შემდეგ კი ყველანი ერთად რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ.
„საქართველოს პროფკავშირები 1-ელ მაისს ყოველწლიურად ხალხმრავალი აქციით აღვნიშნავთ, ვითხოვთ, დაცული იყოს მშრომელთა როგორც უფლებები, ასევე ინტერესები. დღევანდელ აქციაში ყველა დარგის წარმომადგენელი მონაწილეობს“, - განუცხადა for.ge-ს ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტმა მანანა დარსაძემ, რომელიც პარლამენტის წინ ხელოვნების სფეროს 100 წარმომადგენელთან ერთად მივიდა.
აქციამდე რამდენიმე საათით ადრე მოქალაქეებს შრომის საერთაშორისო დღე მიულოცა და დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
„ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ცხოვრების ღირსეული პირობები, იმისათვის, რომ მათ თავიანთი შრომით მიაღწიონ წარმატებებს, კეთილდღეობას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან დღეს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის პირველ სხდომას უხელმძღვანელა, რომელზეც სწორედ, შრომითი გარემოს განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.
„ჩვენ გვაქვს შრომის კოდექსი, რომელიც პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. მაშინ, როცა ჩვენ მივისწრაფვით ევროპული ოჯახის ღირსეული წევრობისკენ, ასეთი ცვლილება პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ კანონი ვერ იქნება ჯანსაღი შრომითი ურთიერთობების გარანტი. შრომის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ სპეციალური საზედამხედველო სამსახურის შექმნაზე, რომელიც კიდევ ერთი მექანიზმი იქნება ღირსეული, ჯანსაღი უსაფრთხო შრომითი გარემოს უზრუნველსაყოფად“,- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ახლო მომავალში სრულფასოვნად ამოქმედდება შრომითი დავების მედიაციის ინსტიტუტი, რომელიც მნიშვნელოვნად დახვეწს შრომითი დავების დარეგულირების საკითხს. წელსვე მზად იქნება შრომის ბაზრის ფორმირების სტრატეგია, რომლის საფუძველზეც მოხდება, შრომით ბაზარზე არსებული მოთხოვნის თანახმად, სამუშაოს მაძიებლების შესაბამისი გადამზადება და გამარტივდება მათი დაკავშირება დამსაქმებელთან. ღარიბაშვილმა გადაწყვეტილება 1-ელი მაისის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებითაც მიიღო და ამ მიზნით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრს დავით სერგეენკოს უკვე მიმართა.
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომას მთავრობის წევრები, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ. რუსთაველზე გამართულ აქციამდე სწორედ, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომას ესწრებოდა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილიც.
„პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მყარი გარანტიები მივიღეთ. მან შესაბამისი დავალებები გასცა, რომ შრომის ინსპექცია მოქმედებდეს ამ ქვეყანაში, არა მხოლოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ, უკვე მიღებული კანონმდებლობის იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ჩვენი ნებაა, დასაქმებულთა უფლებები იყოს დაცული. მისასალმებელია, რომ ამოქმედდება მედიაციის სამსახური, რომელიც გაფიცვებამდე, ანუ ვიდრე ქვეყანა დაინგრევა, კონფლიქტში მყოფ მხარეებს და პოზიციებს დააახლოვებს“,- განუცხადა For.ge-ს ირაკლი პერტიაშვილმა.